საფ-ების რეესტრის წარმოების წესის დარღვევა N 2521
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
„სხვა ჯარიმების“ გამოყენება N 2521
ფაქტობრივი გარემოებები
· საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პირს, რომელსაც ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, რიგ საანგარიშო პერიოდებში არ აქვს წარდგენილი ან/და არასრულყოფილად აქვს წარდგენილი (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში) შესაბამისი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია.
შეფასება
· სსკ-ის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და შემოსავლების მიმღები პირის შესახებ არაუგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარდგენა, ასეთი ინფორმაცია წარედგინება NII-07 დანართის ფორმით.
· პირი ვალდებული იყო შესაბამისი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად წარედგინა NII-07 დანართის შესაბამისად.
ღონისძიებები
· მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევები სთვის, სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად პირი დაჯარიმდება მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით.
საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიზნებისთვის, სიტუაციური სახელმძღვანელო მოიცავს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებს.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 27 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.
სიტუაციური სახელმძღვანელო ასევე ეხება საგადასახადო ორგანოს გამოვლენილ, სსკ-ის 291-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა სამართალდარღვევებს.