გადაწყვეტილება №24882/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2025
№ დოკუმენტი 24882/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24882/2/2025

11 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 6.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24882/2/2025).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად აღიარების და მის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №2034 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 143 713,77 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 731

დღგ - 43 795

მოგების გადასახადი - 42 936

ჯარიმა - 43 366

საურავი - 13 616,77

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სხვადასხვა საქონლით. გადამხდელად რეგისტრირებულია 21.03.2015 წელს. დღგ-ის გადამხდელად - 10.11.2020 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმდა მომჩივანთან 2023 წლის 12 ივლისის №16871 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისი მიწოდებად აღარების სისწორე. დადგინდა, რომ დანაკლისის გამოვლენის შემდეგ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული შესაბამისი ვალდებულებები, შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №27188 ბრძანება და 25.12.2024 წლის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №2034 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №16871 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა 287 101.97 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 იანვარს შედგა №CB1574974 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შედეგად, დანაკლისი შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები აქვს სასაწყობე ფართი, მდებარე -------, -------. საიჯარო ფართი ნაქირავები აქვს სხვა მოიჯარეებთან ერთად მეიჯარე მაკა დადიანისგან, რომელთანაც 2023 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სასამართლო დავები. აღნიშნული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაევალა არსებული სასაწყობე ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მეიჯარისთვის გადაცემა.

გამომდინარე იქიდან რომ სასამართლო განჩინებაში მითითებულ ვადაში (2024 წლის 12 აპრილამდე) ვერ მოახერხა საიჯარო ფართის დაცლა, მეიჯარემ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართა ------- სააღსრულებო ბიუროს, გარდა ამისა მეიჯარემ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა შს ორგანოებს, ამასთან მეიჯარემ მოიჯარეებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მოიჯარე კომპანიების ინვენტარიზაცია.

ამ პერიოდისთვის ნაწილობრივ უკვე დაცლილი ჰქონდა სასაწყობე ფართი და სმფ-ების ნაწილი გადატანილი ჰქონდა ახლად ნაქირავებ ფართში, ხოლო გარკვეული ნაწილი კომპანიის დირექტორის საცხოვრებელ სახლში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებში საჩივრების შეტანისა, მეიჯარემ თვითნებურად დაკეტა ნახსენებ ნაქირავები საწყობი (ტრაქტორის მეშვეობით შესასვლელ კარებს მიაწყო ბეტონის ლოდები), რის გამოც ფაქტობრივად ვეღარ ხერხდება საწყობში შესვლა.

მეიჯარის განცხადების საფუძველზე ზემოთხსენებულ მისამართზე გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და განუმარტეს, რომ შეუძლებელი იყო ამ პერიოდში სმფ-ების ინვენტარიზაცია რამე თუ მათი ნაწილი გადატანილი ჰქონდა ახალი საწყობში და არ ჰქონდა დაფასოებული, ხოლო ნაწილი დალუქული იყო ძველ საწყობში და დავის დასრულებამდე არ შეეძლო მათი გამოტანა.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ინვენტარიზაციაში დახმარება მათ მიერ მთლიანი სმფ ჩაითვალა რეალიზებულად.

საჩივრის უარყოფის სამართლებრივი საფუძვლად შემოსავლების სამსახურის არგუმენტებს მომჩივანი არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ დარიცხვა გამომდინარეობს არამც თუ ფაქტების ყოველმხრივი გამოკვლევიდან, არამედ იგი წარმოადგენს წმინდა ბუტაფორიულ მიდგომას და საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებას. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთათვის იმთავითვე იქნა ცნობილი საჩივარში მოყვანილი ფაქტების შესახებ და მიეწოდათ შესაბამისი მტკიცებულებები, მათ თავისი თვალით ნახეს დალუქული საწყობი და ახალ მისამართზე სმფ-ების ნაწილის გადაზიდვა, თუმცა მათი მხრიდან არ იქნა მხედველობაში მიღებული აღნიშნული, არ გადაიდო ინვენტარიზაცია სხვა დროისთვის შემოიფარგლნენ მარტივი გამოსავლით.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს დაურთო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მამტკიცებელი ყველა მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში საქმე ისაა, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს იმთავითვე ეცნობათ და მიეწოდათ შესაბამისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპანიაში ინვენტარიზაციის ჩატარება გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზების და გამო შეუძლებელი იყო.

თითოეული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იქნეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი კვლევის შედეგად. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

ადამიანის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც გააჩნია საჯარო მოხელეს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, დადგენილია და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს განეკუთვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი საერთაშორისო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ. აუცილებელია დაცული იყოს წონასწორობა ერთის მხრივ, იმ დაწესებულების შინაგანი დისციპლინის დაცვის აუცილებლობისთვის, რომელზედაც დამოკიდებულია საზოგადოება და მეორე მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასთან ბრძოლის აუცილებლობისთვის. საზოგადოებისადმი სამსახური მოიცავს საზოგადოების იმ წევრებისათვის სამსახურსა და დახმარების გაწევას, რომელიც პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა განსაკუთრებული ხასიათის მიზეზებით საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.“

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა სმფ-ების ინვენტარიზაცია.

ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიზანი, სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურს, მიუხედავად ერთიანი სისტემური ბუნებისა, ფუნქციური მრავალფეროვნება ახასიათებს, იქნება ეს მართლწესრიგის დაცვის, საბაჟო საგადასახადო სისტემის, სამხედრო სამსახურის თუ თვითმართველობის სფერო. ყოველ მათგანს განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია, თუმცა საერთოდ აქვთ მიზანი და ამოცანა - ზრუნვა საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დეფინირებული სამართლებრივი ტერმინის საფუძველზე განმარტავს რომ ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი, დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ, მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს, მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს220-210 დ.მ.-ის სარჩელის გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულებაში გათვალისწინებული გადაწყვეტილების ეს სახე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს პროცედურული მოქმედებების ფართო დისკრეციას, მათ შორის სადავო საკითხზე კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საკითხის გამოკვლევასა და შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით დ.მ.-ის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებანი ინდივიდუალურად უნდა შეფასებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გაეწია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი კონსულტაცია, მისი მოქმედებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გასაჩივრებული დადგენილება კი საერთოდ არ შეიცავს არანაირ მითითებას, მსჯელობას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა მოქალაქის სამართლებრივი პრობლემის იურიდიულ ფარგლებში მოქცევას, ამგვარ მსჯელობას ასევე არ შეიცავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაც.“

„საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტული საკითხზე აქტის გამოცემის ვალდებულებით, მმართველობითი საქმიანობის მიზანს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა,“ აღნიშნული მსჯელობის დასტურია ისიც, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ნაკლებად გამოიყენება, მორიგების, მედიაციის, სამართლებრივი პრობლემების კომპლექსურად დაძლევის სხვა შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრივი მასშტაბით სამოხელეო და საბიუჯეტო ტვირთის სერიოზულ გაზრდას იწვევს და ნეგატიურად აისახება საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების და მათ შორის საჯარო მმართველობის ხარისხზე.

სზაკ-ის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტის, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მთლიანად ხდის სადაოდ საჩივარში მითითებულ აქტებს და მოითხოვს მის ბათილობას, სზა-კის 601 მუხლის საფუძვლით როგორც კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი აქტები, რომლის მომზადებისა და გამოცემისას დარღვეული იქნა როგორც მატერიალური კანონმდებლობა ასევე სამართლის მთელი რიგი ზემოთ უკვე არაერთგზის ნახსენები პრინციპები.

კომპანია ფუნქციონირებს ახალ საწყობში, სადაც აუდიტის დეპარტამენტს აქვს სრული შესაძლებლობა განახორციელოს ინვენტარიზაცია. ამდენად საკითხის აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნების შემთხვევაში საზოგადოებას უკვე აქვს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს სრულად წარუდგინოს სმფ-ების და მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციის პროცესში, რაც თავის მხრივ აპრიორში გამოიწვევს სადავო დარიცხვის ოდენობის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილს თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისის ოდენობის შესაბამის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების ჩატარების დროისთვის არ ჰქონდა დეკლარირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად პირს დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადში.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთათვის იმთავითვე იქნა ცნობილი საჩივარში მოყვანილი ფაქტების შესახებ და მიეწოდათ შესაბამისი მტკიცებულებები, მათ თავისი თვალით ნახეს დალუქული საწყობი და ახალ მისამართზე სმფ-ების ნაწილის გადაზიდვა, თუმცა მათი მხრიდან არ იქნა მხედველობაში მიღებული აღნიშნული, არ გადაიდო ინვენტარიზაცია სხვა დროისთვის შემოიფარგლნენ მარტივი გამოსავლით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა სასაქონლომატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგები, არამედ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად აღიარების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები შესრულების სისწორე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად აღიარების და მის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შედეგად, დანაკლისი შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 159;