გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტი N 1144

1144 გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტი 10.11.2015
№ დოკუმენტი 1144
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტი N 1144

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა პირმა, 2011 წლის იანვარში გააფორმა კონტრაქტი 150000 ლარის სამშენებლო სამუშაოზე. კონტრაქტის შესასრულებლად გათვალისწინებული ერთობლივი ხარჯები შეადგენს 120000 ლარს

· კონტრაქტი არ ითვალისწინებს სამუშაოს ეტაპების მიხედვით ჩაბარებას.სამუშაო შემკვეთს ჩაბარდა 2012 წლის აგვისტოში. კონტრაქტის ფარგლებში 2011 წელს გაწეული იქნა ხარჯი 90000 ლარის ოდენობით, მთლიანი ხარჯის 75%

· პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მხოლოდ 2012 წლის აგვისტოში და აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა დაადეკლარირა 150000 ლარის ოდენობით.პირმა ჩათვალა,რომ მას ასეთი ვალდებულება მანამდე არ გააჩნდა (დღგ-ით დასაბეგრი სხვა ოპერაციები არ განუხორციელებია)

შეფასება

· სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა

· სსკ-ს 161-ე მუხლის თანახმად გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა: ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად; ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან

· პირი ვალდებული იყო არაუგვიანეს 2011 წლის დეკემბრისა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად, ვინაიდან კონტრაქტით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100000 ლარს. ასევე,- 2011 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაედეკლარირებინა 112 500ლარის ოდენობით (150000X75%)

- 2012 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით არსებულ ნაშთს დაადეკლარირებს 37500 ლარის ოდენობით (150000X25%).

იმის გათვალისწინებით რომ სსკ-ის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ამოქმედდა სსკ-ში 2013 წლის 26 დეკემბრის N1886-რს ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ , გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას უნდა გამოეწეროს როგორც 2011 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, ასევე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების, 2012 წლის აგვისტოს, საანგარიშო პერიოდზე.

· 2011 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დასაბეგრ ოპერაციაზე ჩასათვლელ დღგ-ზე, მოქმედებს სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება 2011 წლის დეკემბრის თვის კუთვნილი დღგ-ის თანხა 20 250 ლარის ოდენობით (112500X18%)

· პირი დაჯარიმდება 2011 წლის დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის (სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილი) 5 625 ლარის ოდენობით (112500X5%)

· პირი 2011 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის არ დაჯარიმდება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით