ბრძანება N 25003
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25003
10 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 6 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 6 აგვისტოს №82879/1/2023 და №82880/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №031-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმებით სესხად დაკვალიფიცირებული თანხის მიმდინარე შემოწმების ფარგლებში ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ წინა შემოწმებით სესხად დაკვალიფიცირებული თანხა მიმდინარე შემოწმებისას განხილული უნდა იქნეს დივიდენდად და არა ხელფასად, ხოლო მიმდინარე შემოწმების შედეგად დამატებით უნდა დარიცხულიყო მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი 5%-იანი განაკვეთით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმას. განმარტავს, რომ ნამდვილად მოხდა სამუშაოს შესრულება და ადგილი არ ჰქონია უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის ნოემბრის თვეში ბრუნვის კორექტირებით შემცირებული დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ 2021 წლის მაისის თვეში დაბეგრილი ჰქონდა სსიპ „------გან“ მიღებული ავანსი. ვინაიდან ოპერაცია გაუქმდა და 2021 წლის ნოემბრის თვეში მოხდა მიღებული ავანსის უკან დაბრუნება, რაც დასტურდება ბანკის ამონაწერით, ნოემბრის თვეში დაბეგრილი ავანსი დაექვემდებარა კორექტირებას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, განმარტავს, რომ არასწორად არის განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთი, ხოლო შეძენილ საქონელში ჩართულია შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობისთვის საჭიროდ შეძენილი ძირითადი საშუალებები, დამხმარე სამეურნეო საქონელი და მიღებული მომსახურებები. ამასთან, მიუთითებს, რომ არასწორია რპთ-ზე ერთიანი 35%-იანი ფასნამტის გავრცელება, რომელიც შეესაბამება ნედლეულიდან მზა პროდუქციის წარმოებას და რეალიზაციას. შეძენილი და რეალიზებული ზედნადებების ანალიზით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მზა პროდუქციის შეძენას და გადამუშავების გარეშე მის რეალიზაციას, საიდანაც საშუალო ფასნამატი შეადგენს 5-7%-ს.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას ბანკში ჩარიცხული თანხით დღგ-ის გარეშე (7 068 ლარი). განმარტავს, რომ შემოსავლების გამოთვლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით რპთ-ზე ფასნამატის გავრცელებით და შესაბამისად თითოეული შემოსავლის თანხა ავტომატურად ხვდება არაპირდაპირად დათვლილ ბრუნვაში, შესაბამისად მიუთითებს, რომ ადგილი აქვს ერთი და იგივე ოპერაციის ორმაგად დაბეგვრას.
6. დამატებით ითხოვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის შემცირებას. მიუთითებს, რომ ვინაიდან დაბეგრილი ავანსების სანაცვლოდ სრულად არის მიწოდებული საქონელი კლიენტებზე, ავანსის დღგ-ის გაქვითვა უნდა მომხდარიყო წინა საგადასახადო შემოწმებით სრულად დაბეგრილი ავანსის თანხიდან, 281 275 ლარიდან, ხოლო შესამცირებელი დღგ უნდა განსაზღვრულიყო 50 629 ლარით.
7. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სსიპ „------“-სგან მიღებული ავანსის 52 755 ლარის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვას. განმარტავს, რომ ფონდისგან მიღებული საავანსო თანხა შეადგენს 57 638 ლარს, რაც დღგ-ის გარეშე შეადგენს 48 846 ლარს. ამასთან, ავანსის სანაცვლოდ ფონდზე საქონელი სრულად არის მიწოდებული. შესაბამისად, ითხოვს მიწოდების თვეების მიხედვით დაბეგრილი ავანსის გაქვითვას.
8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში არის გარკვეული უზუსტობები, კერძოდ :
საწყისი ფულადი სახსრების ნაშთად მიჩნეულია 71 715 ლარი, სადაც შედის პირველ სადავო საკითხში აღნიშნული ფულადი სახსრები 59 391 ლარის ოდენობით, რომლის დივიდენდად განხილვის შედეგად საწყისი ნაშთი უნდა შემცირდეს 12 324 ლარამდე;
ფულადი სახსრების შემოსვლად განხილულია შესამოწმებელ პერიოდში პროდუქციის რეალიზაცია (მიწოდების მომენტში) და მიღებული ავანსები დღგ-ის ჩათვლით, მიუხედავად იმისა თანხა როდის იქნა მიღებული. ფულად შემოსულობებს უნდა გამოაკლდეს გასაქვითი ავანსის თანხები დღგ-ის ჩათვლით, ვინაიდან მათი მიღება არ მომხდარა საქონლის მიწოდების მომენტში;
ფულადი სახსრების ნაშთი უნდა შემცირდეს კლიენტებზე უკან დაბრუნებული ავანსების თანხებით;
ფულადი სახსრების გასავალში არ არის შეყვანილი საბანკო ხარჯები, რაც დასტურდება ბანკის ამონაწერებით (საკომისიო, საგარანტიო, ჯარიმები და სხვა თანხები);
ფულადი სახსრების ნაშთის გამოთვლისას არ არის გათვალისწინებული პერიოდის ბოლოს არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საბოლოოდ მიღებული ფულადი სახსრების ნაშთის არსებობის შემთხვევაში მის დივიდენდად განხილვას.
9. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა მეტწილად გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №8151 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ივლისის №15959 ბრძანება და ამავე თარიღის №031-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 650 498 ლარი, მათ შორის, გადასახადი 343 220 ლარი, ჯარიმა 219 688 ლარი, საურავი 87 590 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 მარტის №6444 ბრძანების შესაბამისად საწარმოში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2021 წლის პირველი თებერვლისთვის, საწარმოს ფულადი საშუალებების ნაშთად (ნაღდი ფულის და ანგარიშვალდებულ პირზე მოთხოვნის სახით, მათ შორის გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით) საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით უფიქსირდებოდა 59 391 ლარი, რაც წინა შემოწმების მიერ განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო, მიმდინარე შემოწმების შედეგად შესწავლილი ფულის მოძრაობის შედეგად აღნიშნული თანხა დაიბეგრა ხელფასად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად განხორციელდა წინა შემოწმებით დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
2. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დგინდება რომ 2022 წლის 22 ივლისს შპს „------ს“ მიერ შპს „-----ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-----; სულ თანხა 77 500 ლარი, დღგ - 11 822 ლარი) არის ყალბი, რადგან შესაბამისი მომსახურების გაწევა არ მომხდარა შპს „-------ს“ მიერ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით საწარმოს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ბრუნვა არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ის ბრუნვის შემცირება არ მომხდარა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
3. საწარმოს მიერ 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შესაბამისად განხორციელებულია გადასახდელი დღგ-ის შემცირება ბრუნვის კორექტირებაზე. შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ არ არსებობს დღგ-ის თანხის კორექტირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 მარტის №6444 ბრძანების შესაბამისად საწარმოში ჩატარებული საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო შესამოწმებელ პერიოდში ნაწარმოებ ბუღალტრულ აღრიცხვას. წინა შემოწმების მიერ მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით მიმდინარე შემოწმების საწყის შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 245 869 ლარის ღირებულების სარეალიზაციო საქონლის ნაშთი. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ საწყის ნაშთს, შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს (საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს), აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საწარმოს შეძენილი საქონელი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ამასთან, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში საწარმოს მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არასრულად მოწოდებისთვის.
შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (35%-ის ოდენობით, შემოწმების შედეგად ჩვენს ხელთ არსებული პირველადი დოკუმენტებით არ კავშირდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის დასახელებები, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში შესაბამისი გაანგარიშების წარმოდგენა), შედეგად შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დამატებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 518 324 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
5. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით (საბანკო ამონაწერები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშზე დამატებით მიღებული აქვს რეალიზებული საქონლის შესაბამისად ანაზღაურებული თანხები (დღგ-ის გარეშე), თუმცა საწარმოს აღნიშნულ ნაწილში არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშზე დამატებით მიღებული თანხები, რომლის შესაბამისი შემოსავალი საწარმოს არ ჰქონდა დაბეგრილი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
6. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 მარტის №6444 ბრძანების შესაბამისად საწარმოში საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ავანსები (არ ფიქსირდებოდა გამოწერილი საავანსო ანგარიშ-ფაქტურები), შესაბამისად მიღებული ავანსები დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
მიმდინარე შემოწმების შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა წინა საგადასახადო შემოწმებით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში ავანსად მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, განხორციელდა შესაბამისი ოპერაციების იდენტიფიცირება და დაკავშირება, შედეგად წინა შემოწმებით დაბეგრილი ავანსები, რომელთა შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიწოდება განხორციელდა მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში დაექვემდებარა შემცირებას.
7. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით (საბანკო ამონაწერები) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს 2021 წლის 22 იანვარს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება „სსიპ ------თან“ საქონლის მიწოდებაზე, რომლის შესაბამისად საწარმოს მიღებული ჰქონდა საავანსო თანხები (აღნიშნულ მიღებულ თანხებზე საწარმოს არ აქვს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), მაგრამ ავანსის სახით მიღებული თანხა არ იყო დაბეგრილი დღგ-ით.
შემოწმების შედეგად ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხა (დღგ-ის გარეშე) დამატებით დაიბეგრა დღგ-ით და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
8. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორის განმარტებით ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებულია, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა ნაწარმოები, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში (ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ელ. სასაქონლო ზედნადებები), სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) და შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციებს/დოკუმენტაციებზე (საბანკო ამონაწერები, სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალები) დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება ფულადი საშუალებები. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით საწარმო 2022 წლის ოქტომბრის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს ნულ ლარს, აგრეთვე საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა.
შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 101- ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2021 წლის პირველი თებერვლისთვის, საწარმოს ფულადი საშუალებების ნაშთის სახით არსებული თანხა წინა შემოწმების მიერ განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო, მიმდინარე შემოწმების შედეგად შესწავლილი ფულის მოძრაობის შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ხელფასად და განხორციელდა წინა შემოწმებით დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი, რომელთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს სმფ-ების ფაქტიური ნაშთი შეადგენს ნულ ლარს, აგრეთვე საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა. შედეგად, დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით საწარმოს ფიქტიურ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ბრუნვა არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ის ბრუნვის შემცირება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებებია:
საწარმოს მიერ 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შესაბამისად განხორციელებულია გადასახდელი დღგ-ის შემცირება ბრუნვის კორექტირებაზე, ხოლო შემოწმების შედეგად დგინდება, რომ არ არსებობს დღგ-ის თანხის კორექტირების საფუძველი.
საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშზე გადამხდელს დამატებით მიღებული აქვს რეალიზებული საქონლის შესაბამისად ანაზღაურებული თანხები, თუმცა აღნიშნულ ნაწილში არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
საწარმოს არ ჰქონდა დაბეგრილი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ავანსები, რაც შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ხოლო, მიმდინარე შემოწმების შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა წინა საგადასახადო შემოწმებით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში ავანსად მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, შედეგად წინა შემოწმებით დაგებრილი ავანსები მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში დაექვემდებარა შემცირებას.
საწარმოს 2021 წლის 22 იანვარს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება „სსიპ -----თან“ საქონლის მიწოდებაზე, რომლის შესაბამისად საწარმოს მიღებული ჰქონდა საავანსო თანხები, მაგრამ ავანსის სახით მიღებული თანხა არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ წინა შემოწმების მიერ მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით მიმდინარე შემოწმების საწყის შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სარეალიზაციო საქონლის ნაშთი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი საქონელი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი და შედეგად განისაზღვრა დამატებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-9 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმებით სესხად დაკვალიფიცირებული თანხის მიმდინარე შემოწმების ფარგლებში ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის ნოემბრის თვეში ბრუნვის კორექტირებით შემცირებული დღგ-ის დარიცხვას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას ბანკში ჩარიცხული თანხით დღგ-ის გარეშე (7 068 ლარი).
6. დამატებით ითხოვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის შემცირებას.
7. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სსიპ -სგან მიღებული ავანსის 52 755 ლარის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვას.
8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
9. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 2021 წლის პირველი თებერვლისთვის, საწარმოს ფულადი საშუალებების ნაშთად საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით უფიქსირდებოდა 59 391 ლარი, რაც წინა შემოწმების მიერ განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო, მიმდინარე შემოწმების შედეგად შესწავლილი ფულის მოძრაობის შედეგად აღნიშნული თანხა დაიბეგრა ხელფასად. შესაბამისად განხორციელდა წინა შემოწმებით დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
2. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დგინდება რომ 2022 წლის 22 ივლისს მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სულ თანხა 77 500 ლარი, დღგ - 11 822 ლარი) არის ყალბი, რადგან შესაბამისი მომსახურების გაწევა არ მომხდარა. საწარმოს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ბრუნვა არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ის ბრუნვის შემცირება არ მომხდარა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
3. საწარმოს მიერ 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შესაბამისად განხორციელებულია გადასახდელი დღგ-ის შემცირება ბრუნვის კორექტირებაზე. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ არ არსებობს დღგ-ის თანხის კორექტირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
4. წინა შემოწმების მიერ მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით მიმდინარე შემოწმების საწყის შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 245 869 ლარის ღირებულების სარეალიზაციო საქონლის ნაშთი. ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საწარმოს შეძენილი საქონელი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (35%-ის ოდენობით), შედეგად შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დამატებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 518 324 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში და დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
5. შემოწმების მიმდინარეობისას დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშზე დამატებით მიღებული აქვს რეალიზებული საქონლის შესაბამისად ანაზღაურებული თანხები (დღგ-ის გარეშე), თუმცა საწარმოს აღნიშნულ ნაწილში არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშზე დამატებით მიღებული თანხები, რომლის შესაბამისი შემოსავალი საწარმოს არ ჰქონდა დაბეგრილი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში და დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
6. საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ავანსები (არ ფიქსირდებოდა გამოწერილი საავანსო ანგარიშ-ფაქტურები), შესაბამისად მიღებული ავანსები დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
7. საწარმოს 2021 წლის 22 იანვარს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება სსიპ -თან საქონლის მიწოდებაზე, რომლის შესაბამისად საწარმოს მიღებული ჰქონდა საავანსო თანხები (აღნიშნულ მიღებულ თანხებზე საწარმოს არ აქვს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), მაგრამ ავანსის სახით მიღებული თანხა არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების შედეგად ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხა (დღგ-ის გარეშე) დამატებით დაიბეგრა დღგ-ით და დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
8. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება ფულადი საშუალებები. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ა""ბ"), 100(3"ა"), 101(1), 12(1"გ"), 154(1"ა")(2"ა")(3"ა"), 43(4), 159(1"ა""ბ"), 168(1), 269(1)(7), 270(1)(2), 282(3), 158(1), 1601(1), 163(1)(2), 164(1), 179(1)(2), 136(1), 61(3), 160(1), 272(1), 275.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.