ბრძანება N 11072
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11072
11/05/2018
ი/მ ------
(მის: ---------)
2018 წლის 23 თებერვლის საჩივრის
არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 27 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი N38) განიხილა ი/მ ----- საჩივარი, რომლითაც ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის №35078 და N35080 ბრძანებების გაუქმებას.
მომჩივანი აცხადებს, რომ ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა არ დამდგარა მისი ბრალეულობით, რაზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ითხოვს არ მოხდეს ჯარიმის დაკისრება და გაგრძელდეს შეთანხმების ვადა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N727 განკარგულების საფუძველზე 2016 წლის 20 მაისს შემოსავლების სამსახურსა და ი/მ ----- შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების Nა139-21 აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში 2016 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანების 81216.29 ლარის შემცირებას და მის განსაზღვრას 64595.01 ლარით. აღნიშნული თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 540 კალენდარული დღე.
ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ იქნა შესრულებული Nა139-21 საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული პირობები, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის N35078 ბრძანების საფუძველზე (გაეცნო ელექტრონულად 01.02.2018წ, შემოსავლების სამსახურსა ი/მ ----- შორის გაფორმებული 2016 წლის 20 მაისის Nა139-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი ჩაითვალა ძალადაკარგულად.
ამასთან, საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%-ის ოდენობით - სულ 6459.50 ლარი, რაზედაც გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის N35080 ბრძანება (გაეცნო ელექტრონულად 01.02.2018წ).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად:
„1. საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის:
ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;
ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ კოდექსის 293-ე−295-ე მუხლები.“
ასევე სსკ-ის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.“ ხოლო ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით: „საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი თანახმად:
„1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
7. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:
ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;
გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრის №35078 და N35080 ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ს 2018 წლის 23 თებერვლის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აცხადებს, რომ ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა არ დამდგარა მისი ბრალეულობით, რაზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ითხოვს არ მოხდეს ჯარიმის დაკისრება და გაგრძელდეს საგადასახადო შეთანხმების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურსა და გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, გადამხდელის დავალიანების 81216.29 ლარის ნაცვლად 64595.01 ლარით განსაზღვრის თაობაზე. გადახდის ვადად განისაზღვრა საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 540 კალენდარული დღე.
ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ იქნა შესრულებული საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული პირობები, საგადასახადო შეთანხმების აქტი ჩაითვალა ძალადაკარგულად.
ამასთან, საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გადამხდელს სსკ-სს 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%-ის ოდენობით.
გადაწყვეტილება
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 292; 293(6)