ბრძანება N 22033
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22033
09 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №22369/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------- (ს/ნ -------) 2024 წლის 24 იანვრის №87081/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №081-326 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი მთლიანად დეკლარირებულია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში სასტუმროში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და მათ ფონზე სირთულეები იყო დამსვენებლების მოზიდვასთან დაკავშირებით, ასევე, მძიმედ აისახა საქმიანობაზე პანდემიის პერიოდი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. აცხადებს, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენს სასტუმროს და პირადი მიზნებისთვის მისი გამოყენება ხდებოდა მხოლოდ 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე, საცხოვრებელი სახლის მცირე რემონტის პერიოდში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22369 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა 2023 წლის 19 დეკემბრის №31982 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 20 დეკემბრის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 523 ლარი, ჯარიმა 19 003 ლარი, საურავი 8 432 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2255 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 16 აგვისტოს №22369/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2255 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №22369/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების გაწევა (მისამართი: -------, -------, საკადასტრო კოდი - -------). გადამხდელს 2020 წლის პირველი იანვრიდან აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 30 სექტემბრიდან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №24125 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა დათვალიერება. დათვალიერების შედეგების შესახებ შედგენილი ოქმის მიხედვით ი/მ ------- საკუთრებაშია 3 სასტუმრო: 3 სართულიანი, 4 სართულიანი და 9 სართულიანი. სამ სართულიანი სასტუმრო შედგება 6 ოთხადგილიანი ნომრისგან, 4 სართულიანი სასტუმრო - 3 ოთხადგილიანი, 5 სამადგილიანი და 3 ორადგილიანი ნომრებისგან, ცხრა სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 3 და 4 სართულიან სასტუმროებში სტუმრების მიღება დაიწყო 2020 წლიდან. 2020 წელს სასტუმროს კოვიდ პანდემიის გამო ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა. გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი. გადამხდელს არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა 2021 – 2022 წლებში ნომრების გაქირავებიდან შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. 2020 წელს პანდემიის გამო სასტუმროები არ ფუნქციონირებდნენ დატვირთვით და შესაბამისად, 2020 წლის პერიოდზე არ იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, 2023 წელს კი არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლები არსებითად არ განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლებისგან. გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ობიექტის დათვალიერების ოქმის მონაცემები - გასაქირავებლად მზად მყოფი ნომრების რაოდენობა (სულ ჯამში 17 ნომერი) და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასი (1 ადგილი/სტუმარი 50 ლარი). არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები გამოყენებულ იქნა მხოლოდ საკურორტო სეზონის პერიოდში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი). სასტუმროს დატვირთულობა განისაზღვრა აუდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტით 70%-ით (მშენებარე 9 სართულიან სასტუმროს ნომრებს მონაწილეობა არ მიუღიათ არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების გაანგარიშებისას). სასტუმროდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას თითოეულ ნომერში გათვალისწინებულ იქნა 2 სტუმრის მიღება (მათ შორის 3 და 4 ადგილიან ნომრებშიც). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №24125 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა დათვალიერება. დათვალიერების შედეგების შესახებ შედგენილი ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ი/მ ------- ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე (მეორე სართული დაკავებულია მთლიანად, 1 სამადგილიანი და 6 ორადგილიანი ნომერი). გადამხდელის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია 2020 წლის სექტემბრის თვიდან. შეძენილ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე სრულად არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სულ ჩათვლილია 188 420 ლარი. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი. პროექტის მიხედვით მთლიანი სასტუმროს ფართი შეადგენს 2 661.32 მ 2 -ს, მეორე სართულის ფართი კი 267.35 მ 2 -ს. შეძენილი სამშენებლო მასალები და მიღებული მომსახურება გამოიყენება 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაში. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა ი/მ ------- მიერ 9 სართულიან სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობა (10.04%) და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ივლისის თვე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლებიდან გაუქმებას/აღდგენას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 10.04%, როგორც არაეკონომიკურ საქმიანობაში (პირადი, საცხოვრებელი მიზნით) გამოყენებული დღგ-ის ჩათვლა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, გადამხდელს მიეცა მითითება, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ პერიოდებში არ ჩაითვალოს პირად სარგებლობაში გამოყენებული ფართის პროპორციული მშენებლობის ხარჯის დღგ.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი, არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ 2020 წელს პანდემიის გამო სასტუმროები არ ფუნქციონირებდნენ დატვირთვით, ხოლო 2023 წელს არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლები არსებითად არ განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლებისგან.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მართლზომიერად იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი 2021-2022 წლებში საკურორტო სეზონის პერიოდში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ნომრების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების გასაანგარიშებლად. აგრეთვე, შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ობიექტის დათვალიერების ოქმის მონაცემები. სასტუმროს დატვირთულობა შემოწმებით განისაზღვრა აუდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტით 70%-ით. ამასთან, მშენებარე 9 სართულიან სასტუმროს ნომრებს მონაწილეობა არ მიუღიათ არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების გაანგარიშებისას.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგის ჩათვლის მიღების უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №24125 ბრძანებით ჩატარებული დათვალიერების შედეგად შედგენილი ოქმის მიხედვით, ი/მ ------- ოჯახთან ერთად ცხოვრობს 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე (მეორე სართული დაკავებულია მთლიანად, 1 სამადგილიანი და 6 ორადგილიანი ნომერი). გადამხდელის ახსნაგანმარტებით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია 2020 წლის სექტემბრის თვიდან. შეძენილ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე სრულად არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შეძენილი სამშენებლო მასალები და მიღებული მომსახურება გამოიყენება 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაში. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა ი/მ ------- მიერ 9 სართულიან სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობა (10.04%) და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ივლისის თვე) ჩათვლებიდან გაუქმებას/აღდგენას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 10.04%.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ სადავო ფართი წარმოადგენს სასტუმროს და მისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება ხდებოდა მცირე დროით საცხოვრებელი სახლის რემონტის პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას გამოთქვა მზაობა ზემოაღნიშნული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
2. სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი, არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები. ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, 2021 – 2022 წლებში ნომრების გაქირავებიდან შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, მხოლოდ საკურორტო სეზონის პერიოდში. სასტუმროს დატვირთულობა განისაზღვრა აუდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტით 70%-ით (მშენებარე სასტუმროს ნომრებს მონაწილეობა არ მიუღიათ არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების გაანგარიშებისას). გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა დათვალიერება. დათვალიერების შედეგების შესახებ შედგენილი ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანი ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე. შეძენილ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე სრულად არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა მეწარმის მიერ საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობა (10.04%) და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩათვლებიდან გაუქმებას/აღდგენას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 10.04%, როგორც არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული დღგ-ის ჩათვლა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 159; 163; 164; 175;