გადაწყვეტილება №23800/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23800/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23800/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 26.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23800/2/2024).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №081-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17761 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 194 339.48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 112 491

დღგ - 99 726

საშემოსავლო გადასახადი - 12 765

ჯარიმა - 56 246

საურავი - 25 602.48

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, კერძოდ, ---------- ვაჭრობა ლობიოთი, ხახვით, ნიორით, ყურძნითა და ბროწეულით.

აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №22505 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 1.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 9.11.2023 წლის №27647 ბრძანება და 10.11.2023 წლის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 6.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 31.01.2024 წელს შედგენილია დასკვნა რომლის საფუძველზე შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა 12 358 ლარით, მათ შორის, გადასახადი 8 239 ლარით და ჯარიმა 4 119 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №2018 ბრძანება და ამავე თარიღის №081-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 19.06.2024 წლის №22799/2/2024 (რეგ. 4.07.2024წ. 03/51357) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 25.07.2024 წელს, აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №081-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17761 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №081-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ 11.02.2024 წელს წარმოდგენილი №87622/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №081-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურს მიმართა ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუმცა უშედეგოდ. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით განცხადება განუხილველად დარჩა, რაც არასწორია. სადავო/გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

ნაჩქარევად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე მოხდა სადავო თანხების დარიცხვა. პირველ საკითხში საყურადღებოა, რომ შესამოწმებელი პერიოდი მთლიანად მოიცავს პანდემიის აქტიურ პერიოდს - 25.02.2020 წლიდან 1.08.2022 წლამდე, რა დროსაც კოვიდ 19-ის გამო ფასნამატი მთელი პანდემიის პერიოდში არ იყო ის, რასაც შემმოწმებელი ვარაუდობს, იყო შემთხვევები, როცა ფასნამატი უარყოფითი იყო, ასევე ხშირად ხდებოდა გაფუჭებული საქონლის ნაგავსაყრელზე გატანა და მისი ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობის გარეშე, რაც არ იქნა გაზიარებული, ასევე ვადაგასული საქონელი ამოღებული იქნა რეალიზაციიდან. პანდემიის გამო იყო შემთხვევები, როცა ფაქტიურად დახმარების სახით, უსასყიდლოდ ხდებოდა საქონლის მოსახლეობაში დარიგება და ასეთი არაერთი შემთხვევა იყო, მაგრამ იმის გამო რომ ეს საკითხები დოკუმენტის დონეზე ვერ იქნა მოყვანილი და არც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ იძლეოდა ამის საშუალებას, აღნიშნული ქმნის იმ მოსაზრებას რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას. ფაქტიურად ეს ასე არ არის.

სადავო აქტებით დადგენილი დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის გაზრდა 500 000 ლარზე მეტად არასწორია, ამ ოდენობით დამატებით რეალიზაციით თანხების მიღებას ადგილი არ ჰქონია. შეიძლება არსებობს გარკვეული ხარვეზები საქმიანობაში, თუმცა არა იმ დოზით/ოდენობით, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით არაერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, დაწესდა გარკვეული შეღავათები ბიზნესზე, ეს იყო ის დრო, რაც დისტანციურად მუშაობდნენ ადმიანები, იყო საყოველთაო მოწოდება „დარჩით სახლში“ და ეს მოწოდება თვეების განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა, ორივე თვეს საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, შემოღებული იყო კარანტინი, სახელმწიფომ ერთი მილიარდი ლარი დახარჯა პანდემიასთან ბრძოლაში, ამ პერიოდს ახლდა გარკვეული სირთულეები და ისე არ ყოფილა, რომ მთელ ქვეყანას უჭირდა და მხოლოდ მას ულხინდა. ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კოვიდ 19-ით ავადდებოდა და ათეულობით ადამიანი იღუპებოდა, თავის გადარჩენაზე იყო ფიქრი და საუბარი, ტრანსპორტით გადაადგილებაც კი აკრძალული იყო, დაცარიელდა თავშეყრის ადგილები, აკრძალული იქნა ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები, ადამიანთა შეკრება/თავშეყრა, არ მუშაობდა რესტორნები/კაფე-ბარები, შემოღებული იყო კომენდანტის საათი და აკრძალული იყო საღამოს საათებში გადაადგილება. სკოლებში/უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი არ იმართებოდა დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული მთელი ქვეყანა, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფორსმაჟორი იყო და შესამოწმებელ პერიოდში ბუნებრივია იქნება ხარვეზები საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით და პანდემიით გამოწვეული პრობლემების დავიწყება არასწორია.

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების დროს ზემოთ ხსენებული (პანდემიით გამოწვეული პრობლემები) გათვალისწინებული უნდა იქნეს. სადავო დარიცხვები მთლიანად შეუსაბამოდ მაღალ ფასნამატზე არის აგებული, რაც არასწორია.

გასათვალისწინებელია რომ საქმე ეხება მალფუჭებადი საქონლის შეძენა/რეალიზაციას, საქონელბრუნვიდან და საქონლის შენახვის პირობების არარსებობიდან გამომდინარე ასეთი მაღალი ფასნამატი ფაქტიურად არ არსებობს, იგი არ არის ბაზრის ერთადერთი მიმწოდებელი, ერთიდაიგივე საქონელი თუ პირველ დღეს იყიდება გარკვეულ ფასში, შემდეგ დღეებში ამ საქონლის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად მცირდება (საქონლის ხარისხის გაუარესების გამო). შემმოწმებლის მიერ აღებული ფასნამატი არის აშკარად მაღალი, გარდა აღნიშნულისა გასათვალისწინებელია საქონლის გაფუჭების და ნაგავსაყრელზე გადაყრის შემთხვევები და არ უნდა მოხდეს შეძენილი საქონლის მთლიანად რეალიზაციაში ასახვა და მით უმეტეს ისეთი ფასნამატის პირობებში, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

საყურადღებოა, ის რომ შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატი გამოყენებულია ძირითადად ისეთ ორგანიზაციებში, რომლის მიერ ხდება საქონლის ხარისხის მიხედვით არჩევა და შედარებით მაღალი ფასის გადახდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტური ფასის გადავრცელება მთლიან რპთ-ზე არასწორია.

საქონლის ფასის განსაზღვრის პრინციპი არის სადავო. მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებელს საქონლის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისგან უნდა გამოეთხოვა (სსკ-ის 70-ე მუხლი) - მეწარმესთან არსებული პირობების, ოდენობის მქონე საქონლის რეალიზაციების გათვალისწინებით და ასეთი ფასნამატის (რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის მაქსიმუმ 20%, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 10%-საც კი არ შეადგენს) გათვალისწინებით დადგინდებოდა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელსაც უნდა გამოკლებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები და დარჩენილი სხვაობა იქნებოდა დამატებით დაბეგვრის ობიექტი - რაც არ იქნა დაცული მოცემულ შემთხვევაში. სადავო აქტებით მივიღეთ, ის რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი დღგით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულს აღემატება 500 000 ლარზე მეტად, რაც არასწორია.

ზოგადად მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, საქონლის შენახვის სათანადო პირობების არ არსებობის გამო ფუჭდებოდა საქონელი. საქონლის გაფუჭება, განადგურება ფაქტიურად ყოველდღე ხდება, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით გაფუჭებული საქონლის ჩამოწერაზე საუბარი, გაფუჭებული საქონელი დაუყონებლივ გაიტანება იქვე არსებული ნაგავსაყრელზე, და ისე არ ხდება, რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას როგორც ამას შემმოწმებელი ვარაუდობს. იმისა გამო რომ შესაბამისი ნორმები არ არის დადგენილი - საქონლის გაფუჭებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ აღნიშნულის უგულვებელყოფა კანონიერია.

საგადასახადო ვალდებულებების დადგენის არაპირდაპირი მეთოდი არ გულისხმობს არარეალურ (ელემენტარულ ლოგიკას მოკლებულ) დარიცხვას, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. არაპირდაპირი მეთოდი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების და გარემოებების გამოკვლევას, ურთიერთშეჯერებას გულისხმობს რა დროსაც სადავო დარიცხვები მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს კუთვნილ ძირითად გადასახადებს - როგორც ეს იქნებოდა მოწესრიგებული საქმიანობის შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით მოცემულ შემთხვევაზე. მოცემულ შემთხვევაში საქონელი იყიდება შესაძლო გასაყიდ ფასში, რომ ზარალი ცოტათი მაინც შემცირდეს.

საყურადღებოა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 1 064 124 ლარი, ხოლო გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე გადასახადის სახით დარიცხულია სულ 4 590 037 ლარი, ეს არის ისა თანხა რაც გადამხდელის მიერ საქონლის შესაძენად იქნა გადახდილი (ეს არის საქონლის ადგილობრივი შეძენა+იმპორტი 1 437 474+3 173 308=4 610 782 ლარი).

ასიათასობით ლარის საქონლის შეძენა/რეალიზაციაზე არის საუბარი, სადაც არ არის საწყობი, არ არის სავაჭრო ქსელი, არ აროს საქონლის შენახვის სათანადო პირობები და ფაქტიურად ბაზრის პირობებში ხდება საქონლის რეალიზაცია, და საქმე ეხება მალფუჭებად საქონელს, სადაც არ ფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევები და მხოლოდ ფასნამატის ცვლილებით ხდება დამატებით დაბეგვრის ობიექტის ცვლილება - არ ნიშნავს რომ ხუთასიათასზე მეტი ლარის დამალული შემოსავლების არსებობას აქვს ადგილი.

აშკარაა, რომ ამ პირობებში და მოცემულობის არსებობისას შემოწმებამ შეცვალა ფასნამატი და ამ გზით დამატებით კიდევ 500 000 ლარის დამალულ არადეკლარირებულ რეალიზაციას ედავება გადამხდელს რაც არასწორია. საკითხავია სხვა გადამხდელების შემთხვევაში ასევე ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ამ ოდენობით ხდება გადასახადების დარიცხვა შემოწმების მიერ ან დეკლარირება სხვა გადამხდელების მიერ? როგორი პრაქტიკა არსებობს ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტში და რატომ ხდება საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების/შესწავლის დროს უხეში შეცდომების/უზუსტობების დაშვება და არაპირდაპირი მეთოდით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენა რატომ გაიგება ისე, რომ ნებისმიერი ოდენობის თანხაზე შეიძლება მოედავო გადამხდელს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასიათასობით ლარი დამატებით გადასახდელად შეიძლება დაარიცხო გადამხდელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა შეიცვალოს რეალიზებული საქონლის ფასნამატის დადგენის მეთოდი, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი ბაზარზე არსებული მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან უნდა იქნეს აღებული - მალფუჭებად საქონელზე საბითუმო ფასების გათვალისწინებით (რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის მაქსიმუმ 20%, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 10%-საც კი არ შეადგენს) და აღნიშნული გამოყენებით უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი და შესაბამისად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელ პერიოდში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დარიცხვა არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში, ეს საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტებიდან (შემცირებიდან) გამომდინარე უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი და შესაბამისად უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. საყურადღებოა აგრეთვე ის, რომ გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გასაჩივრებულ აქტებში საერთოდ არაფერია ნათქვამი და ეს საკითხიც შემმოწმებელს თავის დროზე მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაედგინა.

ზემოხსენებულის გათვალისწინების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში უზუსტობას შეიძლება მართლაც აქვს ადგილი გარკვეულწილად, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს სადავო აქტებში არის მითითებული. შესამოწმებელ პერიოდში უნდა დაზუსტდეს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, ასევე უნდა დადგინდეს გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა იმგვარად, რომ მასზე შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე ან არ/ვერ შედგა ან იგი მოგვიანებით გაიბნა და ვერ მოხერხდა მისი შემოწმებისათვის წარდგენა/მიწოდება, რის გამოც შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტად განიხილა იგი. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას, სალაროს ნაშთის გადაანგარიშება უნდა მოხდეს ზემოთ ხსენებული (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტების, ასევე გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების) გათვალისწინებით და მხოლოდ ამ გზით უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს სალაროს ფაქტიური ნაშთი. შესაბამისად, ამ ნაწილში შემცირდება სადავო თანხების დარიცხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სადავო დარიცხვები ამ ნაწილშიც არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. საჩივრის განხილვის ეტაპზე ხსენებული საკითხები სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის მიერ.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დავის საგანს არ წარმოადგეს, სადავოა შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატის გამოყენებით კანონშეუსაბამო დარიცხვების განხორცილება. როგორც აღინიშნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად შემოწმებას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე სხვა გადამხდელებისაგან და საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში აღნიშნულით უნდა ესარგებლა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი საქმიანობის მქონე არაერთი გადამხდელია ამ სფეროში ბაზარზე - სადაც შემოწმება არის ჩატარებული და შემოსავლების სამსახურის ბაზაში აუდირებული გადამხდელები შესამოწმებელ პერიოდში შეიძლება იქნეს მოძიებული, საკითხავია სადავო აქტებში მითითებული დარიცხვები არის სხვა შემთხვევებშიც? ასეთი მასალები საქმეში არ მოიპოვება, ის რომ გადამხდელის ბუღალტერია არ არის მოწესრიგებული, არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ხუთასი ათას ლარზე მეტი ღირებულების საქონლის დამალულ რეალიზაციას ჰქონდა ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის რაოდენობა და ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დევს, გადამხდელის მიერ დეკლარირებულია რეალიზაციები, უნდა დადგინდეს საქონლის რეალიზაცია რა შემოსავალს მისცემდა სხვა გადამხდელებთან არსებული ფასების გამოყენების შემთხვევაში, საბოლოოდ ამ გზით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს გამოაკლდებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზაციები, მიღებული სხვაობა იქნებოდა დამატებით დაბეგვრის ობიექტი, სირთულე ამ ნაწილში ისეთი არაფერი არ იყო, რომ მისი შესრულება/გაკეთება შეუძლებელი იყო.

აუდირებული ფასნამატი არის სხვადასხვა და მათგან მხოლოდ მაღალი ფასების ამოღება და/ან საშუალო შეწონილი ფასების გამოყენება მთლიან რპთ-ზე არ უნდა მოხდეს. აღნიშნული იწვევს შეუსაბამოდ მაღალ დარიცხვებს. სწორედ ფასნამატის დადგენის მეთოდი უნდა შეიცვალოს მოცემულ შემთხვევაში და ამ ნაწილში გადამხდელის მიერ განსხვავებული დოკუმენტების წარუდგენლობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ ყურადღების გადატანა არასწორია. არ ხდება საქმის მასალების კანონშესაბამისად შესწავლა/შეფასება. სადავო დარიცხვების გამართლებას შემოსავლების სამსახურის ბუღალტერიის მოუწესრიგებლობით ხსნის და გამოსავალს ამაში ხედავს, რაც არასწორია.

