ბრძანება N 24822

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.08.2020
№ დოკუმენტი 24822
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 24822

20/08/2020

შპს --------------------

(მის.: -----------------)

სადავო საკითხებთან დაკავშირებით

2020 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს ----- ს №49070/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №007-673 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

-. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 2016 წლის ერთობლივი შემოსავლის და საბოლოო სმფ-ს ნაშთის ცვლილებასთან ერთად გამოსაქვითი ხარჯის დაუკორექტირებლობას.

-. გადამხდელი არ ეთანხმება შესყიდულ საქონელზე ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილის გათვალისწინებით ოპერაციის უსასყიდლო მიწოდებად და დირექტორის სარგებლად განხილვას და შესაბამისად დაბეგვრას.

- გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილის დარიცხვას და აღნიშნავს, რომ საწარმოს მიღებული აქვს სამი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. 2015 წლიდან საწარმოს დაწყებული აქვს ოფისის მშენებლობა და ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები. ხოლო შემოწმების ჯგუფის მიერ გადამამუშავებელი მოწყობილობების ტერიტორია განხილულია ქარხანად, რაზეც დარიცხულ იქნა გადასახადი.

- გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხების განსაზღვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება,რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 06 დეკემბრის №32724 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. ხოლო შესამოწმებელმა პერიოდმა მოიცვა 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. 2019 წლის 30 დეკემბერს გამოიცა №47402 ბრძანება და №007-673 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27088 ლარი, მათ შორის გადასახადი 13193 ლარი, ჯარიმა 10015 ლარი, საურავი 3880 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნული გაშიფვრა წარმოადგინა გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პერიოდში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი, საბოლოო სმფ-ს ნაშთი და გამოსაქვითი ხარჯები.

- საწარმოს შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით სხვადასხვა დანიშნულების საქონელი, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია კომპანიის იურიდიული მისამართი, ამავე დროს აღნიშნული მისამართი წარმოადგენს დირექტორის საცხოვრებელ ფართს. შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად საქონლის საბაზრო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

- საწარმოს აღებული აქვს სამი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. 2015 წლის 05 აგვისტოს №1002813, 2015 წლის 26 ნოემბრის №1003131 და 2017 წლის 27 იანვრის №100423 ლიცენზიები. 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე (აგვისტოდან) იწყებს ოფისის შენობის მშენებლობას და ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელს 2016 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში წარმოდგენილი არ აქვს მიწაზე ქონების გადასახადი.

ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით, საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები, როგორებიცაა: ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, არმატურა და ა.შ. აღნიშნული მასალები გამოყენებული აქვს ოფისის მშენებლობისთვის. არ აწარმოებდა ფორმა 2-ს ან/და შესრულებული სამუშაოს რაიმე სახის აქტებს. შემოწმების ჯგუფის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობა განხილულ იქნა როგორც კაპიტალური შენობა, რომლის დემონტაჟი და სხვა ტერიტორიაზე აწყობა ვერ მოხდება დანგრევის გარეშე, ხოლო გადამამუშავებელი მოწყობილობების ტერიტორია განხილულ იქნა როგორც ქარხანა. აღნიშნული წარმოადგენს საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილს (შენობა-ნაგებობა, ქარხანა და მიმდებარე ტერიტორია - მძიმე ტექნიკის სამოძრაოდ და ასევე სარეალიზაციო გამოყოფილ ტერიტორიად). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გადამხდელის საკუთრებაში არსებულ მიწაზე არ აქვს რეგისტრირებული რაიმე შენობა- ნაგებობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა ადგილმდებარეობის შესაბამისად მიწაზე ქონების გადასახადი.

- საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში აღებული აქვს სამი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. 2015 წლის 05 აგვისტოს ლიცენზია. 2015 წლის 05 აგვისტოს №1002813, 2015 წლის 26 ნოემბრის №1003131 და 2017 წლის 27 იანვრის №100423 ლიცენზიები. აღნიშნულ ლიცენზიებს თან ახლავს ათვისების გეგმა წლების მიხედვით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით გადაანგარიშდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე.

კერძოდ , აღნიშნული კოდექსის 100-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია: ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის

– სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ 2016 წლის ერთობლივ შემოსავალსა და საბოლოო ნაშთთან ერთად დაკორექტირებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. ამასთან, შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით სხვადასხვა დანიშნულების საქონელი, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია კომპანიის იურიდიული მისამართი, ამავე დროს აღნიშნული მისამართი წარმოადგენს დირექტორის საცხოვრებელ ფართს. შესაბამისად, მითითებული ოპერაცია მიჩნეულ იქნა უსასყიდლო მიწოდებად და საქონელი განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით ირკვევა, რომ ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს 2015 წლიდან აქვს ლიცენზიები და აღნიშნული საანგარიშო პერიოდიდან ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა საქმიანობის ადგილზე ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს მიწაზე ქონების გადასახადი ასახული და გადახდილი, ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გადამხდელის საკუთრებაში არსებულ მიწაზე არ აქვს რეგისტრირებული რაიმე შენობა-ნაგებობა. ამასთან, საწარმოს ლიცენზიების წლების მიხედვით ათვისების გეგმისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გადაანგარიშდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებთან, ამდენად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ------------ ს საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

- გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოსაქვითი ხარჯის დაუკორექტირებლობას;

- გადამხდელი არ ეთანხმება შესყიდულ საქონელზე ოპერაციის უსასყიდლო მიწოდებად და დირექტორის სარგებლად განხილვას და დაბეგვრას;

- გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილის დარიცხვას;

- გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტიდან დგინდება შემდეგი:

- გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნულის გაშიფვრა წარმოადგინა შემოწმების პერიოდში. შემოწმებით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი, საბოლოო სმფ-ს ნაშთი და გამოსაქვითი ხარჯები.

- საწარმოს შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით საქონელი, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია კომპანიის იურიდიული მისამართი, აღნიშნული მისამართი წარმოადგენს დირექტორის საცხოვრებელ ფართს. შემოწმების მიერ საქონელი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

- საწარმოს აღებული აქვს სამი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. 2015 წელს იწყებს ოფისის მშენებლობას და ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებს. გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს მიწაზე ქონების გადასახადი. საჯარო რეესტრის ინფორმაციით გაანგარიშებულ იქნა მიწაზე ქონების გადასახადი.

- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით გადაანგარიშდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებთან, ამდენად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 73(4); 73(9,,ბ“); 100(1); 105; 106; 145; 154(1,,ა“); 203(1,,ბ“); 204(2); 282; 291

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 160; 161(1,,ა“)

„ბუნბრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი