გადაწყვეტილება №22195/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22195/2/2024
24 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---მ“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 9.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22195/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №955 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 34 548,62 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 21 600
ჯარიმა - 10 800
საურავი - 2 148,62
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----), რომლის მიხედვით, დღგ-ის თანხა 7 871,19 ლარის ოდენობით გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი.
შემოწმებით, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერს მინიჭებული აქვს სპეციალური გადასახადის გადამხდელის სტატუსი საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხა, მიმწოდებლის (გამყიდველის) ან მიმღების (მყიდველის) მიერ - მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხის ბიუჯეტში გადახდა არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის ჩათვლის განხორციელება არ მომხდარა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----), რომელის შესაბამისი დღგ-ის თანხაც გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი.
შემოწმებით დგინდება, რომ არც ერთი მხარის მიერ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხის ბიუჯეტში გადახდა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის თანხის ჩათვლა არ მომხდარა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება სხვა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია კომპანიას საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს. ყავს დამკვეთი, რომელსაც გაუწია მომსახურება და ამავდროულად ყავს ქვეკონტრაქტორიც, რომელმაც გაუწია იგივე მომსახურება. ვინაიდან ქვეკონტრაქტორს დავალიანების გამო შეზღუდული ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შესაძლებლობა, ვერ მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ვინაიდან გეგმაში ქონდა გადასახდელი და ჩასათვლელი დღგ-ის განაშთვა ელოდებოდა მისაღებ ანგარიშ-ფაქტურებს, რა პერიოდშიც მოხდა კომპანიის შემოწმება. ამან გამოიწვია დარიცხვა. ამ შემთხვევაში ჩასათვლელი და გადასახდელი დღგ ერთმანეთს სრულად აბალანსებს და ქვეკონტრაქტორს სრულად აქვს აღნიშნული თანხები დაბეგრილი (კომპანიის შემოწმების პროცესში მოხდა ქვეკონტრაქტორის შემოწმებაც, სადაც დადასტურდა აღნიშნული გარემოება). იმის შემდეგ, რაც ქვეკონტრაქტორი დაფარავს საგადასახადო დავალიანებას შეძლებს გამოწეროს ანგარიშ-ფაქტურები.
იმის შემდეგ, რაც ქვეკონტრაქტორი დაფარავს საგადასახადო დავალიანებას და შეძლებს გამოუწეროს ანგარიშ-ფაქტურები, ითხოვს მიეცეს უფლება წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტები და ჩაითვალოს ქვეკონტრაქტორის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული გამოიწვევს გადასახდელი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხების განაშთვას ერთი ერთში. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება დარიცხული თანხების გაუქმება. ქვეკონტრაქტორის განმარტებით იგი გეგმავს 2024 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში დავალიანების დაფარვას და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ მიღებული არ არის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არსებობს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხით შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხა გაანგარიშებულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით, დადგინდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერს მინიჭებული აქვს სპეციალური გადასახადის გადამხდელის სტატუსი საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხა, მიმწოდებლის (გამყიდველის) ან მიმღების (მყიდველის) მიერ - მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხის ბიუჯეტში გადახდა არ განხორციელებულა, გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის ჩათვლის განხორციელება არ მომხდარა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 176.