იმ პირობებში, როდესაც არ ხდება საქონლის გაფუჭების შემთხვევების, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების და/ან პანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების გაზიარება, თვლის, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის რეალიზებულად უნდა იქნეს საშუალოდ იმ დროის ბაზარზე არსებული სხვა გადამხდელების მიერ რეალიზებული მსგავსი საქონლის საბითუმო ფასებში (და არა ზოგადად აუდირებულ ფასნამატში - რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია), მიღებულ შედეგებს უნდა გამოაკლდეს გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები და დარჩენილი სხვაობა განხილული უნდა იქნეს დამატებით დაბეგვრის ობიექტად და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

შემოსავლების სამსახურის მიერ ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მეწარმის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს უნდა ემსჯელა ხსენებულ სადავო საკითხებზე, თავის დროზე მოხდა თუ არა აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება და რატომ არ იქნა ჩათვლილი/მიჩნეული ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად განცხადებაში/საჩივარში მოყვანილი ფაქტები/გარემოებები და რატომ არ მოხდა საქონლის წარმოების განახლება.

სადავო საკითხზე მუშაობს შესაბამისი სპეციალისტი და მასალების დამატებით წარმოადგენს. მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დადგენა შესამოწმებელ პერიოდში მოხდა გარკვეული ხარვეზებით, ნაჩქარევად, აუდირებულ ფასებზე მითითებით - რომლის გადამოწმებაც ფაქტიურად შეუძლებელია. მოძიებულ იქნა საშუალო-საბაზრო ფასები ბაზარზე და აღნიშნულის გათვალისწინებით მოხდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება, რა დროსაც აშკარად განსხვავებული შედეგები იქნა მიღებული. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებას და თვლის რომ მის გაზიარებაზე არასწორად ეთქვა უარი. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანები შეეზღუდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების/კორექტირების (შემცირების) შესაძლებლობა, რაც თვლის რომ არასწორია.

გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51.1.ბ მუხლი), ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის მიღების დროს შემოსავლების სამსახურს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტის ბათილობას და შემოსავლების სამსახურის დავალდებულებას განიხილოს მეწარმის განცხადება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურს მიმართა ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუმცა უშედეგოდ. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით განცხადება განუხილველად დარჩა, რაც არასწორად მიაჩნია.

საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურში 25.07.2024 წელს წარდგენილი საჩივარი, სადაც გასაჩივრებულ დოკუმენტად მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №081-8 საგადასახადო მოთხოვნა და ასევე ტექსტი „ინდ. მეწარმე „----------“ მოგმართავთ შემოსავლების სამსახურს საჩივრით შემცირებული კორექტირებული საშემოსავლო გადასახადი, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ არის ის გარემოება რატო არ მოხდა საშემოსავლოს გადასახადთან ერთად დღგ-ის ცვლილება და არ ვეთანხმები იმ გარემოებას მცირე მეწარმის სტატუსის გადასახადი რომ დამემატა. გთხოვთ კიდე მოხდეს გადახედვა დღგ-სა და მცირე მეწარმის თანხებზე“.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 31.01.2024 წელს შედგენილია დასკვნა, 5.02.2024 წლის №2018 ბრძანება და ამავე თარიღის №081-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივნის არგუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურს მიმართა ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, არ ექვემდებარება გათვალისწინებას ვინაიდან მის მიერ 25.07.2024 წელს წარდგენილ საჩივარში აღნიშნულზე მითითება არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანმა 25.07.2024 წელს იგივე სადავო აქტზე მიმართა შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვება მართებულია.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურის დავალდებულებას განიხილოს მეწარმის განცხადება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით „მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე“.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგები 11.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭო წარმოადგენს ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 31.01.2024 წელს შედგენილია დასკვნა, 5.02.2024 წლის №2018 ბრძანება და ამავე თარიღის №081-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივნის არგუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურს მიმართა ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, არ ექვემდებარება გათვალისწინებას ვინაიდან მის მიერ 25.07.2024 წელს წარდგენილ საჩივარში აღნიშნულზე მითითება არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანმა 25.07.2024 წელს იგივე სადავო აქტზე მიმართა შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვება მართებულია. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურის დავალდებულებას განიხილოს მეწარმის განცხადება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით „მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე“. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგები 11.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭო წარმოადგენს ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 308.