ბრძანება N 5632
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5632
22.03.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) 2023 წლის 26 იანვრის №14033/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-618 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 2021 წლამდე მოქმედ 49-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ეკონომიკურ საქმიანობად არ ითვლებოდა და შესაბამისად დღგ-ით არ იბეგრებოდა ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის რეალიზაცია. აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა აღნიშნული მუხლის მოქმედების პერიოდს. შესაბამისად მიიჩნევს, რომ შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული და 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია ამოეღო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, ვინაიდან მისთვის უცნობია როგორ განსაზღვრა შემმოწმებელმა კალენდრული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის სხვაობა. მიუთითებს, რომ გამოქვითვებში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რეალიზებული ფართების თვითღირებულება, თუმცა გაურკვეველია რომელ მაჩვენებელზე დაყრდნობით იქნა აღნიშნული თვითღირებულება დადგენილი.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16619 ბრძანების საფუძველზე ი/მ "----------" (ს/ნ ---------- ) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32740 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-618 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 386 561 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 240 182 ლარი, ჯარიმა 74 517 ლარი და საურავი 71 862 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გამოირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ მიღებული აქვს, როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები, რომელთა ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2016 წლიდან, მათ შორის ნაწილის შესამოწმებელ პერიოდში. ასევე შეძენილი და რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთი. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157- ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის 26 სექტემბერს. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების თანახმად, შემოწმებით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა რეალიზებული კომერციული ფართების შეძენის ღირებულება (თვითღირებულება). შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ მიღებული აქვს როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები, რომელთა ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2016 წლიდან. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 16 ფართი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა აქტივის შეძენის ღირებულება (თვითღირებულება). კერძოდ, ერთობლივ შემოსავალში აღებულია გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების ღირებულება, ხოლო რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან გადამხდელმა ნაწილი ფართები შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო ნაწილი მიიღო ამხანაგობაში თანხის შეტანის სანაცვლოდ, შეძენილ ფართებზე აღებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფასები, ხოლო მიღებულ ფართებზე კი ამ ფართების შესაბამისი პროპორციული ღირებულება, რომელიც მიღებულია შენატანი საერთო თანხის გაყოფით მიღებული ფართების საერთო ფართობზე და შემდეგ კვადრატული მეტრის საშუალო ფასი გამრავლებულია ფართის საერთო ფართობზე.
განსახილველ შემთხვევაში ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, შესაბამისად, გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციას, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ი/მ ------------ ვერ აკმაყოფილებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმს, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საქმიანობა მართებულად არის განხილული ეკონომიკურ საქმიანობად და ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, მართლზომიერად იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ფართების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინების მართლზომიერება, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ მიღებული აქვს როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები, რომელთა ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2016 წლიდან. ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 16 ფართი. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა აქტივის შეძენის ღირებულება (თვითღირებულება). კერძოდ, ერთობლივ შემოსავალში აღებულია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების ღირებულება. რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ნაწილი ფართები შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო ნაწილი მიიღო ამხანაგობაში თანხის შეტანის სანაცვლოდ, შეძენილ ფართებზე აღებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფასები, ხოლო მიღებულ ფართებზე კი ამ ფართების შესაბამისი პროპორციული ღირებულება. განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, შესაბამისად, რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციას, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ არის შესრულებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, ხოლო მანამდე კიდევ რეალიზებულია 3 ბინა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობად განიხილა. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცხრილები გადაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და განემარტა გაანგარიშება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1); 102(1„ბ“); 159; 163(1,2); 164(1); 282(1).
(2021 წლამდე მოქმედი) 157.