ბრძანება N 8829

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 8829
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8829

16 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 12 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 12 მარტის №88412/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №127-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მოყვანილი გარემოება ანგარიშ-ფაქტურების უსაქონლო/ფიქტიურად ჩათვლის შესახებ მიაჩნია დაუსაბუთებლად. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში აღნიშნულის დასადასტურებლად არ არის მითითებული რომელიმე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება და არც მოხსენიებული გამოკითხვის მასალები არ არის თანდართული.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ მომსახურება გაწეულ იქნა იურიდიული პირის მიერ, ხოლო თუ აღნიშნული მომსახურების ფაქტურები იქნა დახარვეზებული და არ იქნა მიჩნეული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, მოცემულ ხარჯზე უნდა იქნას გავრცელებული 25/75% მიდგომა. ამასთან, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნული თანხებით შემცირდეს საწესდებო კაპიტალი და არ მოხდეს საკუთარი ინვესტირებული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ გარემოებას. კერძოდ, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამომწერ პირზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურობა და არც გადარიცხვების ფაქტია დასაბუთებული.

4. გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №33801 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 22 თებერვლის №3905 ბრძანება და ამავე თარიღის №127-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 472 075 ლარი, მათ შორის, გადასახადი 195 272 ლარი, ჯარიმა 244 189 ლარი და საურავი 32 614 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „---ის“ საგადასახადო შემოწმება დანიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილებით რევიზიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული დადგენილების, აგრეთვე სხვადასხვა მოწმეების (მ.შ. საწარმოს დირექტორის) გამოკითხვის მასალებით დასტურდება, რომ შპს „---ს“ შპს „---აგან“ მიღებული აქვს უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა-----, რომელთა საფუძველზე უკანონოდ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა სულ 70262.54 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა შემოწმების მიერ დაექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.

2. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურება. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდამდე (2023 წლის აპრილი) გადამხდელი ახორციელებდა სასტუმროს მშენებლობას, რისთვისაც სხვადასხვა პირებისაგან ახდენდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შეძენას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, საწარმოს დირექტორის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ შპს „---მა“ შპს „---საგან“ მიიღო უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გამოკითხვაში, საწარმოს დირექტორი ამ დოკუმენტების სიყალბის გარდა ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესრულება მოხდა მშენებლობაზე დასაქმებული სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ, რაზეც მის მიერ გაიცა 500 000 ლარამდე ანაზღაურება. აღნიშნულ საგადასახადო პერიოდებში საწარმოს დეკლარირებული სახელფასო ან არარეგისტრირებულ პირებზე განაცემები თითქმის არ უფიქსირდება. არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ზემოაღნიშნული განაცემები ჩაითვალა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, მათ შორის, შპს „---ის“ დირექტორის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ შპს „---ს“ შპს „----აგან“ მიღებული აქვს უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე მიღებული აქვს უკანონო ჩათვლა სულ 70262.54 ლარის ოდენობით. აღნიშნულის სანაცვლოდ საწარმოს დირექტორმა ყალბი დოკუმენტების ფაქტიურ გამომწერს ფ/პ ---ს რამდენიმე გადახდად პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა სულ 40 205 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემები დაექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილებით რევიზიის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა მოწმეების (მ.შ. საწარმოს დირექტორის) გამოკითხვის მასალებით დასტურდება, რომ შპს „---ს“ შპს „---საგან“ მიღებული აქვს უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა----, რომელთა საფუძველზე უკანონოდ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა სულ 70262.54 ლარის ოდენობით.

შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელი ახორციელებდა სასტუმროს მშენებლობას, რისთვისაც სხვადასხვა პირებისაგან ახდენდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შეძენას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, საწარმოს დირექტორის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დირექტორი ადასტურებს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესრულება მოხდა მშენებლობაზე დასაქმებული სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ, რაზეც მის მიერ გაიცა 500 000 ლარამდე ანაზღაურება.

ზემოაღნიშნული განაცემები შემოწმების მიერ ჩაითვალა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ზემოაღნიშნული თანხების არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ მომსახურების ანაზღაურებად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „----გან“ უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის სანაცვლოდ შპს „---ის“ დირექტორმა ყალბი დოკუმენტების ფაქტიურ გამომწერს ფ/პ ---ს რამდენიმე გადახდად პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა სულ 40 205 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემები დაექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ზემოაღნიშნული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ მომსახურების ანაზღაურებად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ გარემოებას.

4. გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 22 თებერვლის №3905 ბრძანება და ამავე თარიღის №127-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 472 075 ლარი, მათ შორის, გადასახადი 195 272 ლარი, ჯარიმა 244 189 ლარი და საურავი 32 614 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9 ); 101; 154; 174; 175; 176; 178; 280; 269 (7).