ბრძანება N 20667-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 20667
23/07/2020
შპს --------------------------- ს
(მის.: ქ. ----------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 23 იანვრის N13693/21-11 და 2020 წლის 7 თებერვლის N27038/21 საჩივრები , შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის N081-440 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2020 წლის 28 იანვრის N081-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ყაზახეთის მოქალაქის საქართველოს რეზიდენტად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ოდენობას. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი უთითებს, რომ ყაზახეთის მოქალაქე ფიზიკურ პირს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მასზე არ ყოფილა გაცემული პირადობის მოწმობა და პასპორტი, რის გამოც მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირისთვის გადახდილი მომსახურების ღირებულება უნდა ჩაითვალოს არარეზიდენტისთვის გადახდილ თანხად და უნდა დაიბეგროს 10%-იანი განაკვეთით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N33218 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე.
ამავე დროს, 2019 წლის 25 ნოემბრის N40813 და 2019 წლის 26 ნოემბრის N41029 ბრძანებით დაინიშნა შპს ----- ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტიური შედეგების გამოყვანის მიზნით). 2019 წლის 27 ნოემბერს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღირიცხა ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 26 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №46474 ბრძანება და №081-440 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს განესაზღვრა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება სულ 178 233.75 ლარის ოდენობით. მათ შორის გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 672 ლარს და საურავი - 36 818.75 ლარს.
2020 წლის 21 იანვარს აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა №18 დასკვნა, სადაც, შემმოწმებელი უთითებს, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, განსხვავდება შემოწმების აქტით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 772 ლარი) და ამონაკრებით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 672 ლარი) დარიცხული თანხები 100 ლარით. სხვაობა ეხება სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხულ თანხებს. შემოწმების აქტით სხვა ჯარიმებში დარიცხულია 400 ლარი, ხოლო ამონაკრებში სხვა ჯარიმების გრაფაში დაფიქსირებულია 300 ლარის დარიცხვა, სხვაობა შეადგენს 100 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამონაკრებში დარიცხული თანხა ჯარიმების ნაწილში დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 100 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №18 დასკვნის საფუძველზე, 2020 წლის 28 იანვარს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №1598 ბრძანება ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე და ამავე თარიღის N081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები გადასახადების ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო ჯარიმის თანხა 100 ლარით და განისაზღვრა შესაბამისი საურავი, კერძოდ 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შეადგენს 179 847 ლარს, საიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 772 ლარს, ხოლო საურავი - 38 332 ლარს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება შემდეგი:
2019 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტის თანახმად, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს აგენტის მომსახურება ყაზახეთის მოქალაქისგან, ანაზღაურების პერიოდში გაცემული თანხები დაბეგრილი აქვს როგორც არარეზიდენტი ფიზიკური პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურება, 10%-იანი განაკვეთით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების საბაჟო კვეთის რეესტრის ანალიზითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული პირი წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს. შესაბამისად, ხსენებული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 10%-იანი განაკვეთისა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკვშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საჩივრით სადავოა მხოლოდ ის გარემოება, ხსენებული ოპერაცია უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით, თუ 20%-იანი განაკვეთით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება მისი რეზიდენტობის მიხედვით, ხოლო რეზიდენტობა დგინდება საქართველოში გატარებული დღეების შესაბამისად, მიუხედავად ფიზიკური პირის მოქალაქეობისა. ხოლო საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი, რომელსაც ის იღებს საწარმოსთვის მომსახურების გაწევის შედეგად, იბეგრება გადახდის წყაროსთან, 20%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, მომჩივანის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ ის ფიზიკური პირი, ვისაც აუნაზღაურა მომსახურების ღირებულება წარმოადგენს ყაზახეთის მოქალაქეს და რომ მასზე საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ არ ყოფილა გაცემული არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის არ არის რელევანტური.
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაამოწმა ყაზახეთის მოქალაქე ფიზიკური პირის საზღვრის კვეთის მონაცემები, საიდანაც დადგინდა, რომ მას შესამოწმებელ პერიოდში საქართველოში გატარებული აქვს 183 დღეზე მეტი, რისი გათვალისწინებითაც, ის ჩაითვალა საქართველოს რეზიდენტად, შესაბამისად, განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მიღებული მისი შემოსავალი ექვემდებარებოდა 20%-იანი განაკვეთით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ყაზახეთის მოქალაქის საქართველოს რეზიდენტად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს მიღებული აქვს აგენტის მომსახურება ყაზახეთის მოქალაქისგან, გაცემული თანხები დაბეგრილი აქვს 10%-იანი განაკვეთით, როგორც არარეზიდენტი ფიზიკური პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო კვეთის რეესტრის ანალიზით დგინდება, რომ ყაზახეთის მოქალაქეს საქართველოში გატარებული აქვს 183 დღეზე მეტი, სსკ-ს 34-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული პირი წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს. შესაბამისად, ხსენებული ოპერაცია სსკ-ს 154-ე მუხლის საფუძველზე ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 10%-იანი განაკვეთისა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითდი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34(2); 81(1); 154(1,,დ)