ბრძანება N 12357

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12357
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12357

05.06.2023

შპს „------- “-ის (ს/ნ ------------)

(მის.: ------------------------------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „------- “-ის (ს/ნ ------------) 2023 წლის 26 იანვრის №78519/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-639 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილი თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას. მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები წარმოადგენს ნასყიდობის თანხას, რომელიც დადასტურებულია დოკუმენტურად. მიუთითებს, რომ გადახდილ იქნა შეთანხმებული ფასი, რომელიც საწარმოსთვის იყო მისაღები, ვინაიდან იგივე ფასის გადახდა მოუწევდა ადგილობრივ ბაზარზე შედარებით ცუდ მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე, შესაბამისად, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24213 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- “-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის - ოქტომბრიდან 2022 წლის - სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32899 ბრძანება და ამავე თარიღის №006-639 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 262 526 ლარი, მათ შორის გადასახადი 144 373 ლარი, ჯარიმა 72 187 ლარი, საურავი 45 966 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------- “-ის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვები. ავტო- სატრანსპორტო საშუალებების შეძენას ძირითადად ახორციელებს შემდეგი მეთოდით: საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირს, რომელიც ერკვევა სატვირთო ავტომობილებში აძლევს ავანსად თანხას და აგზავნის -----ში, რომელიც არჩევს და შერჩეულ ავტომობილს უთანხმებს საწარმოს ხელმძღვანელობას. ჩამოყვანილი ავტომობილის განბაჟება ხდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელით, სადაც მითითებულია, რომ არის შპს „------- “-ის წარმომადგენელი. ავტო-სატრანსპორტო საშუალების იმპორტის რეჟიმში მოქცევას და შესაბამის გადასახადებს იხდის საწარმო. შემოწმების მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომობილების ღირებულება, რომელიც შეფასებულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, განსხვავდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხისგან. სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 თანახმად წარმოადგენს ხარჯს, რომელიც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. შესაბამისად, საბაზრო ფასსა, რომელიც განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნით და ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლი თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ ხორციელდება სატვირთო ავტომობილების შერჩევა და შეძენა -----ში. ჩამოყვანილი ავტომობლის განბაჟება ხდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელით, სადაც მითითებულია, რომ არის შპს „------- “-ის წარმომადგენელი. ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტის რეჟიმში მოქცევას და შესაბამისი გადასახადების გადახდას ახდენს საწარმო. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომობილების ღირებულება, რომელიც შეფასებულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, განსხვავდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხისგან. სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, ავტომობილების მოძიება და ჩამოყვანა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელდა მას შემდეგ, რაც საწარმოს მიერ იქნა დაკვეთა მიცემული, რაზეც გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები და უფლებები, მათ შორის მომწოდებლის ვალდებულება ჩაეყენებინა დამკვეთი საქმის კურსში შესაძენი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობის შესახებ, შეთანხმების თანახმად ნასყიდობის საგნის შესყიდვა მოხდებოდა იმპორტის რეჟიმში მოქცევამდე, შესაბამისად გადასახადების გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა საწარმოს. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საწარმოს მიერ განხორციელდა 14 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა 5 პირისგან, რომელთაგან 4 პირთან ურთიერთდამოკიდებულება არ დგინდებოდა. ამასთან, შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა როგორც ურთიერთდამოკიდებულ, ასევე არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადახდილ თანხებსა და „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ შეფასებულ ღირებულებას შორის სხვაობის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „------- “-ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადახდილ თანხებსა და „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ შეფასებულ ღირებულებას შორის სხვაობის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილი თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ ხორციელდება სატვირთო ავტომობილების შერჩევა და შეძენა .

ჩამოყვანილი ავტომობლის განბაჟება ხდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელით, სადაც მითითებულია, რომ არის საწარმოს წარმომადგენელი. ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტის რეჟიმში მოქცევას და შესაბამისი გადასახადების გადახდას ახდენს საწარმო.

შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომობილების ღირებულება, რომელიც შეფასებულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, განსხვავდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხისგან. სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადახდილ თანხებსა და „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ შეფასებულ ღირებულებას შორის სხვაობის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(1);43(4);61(3); 73(9"ბ");97(1„ბ“); 982(1 „ა“); 136(3); 275;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლი;