გადაწყვეტილება №18885/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18885/2/2023
23.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18885/2/2023).
დავის საგანი:
1. გაანგარიშებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;
2. საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №006-439 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1202 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 96 932 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 47 075
დღგ - 1 753
მოგები გადასახადი -29 820
საშემოსავლო გადასახადი - 15 674
ქონების გადასახადი - (-172)
ჯარიმა - 32 212
საურავი - 17 645
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით და ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, აქტის საფუძველზე გამოიცა 7.10.2022 წლის №25616 ბრძანება და ამავე თარიღის №006-439 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 31.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.01.2023 წლის №1202 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გაანგარიშებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება, ძირითადად, უნაღდო ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულია პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს არ დაერიცხა მოგების გადასახადი, ვინაიდან გაცემული სესხი დაბრუნებულია შესამოწმებელ პერიოდში სრულად. გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით აღწერილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. აღნიშნული განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი N9) გათვალისწინებით.
სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ნაწილობრივ ნავთობპროდუქტების და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისათვის საჭირო საშუალებების შესყიდვას აწარმოებდა ნაღდი ფულით. მომწოდებლებისათვის გადასახდელი ფული გროვდებოდა სალაროში და შემდეგ ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორება. რიგ შემთხვევებში ნაღდი ანგარიშსწორება ვერ ხერხდებოდა მოკლე დროში. შემოწმების პერიოდის დასრულების დროს არსებული ნაშთი შემოწმების შედეგად განისაზღვრა უძრავ ნაშთად. აღნიშნული თანხა მომწოდებლებზე გადახდილია შემოწმების პერიოდის დასრულების შემდეგ. საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა არასამართლიანად მიაჩნია. გამოდის, რომ კომპანიას სალაროს გამოყენების საშუალება არ აქვს და გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ფული შენახული ჰქონდეს მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე. ბანკები კერძო კომპანიებია და მისი კლიენტების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხით მოგებას იღებს. არასამართლიანად მიაჩნია სახელმწიფო აიძულებდეს კომპანიებს რამდენიმე ბანკის მოგებაზე ზრუნავდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის შესაბამისად:
3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი მიუთითებს, რომ მომწოდებლებისათვის გადასახდელი ფული გროვდებოდა სალაროში და შემდეგ ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორება, რაც რიგ შემთხვევებში ვერ ხერხდებოდა მოკლე დროში. შემოწმების დასრულების დროს არსებული თანხის ნაშთი მომწოდებლებზე გადახდილია შემოწმების დასრულების შემდეგ. საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა არასამართლიანად მიაჩნია. გამოდის, რომ კომპანიას სალაროს გამოყენების საშუალება არ აქვს და გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ფული შენახული ჰქონდეს მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულია პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილია სხვადასხვა სახის საქონელი, რომელთა დაკავშირება გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან ვერ ხერხდება. აღნიშნული საქონლის შეძენით კომპანიას მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 1 753 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შემოწმების მიერ აღნიშნული შეძენილი პროდუქცია არ იქნა მიჩნეული ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად და მიღებული ჩათვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) დაექვემდებარა შემცირებას.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული ხარჯი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში შემმოწმებლებსა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს შორის ხორციელდებოდა ურთიერთკავშირი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის ფორმირებამდე ეცნობა სადავო საკითხის შესახებ, რაზეც არგუმენტირებული პოზიცია არ წარმოუდგენია.
კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა გადამხდელს კონკრეტულად რომელი ხარჯი აქვს მხედველობაში უცნობია, წარდგენილ საჩივარში აპელირებს საოფისე და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის გაწეულ ხარჯზე დარიცხულ მოგების გადასახადზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი დოკუმენტაცია, თუ სად ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. კომპანიის საკუთრებაში არ ფიქსირდება არც უძრავი ქონება, არც იჯარით აღებული საოფისე ფართი, სადაც ზემოაღნიშნული ოფისის აღჭურვილობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დადასტურდება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების ეტაპზე წარუდგენია საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ ოფისის ფუნქციონირებისათვის შეძენილი იყო სხვადასხვა სახის საქონელი. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ობიექტური მიზეზების გამო, ოფისი აღარ ქონდა, ხოლო ოფისის საჭირო ინვენტარი დროებით შენახული იქნა, სანამ ახალ ოფისს იქირავებდა კომპანია. იმის გამო, რომ შემოწმების მიმდინარეობის დროს კომპანიას ოფისი არა ჰქონდა აღნიშნული შესყიდვების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლად განხილვა, დღგ-ის ჩათვლების გაუქმება და მოგების გადასახადის დარიცხვა არასამართლიანად მიაჩნია. საჩივრით წარდგენილ ფაქტებზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს არ უმსჯელია და გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად გამეორებულია იგივე დასაბუთება რაც შემოწმების აქტშია აღნიშნული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ ოფისის ფუნქციონირებისათვის შეძენილი იყო სხვადასხვა სახის საქონელი. ობიექტური მიზეზების გამო კომპანიას ოფისი აღარ ჰქონდა, ხოლო ოფისის საჭირო ინვენტარი დროებით იყო შენახული ახალი ოფისის დაქირავებამდე. საჩივრით წარდგენილ ფაქტებზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და ბრძანებაში ფაქტობრივად გამეორებულია იგივე დასაბუთება, რაც შემოწმების აქტშია ასახული.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური 30.01.2023 წლის №1202 ბრძანებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მითითებულია შემდეგი:
შემოწმების პროცესში შემმოწმებლებსა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს შორის ხორციელდებოდა ურთიერთკავშირი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის ფორმირებამდე ეცნობა სადავო საკითხის შესახებ, რაზეც არგუმენტირებული პოზიცია არ წარუდგენია. კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა გადამხდელს კონკრეტულად რომელი ხარჯი აქვს მხედველობაში უცნობია, წარდგენილ საჩივარში აპელირებს საოფისე და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის გაწეულ ხარჯზე დარიცხულ მოგების გადასახადზე.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი დოკუმენტაცია, თუ სად ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. კომპანიის საკუთრებაში არ ფიქსირდება არც უძრავი ქონება, არც იჯარით აღებული საოფისე ფართი, სადაც ზემოაღნიშნული ოფისის აღჭურვილობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დადასტურდება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების ეტაპზე წარუდგენია საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არც ამჯერად წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საბჭოს მიაჩნია რომ ამ ნაწილში მომჩივნის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.