გადაწყვეტილება №21925/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21925/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 11.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21925/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №083-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33275 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 65 263,95 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 332
აქციზის გადასახადი - 5 913
დღგ - 3 971
მოგების გადასახადი - 6 431
საშემოსავლო გადასახადი - 8 017
ჯარიმა - 19 416
საურავი - 21 515,95
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.06.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №083-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირების და უსასყიდლო მიწოდების შედეგად განსაზღვრულ მოგების გადასახადის ნაწილში სადავო საკითხები, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მოგების გადასახადით დაბეგრილი უსასყიდლოდ მიწოდების ოპერაციები განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილებამდე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №083-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12687 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.07.2023 წლის №19942/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12687 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 14.07.2023 წლის №19942/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.09.2023 წლის №23766 ბრძანებით დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №083-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33275 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 463 906 ლარით, მათ შორის, გადასახადი 307 447 ლარით, ჯარიმა 156 459 ლარით.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველად წარდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული სადავო გარემოებად და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადების ძირითადი თანხა განსაზღვრულია 24 332 ლარით, ხოლო ჯარიმა 19 416 ლარით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების ნაწილზე გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი (შემცირება 4 915 ლარის ოდენობით) და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილი (შემცირება 8 826 ლარი), ჯარიმამ გადასახადის ძირითადი თანხის 80% შეადგინა. მოცემული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემოწმებით მოგების გადასახადი საგადასახადო პერიოდების ერთ ნაწილზე შემცირებულია, ხოლო მეორე ნაწილზე უფრო მეტ გადასახადთან ერთად დარიცხულია შესაბამისი 50%-იანი ჯარიმები. გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული და მისი დარიცხვა განაპირობა შემოწმების მიერ კვალიფიკაციის შეცვლით, რასაც გადასახადის გადამხდელი ვერ გაითვალისწინებდა. შესაბამისად, არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადში დარიცხული ჯარიმების ნაწილში.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადების ძირითადი თანხა განსაზღვრულია 24 332 ლარით, ხოლო საურავი 21 516 ლარით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. შესაბამისად, საურავის თანხა საგადასახადო მოთხოვნაში არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც ძირითად თანხას დაერიცხება 3 წლის განმავლობაში. 24 332 X 365 X 3 X 0,05% = 13 322 ლარი. ამრიგად, საგადასახადო მოთხოვნაში საურავის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13 322 ლარს (ისევე, როგორც პირადი აღრიცხვის ბარათზე). შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაუქმდეს ზედმეტად (არასწორად) დარიცხული საურავის ნაწილში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს“. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მოცემულ ეპიზოდში გადაწყვეტილება მიიღო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე და საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე მსჯელობის გარეშე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველად წარდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული სადავო გარემოებად“, თუმცა მომჩივანი თავდაპირველ საჩივარში ვერ მიუთითებდა კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნით „ზედმეტობით“ დარიცხულ საურავზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო მოცემულ საკითხზე ემსჯელა.
შემოსავლების სამსახურმა, ამდენად, ფაქტობრივად არ განიხილა მომჩივნის მიერ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე შეტანილი საჩივარი, არ გამოიკვლია და არ შეაფასა მასში მითითებული გარემოებები და არგუმენტაცია, რის გამოც იგი დაუსაბუთებელი და, მაშასადამე, უკანონოა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება და შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის გათავისუფლების საფუძველი და ასევე, ითხოვს საურავის კორექტირებას საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23766 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება და შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 97(1);982;983;269(7)