გადაწყვეტილება №21116/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.12.2023
№ დოკუმენტი 21116/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21116/2/2023

21 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 19.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21116/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24690 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი (ტექნიკური შეცდომის გასწორების შემდგომ 6 000 ლარი).

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების განთავსება.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ -ის “ დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის ზოგადი დეკლარირებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის შემდეგ, მფლობელებისათვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება ხორციელდება საბაჟო საწყობის თანამშრომლების მიერ.

აღნიშნულის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლები საბაჟო კონტროლის ზონიდან სატრანსპორტოს საშუალებების გაყვანამდე ახორციელებენ საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას.

როგორც ირკვევა, საბაჟო საწყობის თანამშრომლები სისტემატურად აგვიანებდნენ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის გადაცემას, რითაც ხელი ეშლებოდა საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რაზეც საბაჟო საწყობის თანამშრომლებს, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ როგორც ზეპირად, ასევე წერილობით (8.07.2023წ. №"-------" ) არაერთგზის ეთხოვა, მფლობელებისთვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაცემის უზრუნველეყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო სანქციების დაკისრება.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საბაჟო საწყობის მიერ არ შესრულდა საბაჟო ორგანოს მოთხოვნა და კვლავ ჭიანურდებოდა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელება. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს ეშლებოდა ხელი საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან მფლობელებისთვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაცემის დაყოვნებით ირღვევა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობი. (იმავე სანებართვო პირობების დარღვევისთვის საბაჟო საწყობს პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს 16.01.2023 წელს (№EL197311 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტის 18.09.2023 წლის 18 სექტემბრის №22811 ბრძანებით გასწორდა აღნიშნულ ოქმში დაშვებული ტექნიკური შეცდომები. კერძოდ:

ა) მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) დაემატა ჩანაწერი: „დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები“;

ბ) მე-6 გრაფაში („საბაჟო სანქციის სახე ან/და ოდენობა“) მითითებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი – „176-ე მუხლის პირველი ნაწილი“ შეიცვალა ჩანაწერით: „176-ე მუხლის მე-2 ნაწილი“, ხოლო შეფარდებული ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარი შეიცვალა 6 000 ლარით.

საბაჟო დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №22811 ბრძანების საფუძველზე გამოიცა 18.09.2023 წლის №094-103 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 19.10.2023 წელს წარმოდგენილი საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნულ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

საბაჟო დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 23.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.10.2023 წლის №24690 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვინაიდან საბაჟო საწყობის თანამშრომლები სისტემატურად აგვიანებდნენ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის გადაცემას, აღნიშნულით ხელი ეშლებოდა საბაჟო კონტროლის განხორციელებას და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების გაღიზიანებას, ასევე კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ. შესაბამისად, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ -ის “ უფლებამოსილი პირების მიერ საბაჟო საწყობის თანამშრომლებს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით ეთხოვათ, რომ უზრუნველეყოთ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების შესრულება (საბაჟო პროცედურების დროულად და ეფექტურად შესრულება) და მფლობელებისთვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაცემა.

დადგენილია ასევე, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საბაჟო საწყობის მიერ არ შესრულდა საბაჟო ორგანოს მოთხოვნა და კვლავ ჭიანურდება საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელება. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს კვლავ ეშლება ხელი საბაჟო კონტროლის განხორციელებაში და კვლავ აქვს ადგილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების გაღიზიანებას.

სამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ როგორც შედგენილი ოქმი, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანება, საერთოდ არ მოიცავს დასაბუთებას, არ არის განსაზღვრული თუ კონკრეტულად რომელი ვადების, ვალდებულებების ან მოქმედებების შესრულების ვალდებულების დარღვევაზე არის საუბარი, ან რას ნიშნავს დროულად არ ხდება სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის გადაცემა - რომელ დროსა და ვადაზე არის მითითება გაკეთებული და კონკრეტულად რა სახის საკანონმდებლო ვალდებულებაა დარღვეული. მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მიერ არ სრულდება საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნები და ხელი ეშლება საბაჟო კონტროლის განხორციელებას, არის იმდენად აბსტრაქტული და ზოგადი რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის გაუგებარია კონკრეტულად რა სახის მოთხოვნის დარღვევაზეა საუბარი, ან რა მხრივ ეშლება ხელი საბაჟო ორგანოს კონტროლის განხორციელებაში. შესაბამისად, სადავო აქტები არის სრულიად ზოგადი და ბუნდოვანი, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო.

ზოგადად საწყობი ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს შემოსული ავტომობილების მესაკუთრეებისათვის გადაცემა და ამისათვის მობილიზებულია როგორც კომპანიის შესაბამისი მუშახელი, ასევე საჭირო ტექნიკა. მიუხედავად ამისა, მომატებული ტვირთბრუნვის პირობებში რიგ შემთხვევაში მაინც ჭიანურდება აღნიშნული პროცესი, თუმცა ეს მათგან დამოუკიდებელი მიზენით ხდება, მაგალითისთვის სატრანსპორტო საშუალებების მისი მფლობელებისათვის მიწოდების ვადა, პერიოდი, პირობები და ა.შ. გარდა დადგენილი მომსახურების მიღების რიგითობისა დამოკიდებულია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობაზე, გაუმართავი და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ამოსაყვანად საწყობის მიერ ხორციელდება დამატებითი ძალების მობილიზება, თანამშრომლებისა და საჭირო ტექნიკის დამატება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუქსირება, ევაკუატორით გადაადგილება და სხვა. შესაბამისად, არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც საკონტეინერო ტერმინალის მიერ კლიენტებისათვის ეფექტური და დროული მომსახურების გაწვა დაკავშირებულია მთელ რიგ ფაქტორებთან, რომელიც უმეტესწილად ისევ კლიენტებს უკავშირდება.

რაც შეეხება ოქმში მითითებულ საბაჟო ორგანოს წერილებსა და მოთხოვნებს, ყოველ მათგანზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად რეაგირებდა და უფრო მეტიც, საბაჟო სამსახურთან ერთად მუშაობდა და ახლაც მუშაობს აქტიურად პროცედურებისა და საჭირო მოქმედებების განხორციელების დახვეწის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო პროცედურების ეფექტურობის გაზრდას და სატრანსპორტო საშულებების მფლობელისათვის მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის დროს შემცირებას. შესაბამისად მითითება იმაზე, რომ საბაჟო სამსახურის რაიმე სახის წერილობით თუ ზეპირ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია, ან არ უზრუნია კონკრეტული თუ ზოგადი პრობლემის მოგვარებაზე არ შეესაბამება სინამდვილეს, უფრო მეტიც ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს საბაჟო სამსახურის ნებისმიერ მოთხოვნასა თუ მომართვაზე მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს რეაგირება და სრულად შესრულდეს ყველა შესაბამისი მითითება, თუ მოთხოვნა სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოს თუ შემოსავლების სამსახურის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საწყობის მიერ არ მოხდა საბაჟო ორგანოს წერილობითი მითითების შესრულება არის დაუსაბუთებელი და გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული და დაკონკრეტებული რაში გამოიხატა მითითების არ შესრულება. მაგალითისთვის არ მოხდა შედარება, როგორ და რა ვადებში ხდებოდა საშუალოდ ავტომობილების გადაცემა მესაკუთრეებისათვის აღნიშნული მითითების გაცემამდე და შემდეგ გაუმჯობესდა სიტუაცია და შემცირდა დრო თუ უცვლელი დარჩა ის, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით. ბრძანებაში არ გვხვდება მითითება იმ კონკრეტულ ვადებზე რაც უნდა დაიცვას ტერმინალმა რათა ავტომობილების გადაცემა ჩაითვალოს დროულად, მაგალითისთვის არაუმეტეს 2 სამუშაო დღე კონკრეტულ შემთხვევაში ან 4 სამუშაო დღე სხვა შემთხვევაში. ნათელია, რომ ყველა მესაკუთრეს კონკრეტული კონტეინერის გახსნიდან ერთი და იგივე დროს ვერ მიაწოდებს ავტომობილს და ამას კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია დასჭირდეს განსხვავებული დრო. შესაბამისად, ყოველთვის შესაძლებელია, რომ კონკრეტული მომხმარებელი იყოს უკმაყოფილო და ამდენად არსებობდეს პრეტენზიები ან შეიქმნას კონფლიქტური სიტუაციები, რაზეც ტერმინალი ვერ იქნება პასუხისმგებელი.

მიუხედავად მაქსიმალური მცდელობისა ოპერატიულად და დროულად განხორციელდეს მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ტერმინალის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და გამოწვევად საოპერაციო თვალსაზრისით კვლავ რჩება არსებული ტერიტორიის გადატვირთვა სხვადასხვა სეზონში, განსაკუთრებით ზაფხულის თუ სხვა გადატვირთულ სატვირთო პერიოდში. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით, დამატებით იჯარით იქნა აღებული ტერმინალი ნავსადგურის მიმდებარედ, რომლის დამატებით ექსპლუატაციასაც ახდენს. ასევე ამ საკითხის მოსაგვარებლად, მუდმივად ხდება საოპერაციო პროცესების დახვეწა. ეფექტურობის გაზრდა, დამატებით მუშახელისა და ტექნიკის მობილიზება და ა.შ. ამ თვალსაზრისით ტერმინალის ტერიტორიის დროული განტვირთვა სატრანსპორტო საშუალებებისაგან, ერთ-ერთი პრიორიტეტულია კომპანიისთვის. ამდენად, უპირველესად დაინტერესებულია და მაქსიმალურად ცდილობს მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების დროული გაყვანა მფლობელების მიერ. თუ ეს მაქსიმალურად დროულად ვერ ხერხდება. გამოწვეულია მხოლოდ მფლობელების მიზეზით ან სხვა მისგან დამოუკიდებელი ტექნიკური ხასიათის მიზეზით. შესაბამისად, იქით დადანაშაულება, რომ დროულად არ ახდენს მფლობელებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას არის სრულიად არასწორი, უსამართლო და უკანონო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას. გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა ტერმინალი მუდმივად ცდილობს შეუფერხებლად გასწიოს სატერმინალო მომსახურება და უზრუნველყოს დროული რეაგირება პრობლემურ საკითებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხდება დაზიანებული თუ მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება-გადაცემის დროს. საწყობი მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და საქმიანობა წარმართოს რაიმე წესისა და მოთხოვნის დარღვევის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

მომჩივნისთვის გაუგებარია თუ კონკრეტულად რომელი ვადების, ვალდებულებების ან მოქმედებების შესრულების ვალდებულების დარღვევაზე არის საუბარი, ან რას ნიშნავს დროულად არ ხდება სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის გადაცემა - რომელ დროსა და ვადაზე არის მითითება გაკეთებული და კონკრეტულად რა სახის საკანონმდებლო ვალდებულებაა დარღვეული. საწყობი ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს შემოსული ავტომობილების მესაკუთრეებისათვის გადაცემა და ამისათვის მობილიზებულია როგორც კომპანიის შესაბამისი მუშახელი, ასევე საჭირო ტექნიკა. მიუხედავად ამისა, მომატებული ტვირთბრუნვის პირობებში რიგ შემთხვევაში მაინც ჭიანურდება აღნიშნული პროცესი, თუმცა ეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება, კერძოდ, გარდა დადგენილი მომსახურების მიღების რიგითობისა აღნიშნული დამოკიდებულია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება ოქმში მითითებულ საბაჟო ორგანოს წერილებსა და მოთხოვნებს ყოველ მათგანზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად რეაგირებდა და უფრო მეტიც, საბაჟო სამსახურთან ერთად მუშაობდა და ახლაც მუშაობს აქტიურად პროცედურებისა და საჭირო მოქმედებების განხორციელების დახვეწის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო პროცედურების ეფექტურობის გაზრდას და სატრანსპორტო საშულებების მფლობელისათვის მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის დროის შემცირებას.

საბაჟო დეპარტამენტის 8.07.2023 წლის №------ წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ მიუხედავად მრავალი სიტყვიერი გაფრთხილებისა და შეთანხმებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროული მიწოდება მფლობელებისათვის, რომლებსაც უწევს საათობით (ხშირ შემთხვევაში სამი, ოთხი საათი ან მეტი) ლოდინი, რაც იწვევს მატ უკმაყოფილებას და კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას ზოგადად შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ, ხოლო ზემოთქმულით ხელი ეშლება საბაჟო კონტროლის განხორციელებას. აგრეთვე, არის შემთხვევები, როდესაც მიუხედავად სიტყვიერი მითითებისა ირღვევა საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც საჭიროებს დროულ რეაგირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეთხოვა დროულად აღმოფხვრას ხარვეზები, აგრეთვე დროულად მოხდეს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების შესრულება, რაც გამოიხატება საბაჟო პროცედურების დროულად და ეფექტურად შესრულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

საქმეში წარმოდგენილია ცხრილი სადავო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს, 26.07.2023 წელს, დღის 12 საათიდან საღამოს 11 საათამდე სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისა და მათი ტერმინალიდან გაყვანის დროების მითითებით.

საბაჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი წარადგენს დოკუმენტაციას, საბაჟო ორგანო ახდენს წინასწარ დეკლარირებას და ასახავს შესაბამის ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტოს ბაზაში. ამის შემდეგ მიმღები მიდის ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების გამოსაყვანად და ტერმინალმა უნდა უზრულველყოს გონივრულ ვადაში სატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის გადაცემა. აღნიშნულის შემდგომ, საბაჟო დეპარტამენტი აკონტროლებს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება გადაეცა თუ არა მფლობელს და ამით ასრულებს საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს. ტერმინალმა საბაჟო ორგანოს განუმარტა, რომ მფლობელისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემას აჭიანურებდა არასაკმარისი მუშა ხელი. ამდენად, აღნიშნულით ხელი ეშლებოდა საბაჟო კონტროლის განხორციელებას და იწვევდა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების გაღიზიანებას, ასევე კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ.

მომჩივნის არგუმენტზე, საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევებს არ განეკუთვნება ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც აქვს ტექნიკური პრობლემა და გადაადგილებისათვის საჭიროებს დამატებით დროს ან ტექნიკას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯარიმის დაკისრების შემდგომ, ტერმინალმა უზრუნველყო საბაჟო ორგანოს მოთხოვნების შესრულება, კერძოდ, დამატებით დაიქირავა თანამშრომლები და აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების განთავსება.არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საბაჟო საწყობის მიერ არ შესრულდა საბაჟო ორგანოს მოთხოვნა და კვლავ ჭიანურდებოდა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელება. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს ეშლებოდა ხელი საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან მფლობელებისთვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაცემის დაყოვნებით ირღვევა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.საბაჟო დეპარტამენტის 18.09.2023 წლის 18 სექტემბრის №22811 ბრძანებით გასწორდა აღნიშნულ ოქმში დაშვებული ტექნიკური შეცდომები, ხოლო შეფარდებული ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარი შეიცვალა 6 000 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

127,176.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია(8,17).