ბრძანება 12376

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12376
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება 12376

05.06.2023

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2022 წლის 8 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2022 წლის 8 სექტემბრის №74521/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №21326 ბრძანებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე. აცხადებს, რომ დეკლარაციების დაზუსტება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ საწარმოს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ითხოვს 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას დღგის ჩათვლის მიღების მიზნით, შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ჩათვლის უფლების საფუძვლით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №29128 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 14 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 28 ივლისის №21621 ბრძანება და 30 ივლისის №001-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 978 379 ლარი, მათ შორის, გადასახადი 559 567 ლარი, ჯარიმა 264 024 ლარი და საურავი 154 788 ლარი. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №21326 ბრძანებით უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №29128 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ 2018 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდზე დამატებით მატერიალური ფორმით წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

ზემოაღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ნოემბრის №18059/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25844 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №18059/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ 2022 წლის 23 მარტს წარმოდგენილია 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები (ID ----).

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დეკლარაციები გულისხმობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას იმ პერიოდებზე და თემაზე, რომელიც შემოწმდა საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით და რაც, ასევე უცვლელი დარჩა დავების განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებებით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დებულებების გათვალისწინებით, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დეკლარაციები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, საქონლის იმპორტის ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩათვლის მისაღებად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე უნდა გაიანგარიშოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად და ასახოს საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საგადასადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №29128 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2020 წლის 14 ივლისს, რომლის საფუძველზეც 2018-2019 წლების შესაბამის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა საქონლის იმპორტთან დაკავშირებული დღგ ჯამში 74 195 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ 2022 წლის 23 მარტს მატერიალური ფორმით წარმოდგენილია 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები, ასევე წარმოდგენილია ბიუჯეტის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (250 000 ლარი, გადახდის თარიღი 11.06.2020წ., 100 000 ლარი, გადახდის თარიღი 30.09.2021წ., 75 844 ლარი, გადახდის თარიღი 14.04.2022წ.).

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თარიღდება 2020 წლის ივლისით და მის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება, შესაბამისად, 2020 წლის ივნისით, 2021 წლის სექტემბრით და 2022 წლის აპრილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №21326 ბრძანებით უარი ეთქვა კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

ზემოაღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ნოემბრის №18059/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25844 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69 (3); 302 (6); 306 (2); 2 (2); 173 (1;2); 174 (1 ა); 175; 176

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილი