ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონების მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრა N 1421
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონების მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრა N 1421
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკური პირი ახორციელებს მის საკუთრებაში არსებულ მრავალბინიან სახლში საცხოვრებელი ბინის გაქირავებას.
· მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მხოლოდ საცხოვრებელი ბინის გაქირავებას და არ მოიცავს მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემას.
· ფიზიკურმა პირმა არ წარმოადგინა მიწის ნაწილში ქონების დეკლარაცია და არ გადაიხადა მიწაზე ქონების გადასახადი.
შეფასება
· სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1" ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი). ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).".
· იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების (არსებით) შემადგენელ ნაწილს, მიუხედავად სსკ-ის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ფიზიკური პირი სარგებლობს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.
ღონისძიებები
· ფიზიკური პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით