გადაწყვეტილება №19446/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19446/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19446/2/2023

18 მაისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,------”- ის 18.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19446/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 74 673 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის №24152 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივნის ობიექტებში 20.09.2022 წლის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 145 639 ლარის პირვანდელი ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2018 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 245 600 ლარი. საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1 425 845 ლარი. 1.01.2018- 20.09.2022 წლების საანგარიშო პერიოდების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებამ შეადგინა 1 231 468. შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 579 989 ლარს.

სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 439 977 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა 294 338 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, ხოლო საბაზრო ფასებით (115% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 746 735 ლარი.

მომჩივანს 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით (74 673.5 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ მომჩივანმა წარმოდგენილ საჩივარს არ დაურთო ისეთ მტკიცებულებები, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელებული ფასნამატი არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი გაცილებით ნაკლებია და არ აღემატება 20-25 პროცენტს.

ვინაიდან მოგების დეკლარაციაში არ ქონდა წლიური ნაშთები დეკლარირებული, მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და 1.01.2018 წლიდან, 20.09.2022 წლის მდგომარეობით შეძენილი სმფ-ების რეალიზაციის გათვალისწინებით, მთელ რეალიზაციაზე გავრცელდა 2022 წლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 37.22 %.

ამ მეთოდით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ფასით 746 673.5 ლარი. დეკლარირებული შემოსავლის 78%-ს შეადგენს სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია, სადაც ფასნამატი 20%-ს არ აღემატება. აქედან გამომდინარე ბუღალტრული ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყებამდე ვერ ექნებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გამოანგარიშებულ იქნას ზემოხსენებული მეთოდით დადგენილი ნაშთი, დაკორექტირდეს დანაკლისის ოდენობა და მასზე დარიცხული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის N ------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგი პროექტის სახით ჩაბარდა 12.01.2023 წელს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

მომჩივანმა პროექტის საპასუხოდ 12.01.2023 წელს წარმოადგინა საწინააღმდეგო პოზიცია. 17.01.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომის ოქმით N4, გადამხდელის წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით თვითღირებულებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისად, რეალური ფასნამატის დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით (სანქციის ნაწილში) ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა ს.მ.ფ.-ების დანაკლისი თვითღირებულებით 294 338 ლარის ოდენობით, ხოლო საბაზრო ფასებით ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 115 % ფასნამატის გათვალისწინებით შეადგინა 746 735 ლარი.

ზემოაღნიშნული ნორმების, მომჩივნის არგუმენტებისა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ თვითღირებულების განსაზღვრა მოხდა ხელახლა, რის შემდგომაც გამოვლინდა დანაკლისი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.აღნიშნავს,რომ დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელებული ფასნამატი არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას.

მომჩივანი ითხოვს გამოანგარიშებულ იქნას ზემოხსენებული მეთოდით დადგენილი ნაშთი, დაკორექტირდეს დანაკლისის ოდენობა და მასზე დარიცხული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიმართ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივნის ობიექტებში 20.09.2022 წლის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 145 639 ლარის პირვანდელი ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2018 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 245 600 ლარი. საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1 425 845 ლარი. 1.01.2018- 20.09.2022 წლების საანგარიშო პერიოდების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებამ შეადგინა 1 231 468. შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 579 989 ლარს.

გამოვლინდა 294 338 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, ხოლო საბაზრო ფასებით (115% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 746 735 ლარი.

მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით (74 673.5 ლარი).

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ თვითღირებულების განსაზღვრა მოხდა ხელახლა, რის შემდგომაც გამოვლინდა დანაკლისი, შესაბამისად,საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

8(11),286(9)