ბრძანება N 23035
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23035
20 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 4 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ----------) 2023 წლის 4 სექტემბრის №83407/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20712 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20712 ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. განმარტავს, რომ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს, იგივე შინაარსის, ისეთივე იურიდიული და სააღმსრულებლო ძალის მქონე საგადასახადო მოთხოვნას, როგორსაც აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №002-256 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანი ითხოვს 2023 წლის 22 აგვისტოს №20712 ბრძანების გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გადახდილი ჯარიმის 50%-ის (9905.50 ლარი) შემცირებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 14 აგვისტოს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №12939 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32823 ბრძანება და ამავე თარიღის №002-256 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 112 412 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 044 ლარი, ჯარიმა 41 062 ლარი, საურავი 19 306 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 4 მაისის №9793 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9793 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც პირს შეუმცირდა სულ 53 482 ლარი, მათ შორის გადასახადი 32 231 ლარი და ჯარიმა 21 251 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ივლისის №002-154 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველია გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება. თავის მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არ დარიცხვის თაობაზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი), დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ა.შ
ვინაიდან, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველი შეიძლება იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ სხვადასხვა საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები და ამასთან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, განსახილველ შემთხვევაში კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50% არ დაექვემდებარა გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, გადამხდელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №002-256 საგადასახადო მოთხოვნას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის შემცირებას ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9793 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული 2023 წლის 12 ივლისის №002-154 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით 50%-იანი ჯარიმის შემცირება ეხება მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №002-256 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად არ აქვს გადახდილი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით (და არა კორექტირებულით) გათვალისწინებული გადასახადის, აგრეთვე, ჯარიმის 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20712 ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №002-256 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად არ აქვს გადახდილი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით (და არა კორექტირებულით) გათვალისწინებული გადასახადის, აგრეთვე, ჯარიმის 50 პროცენტის ტოლფასი თანხა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(11);8(5);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილი;