ბრძანება N 13852

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2025
№ დოკუმენტი 13852
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13852

27 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 5 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 5 ივნისის №87367/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №006-117 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ნაშთის რეალიზებულად განხილვას და დღგით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ფასნამატი გავრცელებულია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც თავად შემოწმებამ არ ჩათვალა შესყიდვისათვის ვარგის დოკუმენტად. გადამხდელი ასევე, არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, განმარტავს, რომ შპს „---ის“ დირექტორზე გადახდილია თანხები და არსებობს გადახდის დოკუმენტები, რომლის მიხედვით დირექტორმა ჩარიცხა ან მისი დავალებით სხვა პირმა გადასცა თანხები კრედიტორს. შესაბამისად ეს თანხა უნდა ჩაითვალოს გადახდილად და გათვალისწინებულ იქნას ხარჯებში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გაუვრცელებლობას.

განმარტავს, რომ ბუნდოვანია შემოწმების მითითება, რომ თითქოს ერთის მხრივ, ვერ ადასტურებს კომპანია შესყიდვის აქტების სიზუსტეს, თუმცა, მეორე მხრივ, ამავე აქტებს ჯერ ამატებს ფასნამატს და ამავე აქტებზე დაყრდნობით აქვს დადგენილი სმფ-ები. კომაპნიას დაერიცხა დღგ, მაშინ როდესაც პროდუქციის რეალიზაცია არ იყო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. მომჩივანი აცხადებს, რომ კანონი არ ითხოვს ნოტარიულ ფორმას, ხოლო წერილობითი ფორმით წარდგენილი იყო. ამასთან, განმარტავს, რომ თუ შემოწმებამ არ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი მაშინ, როგორც უკიდურესი ფორმა უნდა გამოეყენებინა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და განესაზღვრა ხარჯები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №2545 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 მაისის №9783 ბრძანება და ამავე თარიღის №006-117 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 221 715 ლარი, მათ შორის, გადასახადი 111 780 ლარი, ჯარიმა 58 086 ლარი, საურავი 51 849 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლის, სიმინდის, ქერის, ქატოს და სხვა საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სიმინდი, ამონიუმის გვარჯილა, საკვები დანამატები და სხვა) ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოცემული საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო.

გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოცემული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა გადამხდელის მიერ რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. რეალიზაციად განხილული საქონლიდან მიღებული თანხა შემცირდა საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთით (108 771 ლარი), რომლის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელს საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-საგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონლის უდიდესი ნაწილი საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან, რომლებზეც შედგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები.

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადამხდელის მიერ ნაწილ ფიზიკურ პირებზე მოხდა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ხოლო, ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებიათ შპს „---თვის“. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სმფ-ების (სიმინდი, ამონიუმის გვარჯილა, საკვები დანამატები და სხვა) ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოცემული საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო.

გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოცემული სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა გადამხდელის მიერ რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და დღგ-ით. რეალიზაციად განხილული საქონლიდან მიღებული თანხა შემცირდა საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთით (108 771 ლარი), რომლის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-საგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონლის უდიდესი ნაწილი საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან, რომლებზეც შედგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები.

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადამხდელმა წარმოადგინა ნაწილ ფიზიკურ პირებზე აღნიშნული დოკუმენტაცა. ხოლო ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებაით შპს „----თვის“. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაიბეგრა დღგ-ით.

მომჩივნის არგუმენტთან შემოსავლების სამსახურის უფროსის 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებისას შესყიდვის ფასი/ხარჯი სადავო არ გამხდარა და არ დაკორექტირებულა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ნაშთის რეალიზებულად განხილვას და დღგით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გაუვრცელებლობას

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლის, სიმინდის, ქერის, ქატოს და სხვა საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სიმინდი, ამონიუმის გვარჯილა, საკვები დანამატები და სხვა) ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოცემული საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო. გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოცემული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა გადამხდელის მიერ რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. რეალიზაციად განხილული საქონლიდან მიღებული თანხა შემცირდა საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთით (108 771 ლარი), რომლის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-საგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონლის უდიდესი ნაწილი საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან, რომლებზეც შედგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები.

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადამხდელის მიერ ნაწილ ფიზიკურ პირებზე მოხდა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ხოლო, ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებიათ მომჩივნისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145; 159; 163; 164; 73 (4,9); 101; 154; 72; 172 (4, უ).