გადაწყვეტილება №18980/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 18980/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18980/2/2023

30.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 და 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------------- 27.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18980/2/2023).

 

დავის საგანი:

საწარმოს მიერ ხის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების დამფუძნებელზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №006-280 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №676 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 263 238 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 156 117

დღგ - 79 381

მოგების გადასახადი - 77 797

საშემოსავლო გადასახადი - 730

ქონების გადასახადი - (-1 791)

ჯარიმა - 80 056

საურავი - 27 065

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხე-ტყის მასალებით ვაჭრობა, რომლის უმეტესი ნაწილი გატანილი აქვს ირანში ექსპორტზე. საქმიანობის ადგილია ----------(ს/ნ ---------).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 31.01.2020 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული პროგრამა „ინფოს“ მეშვეობით. რეგისტრაციის დღიდან შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები და ხის გადამამუშავებელი საამქროსთვის საჭირო დაზგა-დანადგარები. გადასახადის გადამხდელი ხის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას ახორციელებდა იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 13.11.2020 წელს შეიძინა კომპანიის დირექტორმა/დამფუძნებელმა ----------(პ/ნ -----------).

8.12.2020 წლის საჯარო რეესტრში განხორციელდა მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობანაგებობების რეგისტრაცია. აღნიშნული ქონება -------------- 9.12.2020 წლიდან ხუთი წლის ვადით იჯარით გასცა მის მიერ 4.12.2020 წელს დაფუძნებულ შპს „--------------“ (ს/ნ -------------). შენობა-ნაგებობა შპს „-------------“ აღრიცხული აქვს ძირითად საშუალებად (ღირებულება 400 775 ლარი), რომელზეც ახორციელებს ცვეთის დარიცხვას და იხდის ქონების გადასახადს (1 791 ლარი).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა დამფუძნებელს ------------ გაუწია სამშენებლო მომსახურება (უსასყიდლოდ). შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 983 და 161-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №18085 ბრძანება და 12.07.2022 წლის №006-280 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №676 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან (დღგ-ის რეგისტრაციამდე პერიოდში შეძენილ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №676 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც საწარმოს მიერ განხორციელებულია ხის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობა, ფიქსირდებოდა მისი დამფუძნებელი ფიზიკური პირის საკუთრებაში, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციის დამფუძნებლისთვის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ 2020 წელს საკუთარი საქმიანობისათვის ააშენა ხის გადამამუშავებელი საწარმო. საწარმო აშენდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის ----------ის საკუთრებაშია. ეს ოპერაცია შემმოწმებელმა განიხილა როგორც უსასყიდლოდ მიწოდება და დაბეგრა დღგ-ით, მოგების გადასახადით და მიუთითებს იმ გარემოებას რომ ეს ნაკვეთი შემდეგ იჯარითაა გაცემული შპს ----------ზე, რომლის დირექტორი და დამფუძნებელი ასევე ----------.

მიწის ნაკვეთის (რომელიც არის 6000 მ 2 ), ის ტერიტორია სადაც საწარმო მდებარეობს, შპს -------------ის მფლობელობაშია, ხოლო მიწის ნაკვეთის ცარიელი ნაწილი გაცემულია იჯარით შპს --------------ზე, რომელსაც ის იყენებს თავის საქმიანობისთვის, კერძოდ ყიდულობს ფიცარს, ასაწყობებს და აგზავნის ექსპორტით ირანში.

ასევე, შპს -------------მა ხის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ქონება აღრიცხული აქვს ბალანსზე და იხდის ამ ქონებაზე ქონების გადასახადს.

შინაარსის ფორმა აღმატებულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (IFRS for SMEs) 2.8 შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა ფინანსურ ანგარიშგებაში ოპერაციები და სხვა მოვლენები უნდა ასახოს და წარდგენილი იყოს მათი შინაარსის საფუძველზე და არა მხოლოდ მათი სამართლებრივი ფორმის შესაბამისად. ამგვარი მიდგომა ამაღლებს ფინანსური ანგარიშგების საიმედოობას.

კომპანიის შეცდომაა, რომ ფაქტიური და იურიდიული მხარე არ ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად 23.02.2023 წელს მიმართა საჯარო რეესტრს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა შპს ----------ის სახელზე. შესაბამისად, იურიდიული მხარეც შესაბამისობაშია ფაქტიურ მხარესთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საგადასახადო კოდექსის ასევე საეთაშორისო სტანდარტების მიხედვით გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ოპერაციის შინაარსი და არ უნდა მოხდეს ამ ოპერაციის უსასყიდლო მიწოდებად აღიარება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

შემოწმების შედეგად დადგენილია შემდეგი:

ა) გადასახადის გადამხდელი ხის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას ახორციელებდა იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე;

ბ) აღნიშნული მიწის ნაკვეთი კომპანიის დირექტორმა/დამფუძნებელმა -------------- შეიძინა 13.11.2020 წელს;

გ) ამავე მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 8.12.2020 წელს;

დ) აღნიშნული ქონება კომპანიის დირექტორმა/დამფუძნებელმა 9.12.2020 წლიდან ხუთი წლის ვადით იჯარით გასცა მის მიერ 4.12.2020 წელს დაფუძნებულ კომპანიაზე - შპს ---------ე (ს/ნ -------------)

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით ვინაიდან კომპანიამ სახერხი ააშენა თავის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, ბუღალტრულად სწორად ჰქონდა აღრიცხული აღნიშნული ქონება ძირითად საშუალებად, რომელზეც ახდენდა ცვეთის დარიცხვას და იხდიდა ქონების გადასახადს. რაც შეეხება მიწას, ის არ იყო კომპანიის საკუთრება, დამფუძნებელმა/დირექტორმა იგი შეიძინა საკუთარი სახელით და შემდგომ, რადგან აღნიშნულს მოჰყვა საგადასახადო პრობლემები, ხარვეზი გასწორდა, დამფუძნებელმა აღნიშნული მიწა კაპიტალში შეიტანა საბაზრო ფასით (ბუღალტრულად ასე აისახა) და საჩივრისთვის დართული 27.02.2023 წლით დათარიღებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწა დარეგისტრირდა კომპანიის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 24.02.2023 წელი).

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიამ ფიზიკური პირისგან იქირავა მიწა, ააშენა ხის გადამამუშავებელი საამქრო და შემდგომ ეს მიწა შეიძინა კომპანიის დამფუძნებელმა/დირექტორმა. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა/ნაგებობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის (13.11.2020 წელს) შემდგომ - 8.12.2020 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეულია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა დამფუძნებლისთვის უსასყიდლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა და რადგან შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება საჯარო რეესტრში დაფიქსირდა 2020 წლის დეკემბრის თვეში ოპერაციის განხორციელების პერიოდად მიჩნეულია დეკემბრის თვე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის დამფუძნებელს/დირექტორს აღნიშნული ქონება 9.12.2020 წელს იჯარით ჰქონდა გაცემული თავისივე დაფუძნებულ სხვა კომპანიაზე ანუ განკარგავდა ამ ქონებას. მომჩივნის მითითება, რომ მხოლოდ მიწის ნაწილი იყო გაქირავებული ვერ დაეთანხმება, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 9.12.2020 წლის №09/12 იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მეიჯარე (-------------) იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის სანაცვლოდ, დროებით მფლობელობაში გადასცეს მოიჯარეს (--------------) მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. უძრავი ქონების მონაცემებია: ს/კ ----------------------------

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიჩანია, რომ სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.