გადაწყვეტილება №18361/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18361/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------------“-ის 3.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18361/2/2022).
დავის საგანი:
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №037-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №28679 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
155 011 ლარი. მათ შორის:
მოგების გადასახადი - 88 066
ჯარიმა - 44 033
საურავი - 22 912
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24135 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად მომჩივანს დაუფიქსირდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 588 866 ლარი, რაზეც 2020 წლის 2 ოქტომბრის №CB1107967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 499 039 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №15298 ბრძანება და №037-2 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 155 011 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 15 ნოემბრის №28679 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 286-ე, მე-8, მე-16, 96-ე, 97- ე, 983 და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანს მოგების გადასახადის ნაწილში არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, არ აქვს დაბეგრილი სმფ-ების დანაკლისი.
საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საქმიანობაა ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაცია ავტოგასამართი სადგურებიდან.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 2 ოქტომბრის №CB1107967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, გამოვლინდა სმფ-ის დანაკლისი 588 866 ლარის ოდენობით. აღნიშნულს არ ეთანხმება მომჩივანი და გასაჩივრებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში და მიმდინარე პერიოდში საჩივარი შეტანილი აქვს საქალაქო სასამართლოში.
საგადასახადო მოთხოვნას არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე. ინვენტარიზაციის დროს არ იყო გათვალისწინებული კონსიგნაციით გაცემული ნავთობპროდუქტები, რომლის დაფარვაც ხდება საანგარიშო პერიოდის, ე. ი. თვის ბოლომდე. პანდემიიდან გამომდინარე, წინა თვის კონსიგნაციის განაღდება ვერ მოხერხდა, ვინაიდან დებიტორები ვალს იხდიან ნაღდი ანგარიშსწორებით და სალარო აპარატის ჩეკი არ იყო ამობეჭდილი შესაბამის თანხებზე, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 480 738 ლარი. აღნიშნული შემოსავალი დეკლარირებულია შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში. აქედან გამომდინარე, დანაკლისი უნდა ყოფილიყო 108 127 ლარი.
კომპანიაში (მისი ფუნქციონირების დაწყების მომენტიდან) არ გამოვლენილა საკონტროლოსალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი. ასევე, ინვენტარიზაციის დაწყებამდე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის მომენტში დაფიქსირებული ფასი ემთხვევა ბენზინგასამართი სადგურის ტაბლოზე მითითებულ ფასმაჩვენებელს, რაც მიუთითებს მომჩივნის ობიექტის კეთილსინდისიერად მუშაობაზე. თუმცა, გადასახადის გადამხდელის რეალური დანაკლისი 108 127 ლარი და 480 738 ლარის კონსიგნაცია გამოწვეულია პანდემიის პერიოდში არსებული რთული და უკონტროლო სიტუაციიდან. მიუხედავად მომჩივნის მრავალჯერადი წერილობითი თხოვნისა, არ მიეცა საშვი გადაადგილებისთვის ობიექტის შესამოწმებლად. ფაქტობრივად სამი მოქმედი ობიექტი დარჩა უმეთვალყურეოდ, რის გამოც ვერ მოხერხდა კონსიგნაციით გაცემული პროდუქციის ანაზღაურების დროულად მიღება, რაც შემდგომ გახდა უსაფუძვლო სანქციის მიზეზი.
მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას თემად გამოვლინდა მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვის საკითხი, სხვა რაიმე ტიპის საგადასახადო სამართალდარღვევა შემოწმებისას არ დამდგარა. შემოწმების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელმა აუდიტორებს განუმარტა მისი პოზიცია დანაკლისთან დაკავშირებით.
მოგების გადასახადის დეკლარაციაში შეგნებულად არ ასახა დანაკლისი, რადგან ელოდებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანამდე დაინიშნა საწარმოს შემოწმება.
მომჩივანი ეთანხმება შემოწმების პრინციპს, რომ გამოვლენილი დანაკლისი უნდა იყოს დაბეგრილი მოგების გადასახადით, უბრალოდ არ ეთანხმება დანაკლისის ოდენობას და ითხოვს რევიზიის შედეგად გამოვლენილი საკითხის დაკორექტირებას ზემოაღნიშნული მათემატიკური გაანგარიშების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მსჯელობა ინვენტარიზაციის დანაკლისთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მიღებული დარიცხვა არის არასწორი. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დანაკლისის გადაანგარიშებას და იმეორებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშების პრინციპს ეთანხმება (კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე), ვერ დაეთანხმება დანაკლისის ოდენობას, რადგან არასწორადაა გაანგარიშებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, მოგების გადასახადის მიზნებისთვის, ითვლება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. ამგვარად, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის დაცვით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების პრინციპს, რომ გამოვლენილი დანაკლისი უნდა იყოს დაბეგრილი მოგების გადასახადით და არ ეთანხმება დანაკლისის ოდენობას.
აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგები გასაჩივრებული იყო დავების განხილვის საბჭოში და საბჭოს 23.04.2021 წლის №12120/2/2021 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.