ბრძანება N 16821
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16821
16 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 12 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივნისის და 4 ივლისის სხდომებზე (ოქმები №69 და №72) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 12 ივნისის №90147/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მაისის №001- 69 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, „------- (-------)“ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ „-------“ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა-------) 2022 წლის ივნისის თვეში მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების კარტოფილის თესლი. განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაცია საქართველოს მთავრობისა და ევროპის გაერთიანების კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის №4704 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 14 მაისის №11121 ბრძანება და ამავე თარიღის №001-69 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 628 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 920 ლარი, ჯარიმა 20 246 ლარი, საურავი 14 462 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ფ/პ ------- და შპს „-------“ ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. კომპანიას 2021-2022 წლებში ნიდერლანდებიდან იმპორტირებული აქვს 147 310 ლარის ღირებულების 50 000 კილოგრამი სათესლე კარტოფილი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება 120 000 ლარის ღირებულების 30 316 კილოგრამი სათესლე კარტოფილის რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაციის დოკუმენტებში საწარმოს სათესლე კარტოფილი დაფიქსირებული ჰქონდა როგორც დაუბეგრავი საქონელი და მასზე დღგ-ის დარიცხვას არ ახორციელებდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება რეგისტრირებული საკონტროლოსალარო აპარატი. იმპორტირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილის რეალიზება (19 684 კგ) გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ელექტრონულად. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშებზე ჩარიცხულია სხვადასხვა პირისგან თანხები დანიშნულებით - „სათესლე კარტოფილის ღირებულება.“ აღნიშნული რეალიზაციები კომპანიას დეკლარაციებში არ აუსახავს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე და 173-ე მუხლების მიხედვით, სათესლე კარტოფილის ადგილობრივი მიწოდება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ინვენტარიზაციამ დააფიქსირა სმფ-ების ნაშთი ნული ლარი, შემოწმების მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესაბამის პერიოდებში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათვისუფლებულია ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიას 2021-2022 წლებში ნიდერლანდებიდან იმპორტირებული აქვს 147 310 ლარის ღირებულების სათესლე კარტოფილი, ხოლო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება 120 000 ლარის ღირებულების სათესლე კარტოფილის რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაციის დოკუმენტებში საწარმოს სათესლე კარტოფილი დაფიქსირებული ჰქონდა, როგორც დაუბეგრავი საქონელი და მასზე დღგ-ის დარიცხვას არ ახორციელებდა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენეტარიზაციის შედეგად სმფ-ების ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშებზე სხვადასხვა პირისგან ჩარიცხულია თანხები დანიშნულებით - „სათესლე კარტოფილის ღირებულება.“ აღნიშნული რეალიზაციები კომპანიას დეკლარაციებში არ აუსახავს. შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესაბამის პერიოდებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სათესლე კარტოფილის ადგილობრივი მიწოდება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, „-------“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ და „-------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 100 000 ლარის ღირებულების 25 316 კგ სათესლე კარტოფილის მიწოდებაზე. კომპანიას აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მიწოდებულ საქონელზე დღგ დარიცხული არ იყო, ხოლო გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით აღნიშნული მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან. „-------“ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობს საგადასახადო შეღავათით. აღნიშნული ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით კარტოფილის თესლის შესყიდვა განხორციელებული იყო კონტრიბუციის (თანადაფინანსებით) გზით, შესაბამისად, შესყიდვის ეს ნაწილი არ მიეკუთვნებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას. ამასთან, ორგანიზაციის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი კონტრიბუციის გზით მიღებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა პროექტის გრანტის მიმღებ შპს „-------“. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა შპს „-------“ და რომელთანაც გაფორმდა ქვეგრანტის ხელშეკრულება. პროექტის საერთო ღირებულება იყო 313 739 ლარი, საიდანაც „-------“ (გრანტის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებიდან) აფინანსებდა მთლიანი ღირებულების 65%, ხოლო 35% იყო შპს „-------“ თანამონაწილეობის თანხა. შპს „-------“ მისი წილი თანამონაწილეობის თანხა ჩარიცხა ორგანიზაციის ანგარიშზე, რომლითაც განხორციელდა კარტოფილის შესყიდვა შპს „-------.“ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, „შპს -------“ მიერ სათესლე კარტოფილის მიწოდება „-------“ ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ვინაიდან გრანტიორის (შპს „-------“) თანამონაწილეობის შედეგად ჩარიცხული თანხით განხორციელდა ორგანიზაციის მხრიდან კარტოფილის თესლის შეძენა შპს „-------“.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სათესლე კარტოფილის იმპორტი, ხოლო აღნიშნული საქონლის ადგილობრივი მიწოდება იბეგრება, ამასთან, სათესლე კარტოფილის ადგილობრივი მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან ზემოხსენებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს - პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება სათესლე კარტოფილის რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაციის დოკუმენტებში საწარმოს სათესლე კარტოფილი დაფიქსირებული ჰქონდა როგორც დაუბეგრავი საქონელი და მასზე დღგ-ის დარიცხვას არ ახორციელებდა. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშებზე ჩარიცხულია სხვადასხვა პირისგან თანხები დანიშნულებით - „სათესლე კარტოფილის ღირებულება.“ აღნიშნული რეალიზაციები კომპანიას დეკლარაციებში არ აუსახავს. შემოწმების მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესაბამის პერიოდებში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სათესლე კარტოფილის იმპორტი, ხოლო აღნიშნული საქონლის ადგილობრივი მიწოდება იბეგრება, ამასთან, სათესლე კარტოფილის ადგილობრივი მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან ზემოხსენებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ოპერაციაზე ადგილობრივი მიწოდება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 171(ღ); 173(რ); 269(7)