გადაწყვეტილება №18034/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18034/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18034/2/2022).
დავის საგანი:
1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა და გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №081-61 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 75 774 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 40 968
დღგ - 40 887
საშემოსავლო გადასახადი - 8 253
ქონების გადასახადი - (-8 172)
ჯარიმა - 23 031
საურავი - 11 775
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 25.04.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 იანვრის №349 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №9260 ბრძანება და 13.04.2022 წლის №081-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა 4.10.2022 წლის №25273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული სადავო საკითხების ნაწილში არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა და გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, კომპანია რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2019 წლის 25 აპრილს, საწარმომ ამავე პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიწის ნაკვეთი დაუმთავრებელი მშენებლობით, რომელიც მდებარეობს ----------. შპს „----------“-მ აღნიშნული მიწა შეიძინა ფიზიკური პირებისგან: "----------"-გან 2017 წლის 6 აპრილს და "----------"-გან 2017 წლის მაისში, შემდეგი პირობით: ფიზიკური პირები გადასცემენ 1 915 კვ.მ მიწას, ხოლო მეორე მხარე - შპს „----------“ დაიწყებდა მრავალსართულიანი სახლების მშენებლობას და სანაცვლოდ გადასცემდა ბინებს. 2017 წლის 23 აგვისტოდან შპს „----------“-მ განახორციელა მშენებლობასთან დაკავშირებული საწყისი ეტაპები (---------- მერიისგან მიიღო ბრძანება №---------- სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ), 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო ბინების რეალიზაცია.
2019 წლის 30 აპრილს აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობა მიწის ნაკვეთით მიჰყიდა მომჩივანს (ყოფილი შპს „----------“). საწარმოს დაეკისრა ვალდებულება ააშენოს მრავალსაცხოვრებლიანი კორპუსი გაცემული ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში და მიწის ნაკვეთის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს გადასცეს ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ფართების 21%. ასევე მოხდა სამმხრივი ურთიერთშეთანხმება ბინის მომავალ მესაკუთრეებს, შპს „----------“-ს და შპს „----------“-ს შორის, მომავალი ბინის მესაკუთრეები გადაუხდიდნენ დარჩენილ დავალიანებას შპს „----------“-ს, ხოლო საწარმო უზრუნველყოფდა მშენებლობის დასრულებას და მათი კუთვნილი ბინების გადაცემას.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით. ამასთან, რადგანაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება გრძელვადიან კონტრაქტად, საბაზრო ფასით შეფასებული დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრა ფაქტობრივად შესრულების მოცულობის მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას დაერიცხა ყოველი წლის დეკემბრის თვეში დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით და 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად იქნა განხილული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრძელვადიან კონტრაქტად, ხოლო კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების (საბაზრო ფასით) დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი არსებობდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემთხვევაში და შპს „----------“-მ 2019 წლის 30 აპრილს შეწყვიტა გრძელვადიანი კონტრაქტი მიწის მესაკუთრეებთან და დაუმთავრებელი მშენებლობა მიწის ნაკვეთით მიჰყიდა გადამხდელს. თავის მხრივ გადამხდელმა აიღო ვალდებულება, რომ შეძენილი ქონების ღირებულების სანაცვლოდ გარკვეულ ქონებას გადასცემდა ცალკეულ პირებს. მოცემულ შემთხვევაში 25.09.2019 წელში რეგისტრირებული კომპანიის მიმართ არ უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით დადგენილი წესით. მიაჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი და არ უნდა მოხდეს 1.01.02018-მდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მითითებით სადავო თანხების დარიცხვა. არ მომხდარა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და შპს „----------“ შორის არსებულ ხელშეკრულებაში შპს „----------“-ის ჩანაცვლების შესახებ მხარეებს შორის შეთანხების გაფორმება. ნასყიდობის გზით შეიძინა ქონება შპს „----------“-გან, სწორედ მის წინაშე აიღო ვალდებულება მასზედ, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულების ანგარიშში გარკვეულ ქონებებს გადასცემდა სხვადასხვა პირებს. ნასყიდობის გზით შპს "----------"-მ ქონება გადასცა შპს "----------"-ს, რაც არ ნიშნავს მიწის მესაკუთრეებს და შპს "----------" შორის არსებული გრძელვადიანი კონტრაქტის გაგრძელებას, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია, თუ სამება გააგრძელებდა მიწის მესაკუთრეებთან არსებული ხელშეკრულების შესრულებას, რა თქმა უნდა მას უნდა ემოქმედა გრძელვადიანი კონტრაქტის მიმართ არსებული მოთხოვნების დაცვით (საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილი). ამ ნაწილში მის მიმართ ახალი რეგულაციები არ გავრცელდებოდა. ქონების გასხვისებით შპს სამებამ შეწყვიტა მიწის მესაკუთრეებთან ურთიერთობა, ხოლო 30.04.2019 წელს შეძენილი ქონების ღირებულების სანაცვლოდ ახალი რეგულაციების პირობებში გარკვეული ფართების ცალკეულ პირებზე გადაცემის ვალდებულება არ ნიშნავს გრძელვადიანი კონტრაქტის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მოხდა საქმის არასწორი შეფასება.
შემოსავლების სამსახურმა სათანადოდ არ შეისწავლა სადავო საკითხი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს, შემოსავლების სამსახური მომჩივნის საქმიანობას განიხილავს, როგორც შპს "----------" საქმიანობას, რაც არასწორია. სადავო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ იყო დაწყებული ამ პირობებში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შესაძლებელი იყო მოშლილიყო შპს "----------" და ფიზიკურ პირებს შორის თავდაპირველად დადებული გარიგება და შემდეგ ფიზიკური პირები დადებდნენ ახალ გარიგებას მომჩივანთან უკვე 30.04.2019 წელში, რა დროსაც უკვე მოქმედი ახალი რეგულაციების თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის წესები არ მოქმედებდა. სადავო საკითხის შეფასებისას ეს დაშვება არ გაუკეთებია შემოსავლების სამსახურს.
ნასყიდობის წესებიდან გამომდინარე, შპს "----------" და შპს "----------"-ს შორის გაფორმდა ახალი გარიგება და ეს არის შეთანხმება მიწის მესაკუთრეებს, შპს "----------" და შპს "----------"-ს შორის, რომელშიც შპს "----------" შპს "----------"-ით ჩანაცვლების შესახებ იქნებოდა საუბარი. ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა შპს "----------". ის, რომ მიწის ნაკვეთი (ნასყიდობის საგანი) გარკვეული ვალდებულებებით იყო დატვირთული გასხვისების დროს არ ნიშნავს, რომ ამ საფუძვლით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება გრძელვადიან კონტრაქტად უნდა იქნას განხილული.
ამრიგად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე არ არიან ფიზიკური პირები და ასეც, რომ ყოფილიყო 30.04.2019 წელში მათთან ხელშეკრულების გაფორმება ვერ აითვლება გრძელვადიან კონტრაქტად ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №081-61 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 23 031 ლარი და საურავი - 11 775 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტით დარიცხვა გამოწვეულია საგადასახადო ორგანოს არასწორი შეფასებით. აქედან გამომდინარე, მოითხოვს დარიცხული სანქციების შემცირებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებისას დადგენილია, რომ საწარმომ 2019 წლის 25 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა შპს „----------“-გან (ს/ნ ----------) მიწის ნაკვეთი დაუმთავრებელი მშენებლობით, რომელიც შპს „----------“ შეიძინა ფიზიკური პირებისგან იმ პირობით, რომ შპს „----------“ დაიწყებდა მრავალსართულიანი სახლების მშენებლობას და სანაცვლოდ გადასცემდა ბინებს. 2017 წლის 23 აგვისტოდან შპს „----------“-მ განახორციელა მშენებლობასთან დაკავშირებული საწყისი ეტაპები და 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო ბინების რეალიზაცია, ხოლო 2019 წლის აპრილში აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობა მიწის ნაკვეთით მიჰყიდა შპს „----------" (ყოფილი შპს „----------“), რომელსაც დაეკისრა ვალდებულება ააშენოს მრავალსაცხოვრებლიანი კორპუსი გაცემული ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში და მიწის ნაკვეთის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს გადასცეს ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ფართების 21%. ასევე განხორციელდა სამმხრივი ურთიერთშეთანხმება ბინის მომავალ მესაკუთრეებს, შპს „----------“ და შპს „----------“-ს შორის, რომლის თანახმად, მომავალი ბინის მესაკუთრეები გადაუხდიდნენ დარჩენილ დავალიანებას შპს „----------“-ს, ხოლო საწარმო უზრუნველყოფდა მშენებლობის დასრულებას და მათი კუთვნილი ბინების გადაცემას. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩაითვალა გრძელვადიან კონტრაქტად, ხოლო კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურება (საბაზრო ფასით) დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით დადგენილი წესი. მიაჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე და არ უნდა მოხდეს 1.01.02018-მდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მითითებით სადავო თანხების დარიცხვა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა დააზუსტა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უძრავი ქონება ფიზიკურ პირებზე რეგისტრირებულია მშენებარე სტატუსით, 3.08.2020 წელს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა და გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმომ 2019 წლის 25 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა „X“-სგან მიწის ნაკვეთი დაუმთავრებელი მშენებლობით, რომელიც „X“-მა შეიძინა ფიზიკური პირებისგან იმ პირობით, რომ „X“ დაიწყებდა მრავალსართულიანი სახლების მშენებლობას და სანაცვლოდ გადასცემდა ბინებს. 2017 წლის 23 აგვისტოდან „X“-მა განახორციელა მშენებლობასთან დაკავშირებული საწყისი ეტაპები და 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო ბინების რეალიზაცია, ხოლო 2019 წლის აპრილში აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობა მიწის ნაკვეთით მიჰყიდა მომჩივანს, რომელსაც დაეკისრა ვალდებულება ააშენოს მრავალსაცხოვრებელი კორპუსი გაცემული ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში და მიწის ნაკვეთის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს გადასცეს ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ფართების 21%. ასევე განხორციელდა სამმხრივი ურთიერთშეთანხმება ბინის მომავალ მესაკუთრეებს, „X“-ს და მომჩივანს შორის, რომლის თანახმად, მომავალი ბინის მესაკუთრეები გადაუხდიდნენ დარჩენილ დავალიანებას მომჩივანს, ხოლო საწარმო უზრუნველყოფდა მშენებლობის დასრულებას და მათი კუთვნილი ბინების გადაცემას. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩაითვალა გრძელვადიან კონტრაქტად, ხოლო კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურება (საბაზრო ფასით) დაიბეგრა დღგ-ით. შემოსავლების სამსახურმა 29.09.2023 წლის №24137 ბრძანებით მიიჩნია, რომ სამმხრივი ურთიერთშეთანხმება წარმოადგენს ჩანაცვლების კონტრაქტს, რაც თავის მხრივ, არის გრძელვადიანი კონტრაქტის გაგრძელება. საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად იქნა განხილული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრძელვადიან კონტრაქტად. ასევე მართლზომიერად განხორციელდა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების (საბაზრო ფასით) დღგ-ით დაბეგვრა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159(1„ა,ბ“)' 163(1); 164(1).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)