გადაწყვეტილება №20860/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20860/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ს 18.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20860/2/2023).
დავის საგანი:
შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 სექტემბრის №21546 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 19 606 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 10 475
დღგ - 6 645
საშემოსავლო გადასახადი - 3 830
ჯარიმა - 7 722
საურავი - 1 409
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლის იმპორტი ---ან და საცალო რეალიზაცია ---ს ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4728 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 2023 წლის 3 აპრილს მეწარმეს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით საქონლის ფაქტიური ნაშთი შეადგენს 19 985 ლარს. შემოწმების შედეგად, შეძენა/რეალიზაციის ანალიზით, აუდირებული ფასნამატით (ბავშვის ტანსაცმელი - 63.57%, მამაკაცის ტანსაცმელი - 54.34%) გამოვლინდა სხვაობა ინვენტარიზაციის შედეგებსა და დადგენილ ბუღალტრულ ნაშთს შორის. მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი. გადასახადის გადამხდელს აქვს არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები (რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით დაფიქსირებული რეალიზაციების შესაბამისად, მეწარმეს 2022 წლის 22 მარტს წარმოეშვა, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრული, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღისთვის განხორციელდა საქონლის ნაშთის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა.
შესაბამისად, გაიზარდა მეწარმის 2021 წლის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი 19 151 ლარით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16658 ბრძანება და 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 19 606 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრის №21546 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი, ასევე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები, განმარტავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზებულ საქონელზე (არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე) აუდირებული ფასნამატის გავრცელება, ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა, აღნიშნულის გათვალისწინებით პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გადამხდელისთვის გაურკვეველ სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხული თანხასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ერიცხება საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანების განხილვის შემდგომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ არასათანადოდ მოხდა მომჩივნის შესაგებელის განხილვა და არ იქნა გათვალისწინებული ის არგუმენტები, რომლებიც დაფიქსირებული იყო წარდგენილ საჩივარში.
სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ---ს ტერიტორიაზე, ქვეიჯარით აღებულ სავაჭრო ობიექტზე. გამომდინარე იქიდან, რომ სურვილი ჰქონდა გაეფართოებინა ახლად წამოწყებული ბიზნესი, 2021 და 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით განახორციელა იმპორტი (სულ შვიდი შემოტანა ---დან). კერძოდ, საბავშვო ტანსაცმლის შემოტანა. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან დამწყები იყო აღნიშნულ საქმიანობაში, სრულყოფილად ვერ შეძლო აღნიშნული საქონლის რეალიზაცია. ბაზარზე დიდია კონკურენცია აღნიშნულ საქონელზე და მეწარმისთვის რთული აღმოჩნდა ახალი საქმიანობის განვითარება. 2021 წლის 16 ოქტომბრიდან (სალაროთი განხორციელებული პირველი რეალიზაცია) 2022 წლის 21 მარტამდე, რეალიზაციამ სალარო აპარატის მეშვეობით შეადგინა 51 308 ლარი. აღნიშნული თანხის ფასნამატი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით შეადგინა 35,85%-ს ანუ თვითღირებულებით რეალიზებულია 37 768 ლარის საქონელი.
აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტორების მიერ დარიცხულმა ფასნამატმა შეადგინა 62 232 ლარი, რაც პროცენტულ გამოხატულებაში შეადგენს 164,77%-ს. დავუშვათ, რომ მეწარმის მიერ განხორციელებულ რეალიზაციაში არ იყო გათვალისწინებული ფასნამატის დარიცხვა და საქონლის რეალიზაცია მოხდა თვითღირებულებით ან ძალიან მცირე ფასნამატის დარიცხვით. აღნიშნულ შემთხვევაშიც ფასნამატია 48 692 ლარი, რაც პროცენტულ გამოხატულებაში შეადგენს 94,9%-ს. შედგენილი აქტის ანალიზით დგინდება, რომ აუდიტორების მიერ 2022 წლის 22 მარტიდან განხორციელებულ სალარო აპარატით დაფიქსირებულ რეალიზაციაზე დღგ-ის გაანგარიშების მიზნით დარიცხული აუდირებული პროცენტი შეადგენს 50,22%-ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია თუ რა თანხაზე მოხდა რა ოდენობის პროცენტის დარიცხვა და რა პრინციპით დადგინდა 2022 წლის 22 მარტი დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად. აუდიტორების მიერ 2022 წლის მარტიდან აქტში დაფიქსირებული დღგ-ის გაანგარიშების მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრა 11 066 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შესაბამისი საქონლის თვითღირებულება შეადგენს 61 477ლარს, ანუ დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ გასაყიდად განკუთვნილი საქონლის თვითღირებულება შეადგენს 61 477 ლარს. მეწარმის მიერ 2021 წლის 4 სექტემბრიდან 2022 წლის 26 თებერვლამდე განხორციელებულია 7 საიმპორტო ოპერაცია. შემოტანილი საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა: 1. საქონლის ღირებულება - 155 641 ლარი; 2. საქ. ფოსტის მომსახურების ღირებულება - 700 ლარი; 3. გეზის მომსახურების საფასური - 1 700 ლარი; 4. გადახდილი დღგ - 28 852,46 ლარი. სულ: 186 893,46 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 22 მარტისთვის დაფიქსირებული ნაშთის თვითღირებულებისა და ჩასათვლელი დღგ-ის გათვალისწინებით 22 მარტამდე რეალიზებულია საქონელი თვითღირებულებით 114 350 ლარის ოდენობით ფასნამატის გაუთვალისწინებლად. ანუ დღგის რეგისტრაციამდე (22 მარტამდე) აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით რეალიზებულია 171 776,57 ლარის პროდუქცია. ამ შემთხვევაშიც ვერაფრით უკავშირებენ მიღებულ შედეგს აქტში დაფიქსირებულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხასა და ნაშთად რიცხულ პროდუქციას.
აუდიტორების მიერ 2022 წლის 22 მარტიდან დაფიქსირებული დღგ-ის გაანგარიშების ცხრილი შედგენილია შემდეგი პრინციპით: თვეების მიხედვით სალარო აპარატით დაფიქსირებულ რეალიზაციაზე დარიცხულია ფასნამატი 50,22%-ის ოდენობით (ამ შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული მეწარმის მიერ დარიცხული ფასნამატი). მარტის თვის გრაფაში (რეალიზაცია 2022 წლის 22 მარტიდან 31 მარტამდე) დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაფიქსირებულია 7 903 ლარი. ანუ თუ გავითვალისწინებთ პროცენტულ ფასნამატს, სალაროს მიხედვით რეალიზაცია გამოდის 5 260,95 ლარი.
ფაქტიურად სალაროს რეალიზაცია აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 3 781 ლარს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მარტის თვის მიხედვით არასწორადაა დაფიქსირებული დასაბეგრი და შესაბამისად დარიცხული დღგ. ასევე, შეუსაბამობაა დაფიქსირებული აქტში ამავე დღგ-ის გაანგარიშებასა და გარემოებასთან, რომელსაც ვერაფრით აკავშირებენ ერთმანეთთან. კერძოდ, აქტის მიხედვით თუ დღგ-ით დასაბეგრი ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 61 477 ლარს და ამავე აქტის მიხედვით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად (2023 წლის 3 აპრილის მდგომარეობით) ნაშთად ირიცხება 19 985 ლარის საქონელი თვითღირებულებით, დგება შედეგი, რის მიხედვითაც დღგ-ის გაანგარიშებაში (2022 წლის 22 მარტიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 41 492 ლარს, რომლის რეალიზაციის შემდგომ დღგ-ით დასაბეგრი თანხა ფიქსირდება 98 414 ლარის ოდენობით, ანუ ფასნამატმა შეადგინა 56 922 ლარი, რაც პროცენტულ გამოხატულებაში შეადგენს 137,18%-ს. ასევე, გაურკვეველია თუ რა მუხლებით მოხდა აქტში დაფიქსირებული „სხვა ჯარიმების“ დარიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც აქტში დაფიქსირებული ფასნამატი (თუმცა რეალურად ბევრად მეტი) და დღგ-ზე დადგომის პერიოდი არ შეესაბამება რეალობას. უამრავ მეწარმესთან ჰქონია ურთიერთობა ---ს ბაზრობაზე და ცნობილია, რომ საშუალო ფასნამატი შეადგენს 18-35%-ს და რა იყო ამხელა ფასნამატის დარიცხვის საფუძველი მომჩივნისთვის უცნობია. ამასთან, აქტში დაფიქსირებული ფასნამატი ბავშვის ტანსაცმელზე 63,57% და მამაკაცის ტანსაცმელზე 54,34% საბოლოოდ სანატრელი გაუხდა იმ პროცენტებთან შედარებით, რაც ფაქტიურად აქტშია დაფიქსირებული. ასევე, აღსანიშნავია და გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ აუდიტორების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბევრი სხვა ფაქტორი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დარწმუნებულია, რომ სულ სხვა შედეგი დადგებოდა.
კერძოდ: 1. არ იქნა გათვალისწინებული სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის ხარისხი. როცა შეძენიდან წელიწადნახევრის შემდეგ ნაშთად რჩება 19 985 ლარის ამოუყიდავი პროდუქცია (ინვენტარიზაციის შედეგი), ნათელია თუ რა ხარისხისაა ის.
2. მეწარმეს შემოტანილი პროდუქცია 50%-ის ფასნამატით რომ ეყიდა, ალბათ არ დადგებოდა ის მომენტი, რომ მეწარმემ ვეღარ შეძლო ფუნქციონირება ---ს ბაზრობაზე, გაწყვიტა იჯარის ხელშეკრულება და დარჩენილი ამოუყიდავი საქონელი განათავსა სახლში.
3. მომჩივნის მოსაზრებას ამყარებს ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფასნამატით და წარმატებულად რომ მომხდარიყო საქონლის რეალიზაცია, მეწარმე განაგრძობდა საქმიანობას და საიმპორტო ოპერაციების განხორციელებას, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვაა. კერძოდ, ბოლო შემოტანა ფიქსირდება 2022 წლის თებერვლის თვეში. აუდიტორების მიერ ალბათ უნდა მომხდარიყო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და არა არარეალური ფასნამატის დარიცხვა. მეწარმისთვის, რომელმაც საქმიანობა წარმართა ზარალით, დარიცხული თანხა წარმოადგენს უდიდეს ტვირთს და მისი გადახდის არანაირი რესურსი არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს მოხდეს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებას შორის კავშირი. მეწარმის რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი და საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით დაფიქსირებული რეალიზაციების შესაბამისად, 2022 წლის 22 მარტს მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, დღგ- ის რეგისტრაციის თარიღისათვის განხორციელდა საქონლის ნაშთის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის 2021 წლის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, მართებულად დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 სექტემბრის №21546 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16658 ბრძანება და 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 19 606 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრის №21546 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 165; 159; 163; 164; 282; 80; 81; 100; 102.