N 188 - 22/06/2015 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №188
2015 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, 2015 წლის აპრილიდან მაისის ჩათვლით პერიოდში, სავაჭრო ქსელში არსებული ფასების შესწავლისას შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის რომელიმე დასახელების/ ქვედასახელების საცალო სარეალიზაციო ფასისაგან განსხვავებული ფასი, შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის „ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში 2015 წლის 1 ივლისამდე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური