გადაწყვეტილება №20329/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20329/2/2023
26 .09. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---- --------სი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- -------ის 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20329/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №CB1462662 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15259 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 110 054.38 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №351 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2020 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. ზედნადებებით მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 562 936. ფასნამატმა შეადგინა 74.09%. ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 535 726.90 ლარი, ხოლო საშუალო ფასნამატის 74.09%-ის და დღგ-ის 18%-ის გათვალისწინებით დანაკლისის თანხამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 1 100 543.77 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს 25.04.2023 წლის №CB1462662 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 110 054.38 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.06.2023 წლის №15259 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით 31.03.2023 წელს ჩაბარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შეტყობინება. მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი. აღნიშნულ ოქმის პროექტზე იქნა წარდგენილი პოზიცია, რომელის განხილვისას გამოხატული იქნა მზაობა რომ მოხდებოდა საკითხის დამატებით შესწავლა, რაშიც ჩაერთვებოდა გადამხდელი, თუმცა დამატებითი განხილვის გარეშე გამოიცა სამართალდარღვევის ოქმი №CB1462662. შეძენილი საქონელი სრულად არის რეალიზებული და დაბეგრილი. საქონლის შეძენა ხდებოდა სრულად ზედნადებით, სხვა რაიმე პროდუქცია კომპანიას არც შეუძენია და არც გაუყიდია, კომპანიას არ ქონია სხვა რაიმე შემოსავალი ან სარგებელი, გარდა მის მიერ ზედნადებით შეძენილი საქონლის რეალიზაციისა. პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა ზედნადებით ან საცალოდ, რაზეც გაიცემოდა ჩეკები, იმ შემთხვევაში თუ ჩეკები სრულად ვერ აღწერს გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციას ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს აპარატის ან ინტერნეტკავშირის ან რაიმე სხვა ხარვეზით. დანაკლისში სავარაუდოდ ნაჩვენებია უკვე რეალიზებული და დაბეგრილი საქონლის თანხა, გაუგებარია მისი საბაზრო ღირებულების გაანგარიშება. როგორ დაადგინა საგადასახადო ორგანომ უკვე რეალიზებულ და დაბეგრილ პროდუქციაზე განსხვავებული ფასი.
გადამხდელის განმარტებით, შემმოწმებლების მხრიდან არ დასმულა შეკითხვები, მისი მონაწილეობით არ მომხდარა არცერთი საკითხის შესწავლა, კონტაქტიც კი არ შემდგარა. მან მიაწოდა ინფორმაცია და ელოდებოდა კითხვებსა და კონსულტაციებს, არ მომხდარა მისი ჩართვა პროცესში. ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №75054-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 16.01.2023 წლის 21-12/2532 წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობო მეურნეობის შესახებ. წერილი გაიგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ გვერდზე, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 15.02.2023 წელს. გადამხდელის ელექტრონული გვერდიდან 20.02.2023 წელს ეცნობათ, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის მომჩივანს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი არ გააჩნდა, ასევე არ გააჩნდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 535 726,90 ლარი, ხოლო საშუალო ფასნამატის 74,09% -ის და დღგ-ს 18%-ის გათვალისწინებით დანაკლისის თანხამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 1 100 543,77 ლარი. აღნიშნული დაექვემდებარა სანქცირებას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 110 054,38 ლარით, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1462662. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
მომჩივნის განმარტებით ოქმის პროექტის განხილვისას გამოხატულა იქნა მზაობა რომ მოხდებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა, რაშიც ჩაერთვებოდა გადამხდელი, თუმცა დამატებითი განხილვის გარეშე გამოიცა სამართალდარღვევის ოქმი №CB1462662. შეძენილი საქონელი სრულად არის რეალიზებული და დაბეგრილი. საქონლის შეძენა ხდებოდა სრულად ზედნადებით, სხვა რაიმე პროდუქცია კომპანიას არც შეუძენია და არც გაუყიდია, კომპანიას არ ქონია სხვა რაიმე შემოსავალი ან სარგებელი გარდა მის მიერ ზედნადებით შეძენილი საქონლის რეალიზაციისა. პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა ზედნადებით ან საცალოდ, რაზეც გაიცემოდა ჩეკები, იმ შემთხვევაში თუ ჩეკები სრულად ვერ აღწერს გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციას ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს აპარატის ან ინტერნეტკავშირის ან რაიმე სხვა ხარვეზით. დანაკლისში სავარაუდოდ ნაჩვენებია უკვე რეალიზებული და დაბეგრილი საქონლის თანხა, გაუგებარია მისი საბაზრო ღირებულების გაანგარიშება. როგორ დაადგინა საგადასახადო ორგანომ უკვე რეალიზებულ და დაბეგრილ პროდუქციაზე განსხვავებული ფასი.
გადამხდელის განმარტებით, შემმოწმებლების მხრიდან არ დასმულა შეკითხვები, მისი მონაწილეობით არ მომხდარა არცერთი საკითხის შესწავლა, კონტაქტიც კი არ შემდგარა. მან მიაწოდა ინფორმაცია და ელოდებოდა კითხვებსა და კონსულტაციებს, არ მომხდარა მისი ჩართვა პროცესში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ზემოხსენებულ წერილში ასევე მიუთითებს, რომ გაუგებარია გადასახადის გადამხდელის პოზიცია/არგუმენტაცია თუ რაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ ხდებოდა შემოსავლების დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისად, როცა საზოგადოებას რეგისტრაციის დღიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე არც ერთ საანგარიშო პერიოდზე არ ქონდა წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების წარდგენა მოხდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №351 ბრძანების ჩაბარების შემდგომ, 18.02.2023 წელს. ფასნამატის გაანგარიშება მოხდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გამოვლენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. მაშასადამე, არ არსებობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №CB1462662 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15259 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა . აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15259 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. მაშასადამე, არ არსებობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის №15259 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (11); 49(1 „გ“ ); 70(1 „ა“ ); 269(1); 270(1,2); 286(9 ); 302(6 );