ქონების გადასახადის დარიცხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე N1434
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ქონების გადასახადის დარიცხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე N1434
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს მოქალაქეობის არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება (ბინა და ავტოფარეხი).
· არარეზიდენტ ფიზიკურ პირს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია ქონების გადასახადის დეკლარაცია.
· საგადასახადო ორგანომ პირს დაარიცხა სავარაუდო ქონების გადასახადი მის საკუთრებაში არსებულ დასაბეგრ ქონებაზე უმაღლესი განაკვეთით
შეფასება
საგადასახდო კოდექსის:
- 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ფიზიკურ პირებად ითვლებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;
- 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
- 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით;
-202-ე მუხლის მე-6 ნაწილით ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
- 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
- 205-ე მუხლის მე-12 ნაწილით ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით;
- 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
ღონისძიებები
პირს დაერიცხება ქონების გადასახადი.
შენიშვნა: დარიცხული ქონების გადასახადი შემცირებას ექვემდებარება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარმოდგენის საფუძველზე, ასევე საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით