გადაწყვეტილება №17628/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2022
№ დოკუმენტი 17628/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17628/2/2022

25.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------- “ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------- 25.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17628/2/2022).

 

დავის საგანი:

მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1079 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19522 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 465 ლარი.

მათ შორის:

მიწა -არასასოფლო - 18 926

ჯარიმა - 9 463

საურავი - 7 076

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 3.01.2019 წლიდან 1.12.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას, 2019 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრებაში უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები -------- რაიონში, სოფელ ---------. მიწის ფართობი: 87 164 კვ.მ. (ს/კ №-------------), 56 888 კვ.მ. (ს/კ №------------) და 13 663 კვ.მ. (ს/კ №-------------).

კომპანიას დეკლარირებული აქვს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე ქონების (მიწის) გადასახადი. შემოწმების შედეგად დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №41878 ბრძანება და №006-1079 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლის 3 იანვარს, მიწის ნაკვეთებს ფლობს 2019 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2019 წლის ქონების დეკლარაცია კომპანიას წარდგენილი აქვს და მიწის გადასახადიც სრულად დაბეგრილი და გადახდილი, რაზეც წარმოადგენს დანართის სახით დეკლარაციას. ფაქტობრივად კი შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიას უნდა წარედგინა 2018 წლის ქონების დეკლარაცია (და მიიჩია ის 2019 წლის დეკლარაციად, რადგან გადასახადის დარიცხვა 2019 წლის 15 ნოემბერს მოუწევდა), ე.ი. უნდა წარედგინა იმ წლის დეკლარაცია და გადაეხადა იმ პერიოდის მიწის გადასახადი, როდესაც კომპანია საერთოდ რეგისტრირებული არ იყო (და ტექნიკურად დეკლარაციასაც ვერ წარადგენდა). საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლი განმარტავს, რომ ქონების გადასახადი არის ადგილობრივი გადასახადი, ხოლო ქონების გადასახადის კარში მითითებულია, რომ თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად. 2018 წელს კომპანია რეგისტრირებული არ იყო და ბუნებრივია, ის ვერ განახორციელებდა 2018 წლის ქონების დეკლარაციის წარდგენას. ხოლო, 2019 წლის 15 ნოემბერი არის მხოლოდ გადახდის სავადო თარიღი, რა დროსაც გადასახადის დარიცხვა ხდება 2018 წლის დეკლარაციის საფუძველზე. აუდიტის მიერ არ არის შესწავლილი აღნიშნული გარემოება, შესაბამისად უგულებელყოფილია არსებითი ფაქტობრივი გარემოება, რაც გამორიცხავს ქონების გადასახადით კომპანიის დაბეგვრას. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ქონების გადასახადით კომპანიის დაბეგვრა იმ საგადასახადო პერიოდზე (საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს), რომლის განმავლობაშიც კომპანია რეგისტრირებული არ აყო და იურიდულად არ არსებობდა, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ამავე კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვინაიდან 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, იგი ვალდებული იყო 2019 წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა წარედგინა დეკლარაცია და არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა გადაეხადა მიწაზე ქონების გადასახადი, რაც როგორც ირკვევა მას არ განუხორციელებია.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.