სალიზინგო გადასახდელების რესტრუქტურიზაცია N 2530

2530 სალიზინგო გადასახდელების რესტრუქტურიზაცია 19.10.2016
№ დოკუმენტი 2530
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სალიზინგო გადასახდელების რესტრუქტურიზაცია N 2530

ფაქტობრივი გარემოებები

•საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ, რომლის საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების ლიზინგით გაცემა, შეიძინა სალიზინგო ქონება და მიაწოდა ლიზინგის მიმღებს. ლიზინგის საგნის მთლიანი ფასი მოიცავს ლიზინგის მიმღებისაგან მიღებულ ავანსს (თანადაფინანსება) და სალიზინგო გადასახდელებს, რომელიც თავის მხრივ იმიჯნება - მიმდინარე სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებულ ღირებულებად და საპროცენტო სარგებლად. ხელშეკრულების თანახმად, სალიზინგო პერიოდი მოიცავს 12 თვეს 2015 წლის 23 მარტიდან 2016 წლის 23 მარტამდე, ლიზინგის ხელშეკრულება ითვალისწინებს სალიზინგო გადასახდელის თანაბარზომიერად, ყოველი თვის 23 რიცხვში გადახდას.

•ლიზინგის მიმღებმა გადაიხადა პირველი ოთხი თვის სალიზინგო საზღაური, თუმცა შემდეგ პერიოდში დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება და 2015 წლის 23 აგვისტოდან გადასახდელი თანხა ლიზინგის გაცემის სასარგებლოდ არ გადაუხდია. კომპანიის პირველადი სალიზინგო გრაფიკის მიხედვით, დარიცხვის მეთოდით აღიარებული აქვს სალიზინგო შემოსავალი, კერძოდ, დისკონტირებული ძირითადი თანხა და საპროცენტო შემოსავალი, რომელიც ლიზინგის მიმღებს არ გადაუხდია. ამასთან, ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლო დაარიცხა ლიზინგის მიმღებს, თუმცა არ აუსახავს ერთობლივ შემოსავალში.

•2015 წლის 20 ნოემბერს ლიზინგის მიმღებმა მიმართა ლიზინგის გამცემს და მოითხოვა არარსებული ხელშეკრულების ცვლილება და სალიზინგო გადასახდელების რესტრუქტურიზაცია, კერძოდ, ყოველთვიური სალიზინგო გადასახდელების შემცირება მათი გაზრდილ სალიზინგო პერიოდზე გადანაწილების გზით. შედეგად, გაფორმდა დამატებითი შეთანხმება სალიზინგო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლის თანახმად, სალიზინგო პერიოდი გაიზარდა 19 (ცხრამეტ) თვემდე (გასულ 7 თვეს + რესტრუქტურიზაციისას დადგენილი 12 თვე). თავის მხრივ, სალიზინგო გადასახდელების გადავადების (რესტრუქტურიზაციის) შედეგად ახალი გრაფიკი შედგენილია პირველი გრაფიკის მიხედვით დარჩენილ სალიზინგო გადასახდელების ვადადაუმდგარი დისკონტირებული ნაწილისგან, რომელსაც დამატებული აქვს საპრონცენტო სარგებელი, ვადამოსული გადაუხდელი დისკონტირებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო შემოსავლისგან, დარიცხული ჯარიმისა და პირგასამტეხლოსგან.

•კომპანიამ ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო რესტრუქტურიზაციისას ჩათვალა ანაზღაურებულად და ასახა ერთობლივ შემოსავალში. აღნიშნული ჯარიმა/პირგასამტეხლო და დარიცხვის მეთოდით აღიარებული სალიზინგო შემოსავალი, კერძოდ, დისკონტირებული ძირითადი თანხა და საპროცენტო შემოსავალი, რომელთა გადახდის ვადა დამდგარი იყო და ლიზინგის მიმღების მიერ არ გადახდილა, გადასახადის ახალი გრაფიკის მიხედვით მეორედ აღარ ჩაურთავს ერთობლივ შემოსავალში და არ დაუბეგრავს მოგების გადასახადით.

შეფასება

•სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ ქონების ლიზინგით გაცემა მიეკუთვნება მომსახურებას. სსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ კოდექსის XIX თავით გათვალისწინებული მოთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ სააგნარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვების და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღების და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სსკ-ის 141-ე მუხლი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:

ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;

ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება.

•ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სალიზინგო ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციისას, სალიზინგო გადასახდელების გადავადებისას, გადაუხდელი მოთხოვნის თანხა, რომელიც კომპანიის მიერ გადახდების ძველი გრაფიკის მოქმედების პერიოდში უკვე აღიარებულია შემოსავლად, გამოაკლდება ახალი გრაფიკით გაანგარიშებულ თანხას, რათა არ მოხდეს უკვე გამომუშავებული აღიარებული შემოსავლის მეორედ ჩართვა ერთობლივ შემოსავალში. ამრიგად, რესტრუქტურიზებული სალიზინგო ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის მიერ ერთობლივ შემოსავალში ასახვას და, შესაბამისად, შემოსავლად აღიარებას, დაექვემდებარება ახალი გრაფიკით ლიზინგის მიმღების მიერ გადასახდელი ლიზინგის გადასახდელები, რომელთაც, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნისთვის, უნდა გამოაკლდეს ის თანხა, რომელიც კომპანიის მიერ გადახდების ძველი გრაფიკის მოქმედების პერიოდში უკვე აღიარებულია შემოსავლად. ამდენად, ძველი გრაფიკის შესაბამისად მიუღებელი, მაგრამ უკვე აღიარებული და ერთობლივ შემოსავალში ჩართული სალიზინგო შემოსავალი (ძირი, პროცენტი) და რესტრუქტურიზაციისას ანაზღაურებულად ჩათვლილი და ერთობლივ შემოსავალში ასახული ჯარიმა/პირგასამტეხლო არ ექვემდებარება მეორედ დასაბეგრ შემოსავალში ჩართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველთვიურ გადასახდელებში უნდა მოხდეს სალიზინგო გადასახდელების გამიჯვნა შემოსავლად აღიარებული ვალდებულებისგან.

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში მითითებული თარიღები პირობითია