სამორინის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლება N 2545

2545 სამორინის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლება 13.08.2021
№ დოკუმენტი 2545
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სამორინის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლება N 2545

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა ქალაქ ბათუმში ააშენა ასნომრიანი სასტუმრო, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში. სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პირზე გაიცა სამორინეს მოწყობის ნებართვა.

· ვარიანტი I პირმა 2015 წლის პირველ სექტემბერს მიღებული ნებართვის მოქმედების ვადის(31.08.2020) გასვლის შემდეგ 2020 წლის 1 სექტემბერს ნებართვის გამცემისგან მიიღო სამორინეს მოწყობის ახალი ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა სრულდება 2025 წლის 30 აგვისტოს.

· ვარიანტი II პირმა 2013 წლის პირველ სექტემბერს მიღებული ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ(01.09.2018წ.) შეაჩერა სამორინეს ფუნქციონირება, რომელიც განაახლა 2020 წლის 1 სექტემბერს მიღებული სამორინეს მოწყობის ნებართვით. პირი სამორინეს ფუნქციონირებას ახორციელებდა 2025 წლის პირველ სექტემბრამდე.

· ორივე ვარიანტში პირმა არ მოახდინა სანებართვო მოსაკრებლის გადახდა სამორინეს ფუნქციონირებისათვის, იმ პირობით, რომ ის ახორციელებდა სამორინეს ფუნქციონირებას ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე.

შეფასება

· ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის პირველი, მე-3 და მე-8 პუნქტების თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება სამორინეს მოწყობა, სამორინის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვების სხვა პირისთვის გადაცემა. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონის თანახმად, მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე შეადგენს 250000 ლარს. ამასთან, ამავე მუხლის მე-102 შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, ახლად აშენებული* არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

· I ვარიანტში იმის გათვალისწინებით, რომ პირი 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 10 წლის განმავლობაში ფლობდა სამორინეს მოწყობის ნებართვას და სამორინეს ფუნქციონირებას ახორციელებდა ქალაქ ბათუმში ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე იგი გათავისუფლდება სამორინეს მოწყობისთვის გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან.

· II ვარიანტში იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ნებართვის ვადის გასვლიდან ახალი ნებართვის მიღებამდე სამორინის ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა ორი წელი (01.09.2018- 31.08.2020), შესაბამისად, პირი ახლადაშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობისთვის გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდება მხოლოდ 2013 წლის პირველი სექტემბრიდან 10 წლის განმავლობაში 2023 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე. ამასთან, პირი ვალდებული იყო გადაეხადა სამორინეს მოწყობისთვის გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებელი 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდზე.

ღონისძიებები

· I ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

· II ვარიანტში პირს დაეკისრება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

,,ქალაქ ბათუმის, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სასტუმროს ახლად აშენებულად ჩათვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის N62 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო ახლად აშენებულად ჩაითვლება სასტუმროს შენობანაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში შესვლის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში არსებული თარიღები პირობითია.