ბრძანება N 16013

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 18.06.2020
№ დოკუმენტი 16013
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16013

18/06/2020

შპს -----

(მის.: ქ. ------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 07 იანვრის №48439/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის №002-451 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება შიდა აქტით ჩამოწერილი, გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ვალის პატიებად განხილვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 04 ივნისის №17995 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისამდე. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 26 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2019 წლის 03 დეკემბრის №42081 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 03 დეკემბრის №002-451 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განესაზღვრა სულ 270325 ლარით, მათ შორის: გადასახადი 160866 ლარი, ჯარიმა 73373 ლარი, საურავი 36086 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ჩამოწერილი აქვს გაცემული და მიუღებელი სესხები. აღნიშნული სესხები საწარმოს ჩამოწერილი აქვს შიდა აქტის საფუძველზე. საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის სესხის ძირითადი თანხის პატიება სიტუაციური სახელმძღვანელოს №2416 მიხედვით განიხილება ქონების უსასყიდლო მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, წყაროსთან დაკავებას დაექვემდებარა სულ 423 653 ლარი, კერძოდ, 2016 წელს 174825 ლარი, 2017 წელს 161001 ლარი, 2018 წელს 87826 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, პროცენტი– ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამავე მუხლის, ამავე ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროცენტად ითვლება კრედიტთან (სესხთან) დაკავშირებული გადასახდელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირზე 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხის, აგრეთვე ამ სესხზე დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის პატიების (ჩამოწერის) შედეგად ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი, თუ აღნიშნული ფიზიკური პირისთვის შესაბამისი ვალდებულების პატიება (ჩამოწერა) კომერციულმა ბანკმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ განახორციელა.

მომჩივანის განმარტებით, გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე დარიცხული პროცენტის ჩამოწერა განხორციელდა მხოლოდ ბასს სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით და არ მომხდარა ფიზიკურ პირებზე ვალის პატიება/ჩამოწერა. კომპანიას ხარჯად არ უღიარებია ჩამოწერილი სესხები და მოხდა მხოლოდ მათი გატანა ბალანსგარეშე ანგარიშებზე. აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია შემმოწმებელთა მხრიდან კვალიფიკაციის მინიჭება როგორც ვალის პატიება, ვინაიდან არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, მ.შ. არ არიან გამოკითხული ფიზიკური პირები. განმარტავს, რომ 2019 წლიდან ყველა მსესხებელზე ბალანსზე აღდგენილია სასესხო დავალიანებები, მ.შ. ნაწილი ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული საპროცენტო დავალიანებები მიღებულია.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა ამავე ნაწილში ჩამოთვლილი შემოსავლის/სარგებლის სახეებისა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში ევალება საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. ამდენად, მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ვალდებულება, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის არ ითვალისწინებს ამგვარი სარგებლის გადასახადის წყაროსთან დაბეგვრას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ქონების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ქონების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება შიდა აქტით ჩამოწერილი, გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ვალის პატიებად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით: საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შიდა აქტის საფუძელზე ჩამოწერილი აქვს გაცემული და მიუღებელი სესხები. მომჩივანის განმარტებით, მსესხებელ ფიზიკურ პირებზე დარიცხული პროცენტის ჩამოწერა განხორციელდა მხოლოდ ბასს სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით და არ მომხდარა ფიზიკურ პირებზე ვალის პატიება/ჩამოწერა. კომპანიას ხარჯად არ უღიარებია ჩამოწერილი სესხები და მოხდა მხოლოდ მათი გატანა ბალანსგარეშე ანგარიშებზე. საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის სესხის ძირითადი თანხის პატიება სიტუაციური სახელმძღვანელოს №2416 მიხედვით განიხილება ქონების უსასყიდლო მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, წყაროსთან დაკავებას დაექვემდებარა სულ 423 653 ლარი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერით, გადამხდელს არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ვალდებულება, რამდენადაც სსკ-ს 154-ე მუხლის არ ითვალისწინებს ამგვარი სარგებლის გადასახადის წყაროსთან დაბეგვრას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ზემოაღნიშნული საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(19); 82(1,,თ“); 103(1); 154(1,,მ“); 309(87,,გ“)