გადაწყვეტილება №19461/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.06.2023
№ დოკუმენტი 19461/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19461/2/2023

1.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19461/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7045 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 134 354 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 77 633

დღგ - 28 733

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 32

საშემოსავლო გადასახადი - 48 430

ქონების გადასახადი - 438

ჯარიმა - 31 061

საურავი - 25 660

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---ის ქ. №---ში, პირად საკუთრებაში არსებულ ფართში, სურსათით და სხვა სპეციალიზებული საქონლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 2019, 2020 და 2021 წლების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგებზე 27.12.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა რომ: მეწარმის მიერ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახულია 2019 წელს 847 200 ლარის, 2020 წელს 980 837 ლარის და 2021 წელს 1 219 678 ლარის ერთობლივი შემოსავალი.

მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით (შემოწმების პროცესში წარდგენილი არ არის ბუღალტრული აღრიცხვა), შესაბამისად, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და დეკლარირებული საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. მეწარმეს აქვს როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დაანგარიშდა მიღებული შემოსავალი, კერძოდ: რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 2019 წელს 13%, 2020 წელს 15%, ხოლო 2021 წელს 16.9%. აღნიშნულმა გამოიწვია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლისა და შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33457 ბრძანება და ამავე თარიღის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. მეწარმემ შემოწმების პროცესში არ წარადგინა ბუღალტრულ აღრიცხვა, არ ხორციელდებოდა საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერა, ვერ იშიფრებოდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, დეკლარირებული საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთები. მეწარმეს ჰქონდა როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. შემოწმებით, რეალური შემოსავლის განსაზღვრის და ფასნამატის დადგენის მიზნით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები, კატეგორიების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლისა და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის, კატეგორიების მიხედვით, გავრცელება დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადების დაანგარიშება, სრულიად უსაფუძვლოა. გასათვალისწინებელია, რომ შემოწმების ობიექტი მდებარეობს რეგიონში. მას არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ის აწარმოებს ბუღალტერიას ყველა წესის დაცვით მატერიალური ფორმით „მემორიალური ორდერებით“. შემმოწმებელს გადასცა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, მათ შორის: მიღებული/რეალიზებული პროდუქცია, მათი თვითღირებულება და გასაყიდი ფასები, დებიტორ-კრედიტორების სია და ყველა სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ არ ფლობს ბუღალტრულ პროგრამას არ შეიძლება გახდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

შემმოწმებლის მიერ შესამოწმებელ წლებში დათვლილი ფასნამატი გამომდინარეობს მიწოდებული ბუღალტრული მონაცემებიდან. რეალიზაციის დიდი წილი უჭირავს სიგარეტს და სასურსათო-მალფუჭებად პროდუქციას. როგორც ცნობილია სიგარეტის მომწოდებელი განსაზღვრავს გასაყიდ ფასს და მასში უკვე დაფიქსირებულია ფასნამატი, რომელიც არ აღემატება 5-10%-ს. ასევე სასურსათო პროდუქტზე (ძირითადად ხილ-ბოსტნეული) აქვს გაცილებით დაბალი ფასი, რაც საბოლოოდ განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას და წლიური შემოსავლის მაღალ ციფრს.

ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე შეუძლებელია გავრცელდეს ზოგადი ფასნამატი. ხოლო ყველა დანარჩენ პროდუქტზე ისედაც აქვს დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოწმების აქტში მითითებული ფასნამატები. მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს მოეხსნას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადების დაანგარიშების გადაწყვეტილება. სიგარეტსა და სასურსათომალფუჭებად პროდუქციაზე გათვალისწინებულ იქნას მიწოდებული სარეალიზაციო ფასები და სამართლიანად გადაანგარიშდეს დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ის აწარმოებს ბუღალტერიას ყველა წესის დაცვით მატერიალური ფორმით „მემორიალური ორდერებით“. აღნიშნული კი არ შეიძლება გახდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. მთავარი საკითხი კი ეხება სიგარეტზე დაფიქსირებულ ფასნამატს, როგორც ცნობილია მომწოდებელი განსაზღვრავს გასაყიდ ფასს და მასში უკვე დაფიქსირებულია ფასნამატი, რომელიც არ აღემატება 5-10%-ს. ითხოვს მოეხსნას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადების დაანგარიშების გადაწყვეტილება. ხოლო სიგარეტსა და სასურსათო-მალფუჭებად პროდუქციაზე გათვალისწინებულ იქნას მიწოდებული სარეალიზაციო ფასები და სამართლიანად გადაანგარიშდეს დარიცხული გადასახადები.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სიგარეტზე არ იყო დაფიქსირებული დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად მასზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვისას ერთი დასახელების საქონელზე დაფიქსირებული ფასის შესაბამისად დადგენილი ფასნამატი 7%. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. მეწარმემ შემოწმების პროცესში არ წარადგინა ბუღალტრულ აღრიცხვა, არ ხორციელდებოდა საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერა, ვერ იშიფრებოდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, დეკლარირებული საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთები. მეწარმეს ჰქონდა როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართებულია.

რაც შეეხება სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7045 ბრძანება;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33457 ბრძანება და ამავე თარიღის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

136 (1,6); 49 (1); 61 (3); 73 (5,ა); 80 (1); 100 (3,ბ); 102 (1); 159;164;163