ბრძანება N 11153
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11153
14 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 1 აპრილის №21770/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 27 ოქტომბრის №84411/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №081-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აცხადებს, რომ კომპანიამ პირნათლად გამოიყენა აქციზური მარკები, თუმცა არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით;
2. არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას;
3. არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (---) გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვას;
4. არ ეთანხმება გაცემულ ხელფასებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გამოვლენილ სხვაობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17779 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24359 ბრძანება და ამავე თარიღის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 602 082 ლარი, მათ შორის, გადასახადი 318 803 ლარი, ჯარიმა 148 294 ლარი და საურავი 134 985 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 დეკემბრის №31471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 1 აპრილის №21770/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31471 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 1 აპრილის №21770/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. შპს „-----ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება და აქვს ღვინის მაღაზია. კერძოდ, ქალაქ ---ში, ---ის ქუჩებზე არსებულ ობიექტზე განთავსებულია მექსიკური რესტორანი, პიცერია, სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და ღვინის მაღაზია. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გატანილი აქვს აქციზური მარკები (15,000 ერთეული) აქციზით დასაბეგრი საქონლის (ლუდი, ლიქიორი) იმპორტის მიზნით. გაიმპორტებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 13 204 ერთეულს. ხოლო 1 796 ცალი აქციზური მარკა პირს აქვს ნაშთად, ადგილზე. ასევე, 570 ცალი ერთეული აქციზით დასაბეგრი პროდუქციის იმპორტი განხორციელებული აქვს აქციზური მარკების გატანიდან 6 თვეზე მეტი ხნის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 6 პირზე. აღნიშნული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „---ის“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს. შემოწმებით შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები. მათგან ერთ-ერთი ფიზიკური პირის ძირითადი საქმიანობა განსხვავდებოდა შპს „---ის“ მიმართ გაწეული მომსახურებისგან. სხვა შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ პირს, ასრულებდნენ შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას (ფულის გამოტანა, შეტანა, თანამშრომლებისთვის გადახდა და ა.შ.). ორი ფიზიკური პირის მიერ 2022 წლის 9 თვეში შესრულებული დასუფთავების მომსახურების ღირებულება შეადგენს 120 000 ლარამდე თანხას, მაშინ როცა, დასუფთავების მომსახურებას უწევენ სხვა დაქირავებული პირებიც.
საწარმოს ყველა მათგანისთვის გადახდილი აქვს მცირე ბიზნესის გადასახადი და აღნიშნულ პირებს მცირე ბიზნესით დასაბეგრი შემოსავალი მიღებული აქვთ შპს „---გან“. შემოწმებამ აღნიშნული ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. საწარმოს 2020 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „----“) ერთჯერადად გადარიცხული აქვს 975 473 ლარი, რომლის საფუძველშიც მითითებულია „ავანსი რესტორნის ავეჯის და აღჭურვილობისთვის“ და შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა. ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. გადამხდელის ზეპირი განმარტებით, პანდემიის გამო შეფერხდა მოწოდება, ხოლო შემდეგ აღარ იყო აღნიშნული ავეჯის და აღჭურვილობის საჭიროება, ხოლო თანხის მისაღებად დირექტორი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი განსხვავდება დეკლარირებულისგან. შემოწმების შედეგად გადამხდელს აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხთან მიმართებით დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 6 პირზე. რამდენადაც ხსენებული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „---ის“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს, შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ ეს ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია 2020 წლიდან ყოველთვიურად ასაქმებდა 100-მდე ადამიანს, რომელთა შრომის ანაზღაურების შესაბამის საშემოსავლო გადასახადს აკავებდა გადახდის წყაროსთან და იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ჯამში გადახდილია 730 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების დროს, დაქირავებით მომუშავე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ხარვეზი თითქმის არ აღმოჩენილა. პირები, რომლებმაც შემდგომ მიიღეს მცირე ბიზნესის სტატუსი, მანამდე შრომით ურთიერთობაში იყვნენ კომპანიასთან, თუმცა ასრულებდნენ განსხვავებულ საქმიანობებს. ანუ, შრომით ურთიერთობაში მათი ფუნქციამოვალეობები იყო განსხვავებული, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანიას უწევდნენ სხვაგვარ მომსახურებას. ისინი არ ყოფილან დაქირავებით მომუშავე კადრები მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს მიეღოთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო მანამდე მათი შრომის ანაზღაურების შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი კავდებოდა გადახდის წყაროსთან კანონის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირები შემოსავალს იღებენ სხვა კომპანიებიდანაც.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ხსენებული თანხების დარიცხვა მოხდა ექვს ფიზიკურ პირთან მიმართებაში, კერძოდ, -----ის შემთხვევაში, კომპანიას მისთვის ორჯერ ჰქონდა ჩარიცხული მცირე მეწარმის გადასახადი, ---ზე საქვეანგარიშოდ ჰქონდა გაცემული თანხები, ასევე, ჩარიცხული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საჭიროებისათვის (ბინის საფასური, კლუბის მუსიკოსზე გაცემული თანხა, ბაზრობაზე შეძენილი გაზქურა კომპანიიათვის და ა.შ.), ---თვის ჩარიცხული იყო მუშების ავანსი, სხვა პირის მივლინების თანხა და ა.შ. ----თვის ერთჯერადად ჩარიცხული იყო მცირე ბიზნესის გადასახადის თანხა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის მაისი-ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „---“) გადარიცხული აქვს 975 473 ლარი. დანიშნულების მიხედვით, აღნიშნული თანხა არის ავანსი რესტორნის ავეჯისა და აღჭურვილობისთვის. შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა. ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას.
შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივნის განმარტებით, ხელშეკრულება იტალიურ კომპანია „---.“-სა და შპს „---ს“ შორის დადებულია 2020 წლის 30 აპრილს. შეთანხმების თანახმად, ----ს უნდა მოეწოდებინა ჯამში 939 110.63 ევროს ღირებულების აღჭურვილობა. აღჭურვილობის ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებაში. სახელშეკრულებო ღირებულების გადახდის პირობები აღწერილია ხელშეკრულების მე-3 მუხლში. საწყის ეტაპზე, შეკვეთისას, კომპანიამ მომწოდებელს გადაუხადა ღირებულების 30% ავანსის სახით (281 733 ევრო), რომელმაც შეადგინა 975 473 ლარი. ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა რაოდენობის და სახის საქონელი უნდა მოეწოდებინა იტალიურ კომპანიას. 2020 წელს დაიწყო კოვიდ პანდემია, რომელიც იყო ფორს-მაჟორი და ამიტომ, კომპანიამ შეცვალა თავისი სამოქმედო სტრატეგია: რესტორნების მოწყობა, ბრენდინგი, დიზაინები, რათა გამკლავებოდა პანდემიის დროს წარმოშობილ სირთულეებს. ამ მიზეზით, მხარეებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება, რათა შეცვლილიყო იმ საქონლის ჩამონათვალი, რაც თვადაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის ნოემბერში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ გადარიცხული თანხა კვლავ წარმოადგენდა მომწოდებლის დავალიანებას, მიღებულ ავანსს და მომწოდებელი ელოდებოდა შეცვლილი საქონლის ჩამონათვალს. 2023 წლის მაისში მოხდა დამატებითი შეთანხმება, რის მიხედვითაც, მომწოდებელი 2024 წლის იანვრის ბოლომდე ან დააბრუნებდა გადახდილ თანხას ან საპირწონედ მოაწვდიდა ხელახლა შეთანხმებულ საქონელს. ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ავანსის ნამდვილობა და მიზეზი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას.
გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს მხარეებს შორის შეთანხმებას განსაზღვრული რაოდენობის საქონლის მიწოდებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნული ოპერაცია დღემდე წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას და არ მომხდარა თანხის უკან დაბრუნება, არ დასტურდება დოკუმენტურად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი განსხვავდება დეკლარირებულისგან. გადამხდელს აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანი აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ მოუწოდებია დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ ფიზიკურ პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება არ იყო შესაბამისად დადეკლარირებული. შესაბამისად, არ ჰქონიათ შესაძლებლობა, გადაემოწმებინათ წარდგენილი დეკლარაციის სიზუსტე. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე, კერძოდ, ----ზე საბუღალტრო პროგრამაში გაცემული ხელფასის თანხები განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან ჯამურად 35 196 ლარით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აცხადებს, რომ კომპანიამ პირნათლად გამოიყენა აქციზური მარკები, თუმცა არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით;
2. არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას;
3. არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვას;
4. არ ეთანხმება გაცემულ ხელფასებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გამოვლენილ სხვაობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17779 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24359 ბრძანება და ამავე თარიღის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 602 082 ლარი, მათ შორის, გადასახადი 318 803 ლარი, ჯარიმა 148 294 ლარი და საურავი 134 985 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 დეკემბრის №31471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 1 აპრილის №21770/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31471 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269; 73 (4, 9); 101; 154; 982.