გადაწყვეტილება №19126/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 19126/2/202
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19126/2/2023

7.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------- " 16.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19126/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №067-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3256 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 39 454 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 22 387

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - (-27)

საშემოსავლო გადასახადი - 22 366

ქონების გადასახადი - 48

ჯარიმა - 11 272

საურავი - 5 795

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ცხოველთა დაკვლის მომსახურება, პერიოდულად ფიქსირდება ასევე საქონლის ტყავის მიწოდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გამოწერით.

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საწარმოს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი მის მიერ განხორციელებული ოპერაციები.თვეების ჭრილში ფორმა №2-ის მიხედვით დაკლული ცხოველების რაოდენობის, აგრეთვე ამავე ფორმებით რეგისტრირებული ტყავის რაოდენობის და წონის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ მონაცემებზე და ცხოველთა დაკვლის მომსახურების ფასებთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელის გამოკითხვის მასალებსა და დირექტორის განმარტებებზე, ასევე სასაკლაოს მომსახურების საშუალო ფასებზე საანგარიშო პერიოდების მიხედვით საქსტატის მონაცემების შეჯერების საფუძველზე, შეფასდა საწარმოს ფულადი შემოსულობები.

დოკუმენტური შეძენების, საბანკო ანგარიშსწორების ამონაწერის და სხვა მონაცემების საფუძველზე ასევე მოხდა შემოსულობების და განაცემების დაანგარიშება. შემოსულობების და განაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულის მოძრაობის ანგარიში. სალაროში გამოვლინდა ფულადი ნაშთი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენება არ დადასტურდა.

შემოწმების შედეგად, აღნიშნული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №067-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3256 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნდა საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი მის მიერ განხორციელებული ოპერაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმება დაეყრდნო სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მონაცემებს, მათ შორის. ინფორმაციას თვეების მიხედვით ფორმა №2-ის გამოყენებით დაკლული ცხოველების რაოდენობის (და არა ფორმა №2-ის რაოდენობის) შესახებ, რომელიც შესაბამისობაში იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ --------2020 წლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურება) მონაცემებთან. ცხოველების დაკვლის მომსახურების ფასებთან დაკავშირებით, 2022 წელზე შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელის წარმომადგენლის გამოკითხვის მასალები, ხოლო 2019-2021 წლებზე - საქსტატის მონაცემები სასაკლაოს მომსახურების საშუალო ფასების შესახებ, ხოლო საქონლის ტყავის მიწოდებასთან დაკავშირებით, შემოწმება დაეყრდნო საწარმოს მიერ გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს. შედეგად, შემოსულობების და განაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ფულის მოძრაობის ანგარიშის მიხედვით, სალაროში გამოვლინდა ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მითითებულ ვადაში წარდგენილია აუდიტორის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მიუხედავად ამისა, არასაკმარისად ჩაითვალა წარდგენილი დოკუმენტაცია და გამოითხოვეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აღნიშნულ პერიოდში სასაკლაოს მიერ დაკლული ცხოველის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 5.07.2022 წლის დადგენილებით ჩატარებული ზეპირი გამოკითხვით კომპანიის წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაცია, რაც შეეხებოდა მის მიერ ზოგადად მიწოდებულ სავარაუდო ფასებს და ამის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინა კომპანიას 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი.

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სასაკლაოს მომსახურეობა, პერიოდულად კი ტყავის მიწოდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოწერით, არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. არამართებულია სურსათის სააგენტოდან თვეების მიხედვით ფორმა №2-ის რაოდენობის მიხედვით დათვლილი ცხოველის რაოდენობის, ამავე ფორმების მიხედვით ტყავის რაოდენობის და წონის შესახებ მიღებული მონაცემებისა და სავარაუდო ფასებთან დაკავშირებით საწარმოს წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის მიხედვით დათვლილი შემოსავლის შესაბამისობა რეალურთან, რადგან აქამდე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ახდენდა საქონლის დაკვლის პროცესის სრულ კონტროლს, ვერ მოხერხდა ფორმა №2-ის გარეშე დაკლული საქონლის ხორცის რეალიზაციის აკრძალვა, რის გამოც დასაკლავი ცხოველის მეპატრონეები ითხოვდნენ საწარმოს დათანხმებას ინდივიდუალურ შეთანხმებებზე, ზოგჯერ საქონელს მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში იძენდნენ, თუ არ შესთავაზებდა კონკურენტულ ფასს (ზოგჯერ მხოლოდ ტყავს ტოვებდნენ), იძულებული იქნებოდა შეეწყვიტა საქმიანობა. აგრარულ ბაზარსა თუ გზებზე იშვიათად თუ ნახავდა ვინმე საწარმოში შემოწმებულ და დაკლულ საქონელს. დიდი ხანი საწარმო არც კი მუშაობდა მოგებაზე, მოიჯარეს თხოვა 2 წელი იჯარის გადავადებაზე პანდემიის პირობებში მდგომარეობის გაუარესებისა და საკმარისი თანხის არარსებობის გამო, სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩადო უკეთესის მოლოდინის იმედად, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტო აძლევდა პირობას, რომ მალე აღკვეთდა უკონტროლო დაკვლას, რაც საშუალებას მისცემდა ჰქონოდა ერთიანი დადგენილი მომსახურების საფასური.

ჰქონდა ზუსტად ის შემოსავალი, რასაც აღრიცხავდა ჩეკებით, ასევე ტყავის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სასაქონლო ზედნადებებით, სადაც აღნიშნული იყო ცვლადი ფასები იმ დროისთვის არსებული ტყავის ფასებიდან გამომდინარე, რასაც სთავაზობდა ბიზნესოპერატორი, რომლის ფასის დადგენა კომპანიაზე არ იყო დამოკიდებული. იცოდა, რომ საზღვარგარეთ გაჰქონდათ და უნდა გაეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა, სხვანაირად ვერ მოახდენდა ტყავის რეალიზაციას. მყიდველი დაკვლის პროცესში გაჭრილი/დაზიანებული ტყავის შესყიდვაზე აცხადებდა უარს, თანხმდებოდა მიზერულ ფასზე ან რჩებოდა ტყავი და ფუჭდებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო რამდენიმე წელია აღარ უგზავნის ფორმა №2-ის მომსახურების გადახდების მიღება-ჩაბარების აქტს, მხოლოდ წერილობით ავსებს მათ მიერ გამოგზავნილი ვეტერინარი და აგზავნის, ხოლო მისი მეორე პირი რჩება მომჩივანთან, რის მიხედვითაც, გაცემულია ფორმა №2, მომჩივნის ხელთ არსებული მონაცემებია:

2019 წ. - 1 697 სული

2020 წ. – 1 558 სული

2021 წ. – 1 851 სული

2022 წ. (1 ივნისამდე) – 757 სული

იყო ხშირი შემთხვევები, როდესაც საქონლის დამკვლელი სთხოვდა ერთ დაკლულ სულზე 2 და

3 ფორმა №2-ს, რადგან ხორცის რეალიზაცია სხვადასხვა ობიექტზე უნდა მოეხდინა.

2019 წელს შეეძინა შვილი კიდურის თანდაყოლილი ანომალიით, მისი რეაბილიტაციის კურსზე იყო ორიენტირებული, რის გამოც გამოეთიშა საწარმოო თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების პროცესს, საწარმოს მუშაობა მიანდო მენეჯერს, რომელიც იქამდე არ იცნობდა საწარმოს დოკუმენტაციის აღრიცხვის წესებს, ასევე ვერ წარმოედგინა, რომ საკუთარ ბიძას ან/და მეგობარს, რომლებიც თვითონ კლავდნენ საქონელს და მხოლოდ ფორმა №2-ის ღირებულებს იხდიდნენ, რამდენიმე საქონლის დაკვლისას კვირის ბოლოს, არ იქნებოდა გათვალისწინებული საწარმოს მუშაობის შემოწმებისას, ასევე არ იქნებოდა გათვალისწინებული ის ინდივიდუალური შეთანხმებები საქონლის მეპატრონეებთან, რომლებიც ზოგჯერ ტოვებდნენ ან მასთან ერთად დამკვლელზე და ფორმა №2-ის მომსახურეობაზე გადასახდელ ღირებულებას. მაგალითად, ე.წ. „-----“ კლავდა საშუალოდ 360 სულს (1 260 სული 3,5 წელიწადში, რომელიც მხოლოდ ტყავს და 15 ლარს ტოვებდა, ასევე მეუღლის მეგობარი ----------- საშუალოდ წელიწადში კლავდა 140 სულ ღორს (500 სული 3,5 წელიწადში), ხოლო საკუთარი ბიძა საშუალოდ 40 სულ პირუტყვს (140 სული 3,5 წელიწადში). დღემდე არიან საქონლის მეპატრონეები, ვისთანაც ნახევარ ფასზე არის შეთანხმებული, თუ არ იქნებოდა ამ შეთანხმებით მუშაობა, არ ექნებოდა ის შედეგი, რაც აქვს.

არასწორი დოკუმენტაციის წარმოება გამოწვეული იყო არა შეგნებულად, გადასახადების დამალვის მიზნით, არამედ მენეჯერის არცოდნით, რომ არ უნდა დაეკლა უფასოდ ახლობლებისათვის, მხოლოდ ფორმა №2-ის ღირებულების სანაცვლოდ, რომ უნდა შეენახა ელექტრონული ვერსიიდან ამოღებული დაკლული საქონლის მომსახურებაში გადახდილი თანხების ამობეჭდილი ან/და ხელით შევსებული ჟურნალი, რადგან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებდა მომსახურების ერთიანი საფასურის დადგენას, ემსახურებოდა უკეთესი მომავლის იმედით.

დათვლილი შემოსავალი ვერ იქნება ნამდვილთან შესაბამისობაში, საგამოძიებო სამსახურის შეტყობინებისას ვერ წავიდა გარკვეული მიზეზის გამო, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზოგადი გამოკითხვა მიმდინარეობდა, სადაც გაგზავნილ იქნა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც გარკვევით აუხსნა გამომძიებელს, რომ ფასები არ ჰქონდათ დადგენილი, რადგან ინდივიდუალურად წყდებოდა ღირებულების გადახდა ხშირად დამკვლელის მიერ შემოთავაზების მიხედვით 15 ლარიდან 50 ლარამდე, რადგან საწარმოს არ ეძლეოდა დადგენილი ფასით მუშაობის შესაძლებლობა, თუ არ აიკრძალებოდა ფორმა №2-ის გარეშე დაკლული საქონლის რეალიზაცია. დაკითხვის ოქმზე ხელის მოწერისას ნახა, რომ 50 ლარი ჩაწერეს, რაც იქვე გააპროტესტა, თუმცა აუხსნეს, რომ ეს არაფერს ნიშნავს და უბრალო გამოკითხვაა სასაკლაოების მუშაობის ზოგადი წარმოდგენისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ფორმა №2-ის ნამრავლი ზეპირი გამოკითხვისას მათ მიერ ჩაწერილ და მიჩნეულ მომსახურების საფასურის ნამრავლზე არ უნდა ჩაითვალოს რეალურთან მიახლოებულ შემოსავლად. მაგალითად, 1.06.2022 წლამდე საწარმოს მიერ სურსათის სააგენტოს მიერ მოწოდებულ დანართ №4-ის საფუძველზე სასაკლაოს მიღება-ჩაბარების აქტებში ირიცხება 757 ფორმა №2-ით დაკლული საქონელი, თუ ჩავთვლით, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ (29.09.2022 წ) აქტში ირიცხება 2022 წლის დამატებით დარიცხული 7 358 ლარი, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაემალა დაახლოებით 36 790 ლარი, რაც ნიშნავს, რომ 757 სულ საქონელზე ყველა 50 ლარად, რომ დაეკლა, მათგან შემოსავალი მხოლოდ 1 060 ლარი უნდა ჰქონოდა ამოღებული ჩეკის მიხედვით, რომელიც რეალურად 26 441,6 ლარია.

ასევე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მოყვანილია არგუმენტად, რომ მომსახურების საფასურად ჩათვლილი თანხა დადგენილია საქსტატის მიხედვით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ზუსტად ვერ დათვლიდნენ იქ მოყვანილი საშუალო ფასიდან.

საწარმო ვერ შეძლებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 29.09.2022 წლის შემოწმების აქტის, 17.10.2022 წლის №26281 ბრძანების და №067-22 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დაკისრებული საშემოსავლო გადასახადის 22 366 ლარის, დაკისრებული ჯარიმის 11 172 ლარისა და დამატებით დარიცხული საურავის 5 795 ლარის გადახდას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ვალდებულებისგან, სხვა შემთხვევაში ეს იქნება საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი, ეს კი თავის მხრივ, სურსათის სააგენტოს მიერ მოთხოვნების გამკაცრების პირობებში, რის მზაობასაც ხედავს მომჩივანი ბოლო პერიოდში, ძალიან გაართულებს მის მუნიციპალიტეტში ხორცის რეალიზატორებთან მათ მიერ დადგენილი მოთხოვნების აღსრულების შესაძლებლობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვა, შესაბამისად არ აღირიცხება მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რაც შეუძლებელს ხდის კონტროლს მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

მომჩივნის განმარტებით, არასწორი დოკუმენტაციის წარმოება გამოწვეული იყო არა შეგნებულად, გადასახადების დამალვის მიზნით, არამედ მენეჯერის არცოდნით, რომ არ უნდა დაეკლა უფასოდ ახლობლებისათვის, მხოლოდ ფორმა №2-ის ღირებულების სანაცვლოდ, რომ უნდა შეენახა ელექტრონული ვერსიიდან ამოღებული დაკლული საქონლის მომსახურებაში გადახდილი თანხების ამობეჭდილი ან/და ხელით შევსებული ჟურნალი, რადგან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებდა მომსახურების ერთიანი საფასურის დადგენას, ემსახურებოდა უკეთესი მომავლის იმედით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა ასევე მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ცხოველთა დაკვლის მომსახურება.პერიოდულად ფიქსირდება ასევე საქონლის ტყავის მიწოდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გამოწერით.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საწარმოს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი მის მიერ განხორციელებული ოპერაციები.მომჩივნის განმარტებით, არასწორი დოკუმენტაციის წარმოება გამოწვეული იყო არა შეგნებულად, გადასახადების დამალვის მიზნით, არამედ მენეჯერის არცოდნით, რომ არ უნდა

დაეკლა უფასოდ ახლობლებისათვის, მხოლოდ ფორმა №2-ის ღირებულების სანაცვლოდ, რომ უნდა

შეენახა ელექტრონული ვერსიიდან ამოღებული დაკლული საქონლის მომსახურებაში გადახდილი

თანხების ამობეჭდილი ან/და ხელით შევსებული ჟურნალი.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის

საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.

ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის

ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა

ასევე მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების

საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

მუხლი:136(3),73(5),102(1)ბ,101(1),154(1)