გადაწყვეტილება №20992/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20992/2/2023
21 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------ი (პას/ნ ---------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის (LOKMAN BILEK) 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20992/2/2023).
დავის საგანი:
1. ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომ შესაძლებელი იყო მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა;
2. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №EL213812 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №EL213815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №EL11112/466 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18779 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 31 740,85 ლარი.
20.06.2023 წლის №EL11112/466 საგადასახადო მოთხოვნა - 13 400,44 ლარი.
მათ შორის:
დღგ საბაჟო - 13 340,41
საურავი - 60,03
20.06.2023 წლის №EL213812 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 5 000
20.06.2023 წლის №EL213815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 13 340,41
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
12.06.2023 წელს გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა ----------ის (პასპორტის №--------) მართვის ქვეშ მყოფი, თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული №-----/------ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო №----/---- (11.06.2023) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი საქონელი.
მითითებული სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე -------ი, პ/ნ ---------, პასპორტის №U--------).
ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შეღწევა შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაზიანების გარეშე. გამომდინარე აქედან, განხორციელდა საქონლის დათვალიერებაც. დათვალიერების შედეგად კი აღმოჩნდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა №------- (31.05.2023) ინვოისის შესაბამისი საქონელი – მტვერსასრუტი 260 ცალი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ -------ის მართვის ქვეშ მყოფი ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომ შესაძლებელი იყო მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა, ამასთან ერთად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი ფაქტებზე, 20.06.2023 წელს შედგენილ იქნა №EL213812 და №EL213815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც -------ს (პასპორტის №------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარისა და 13 340.41 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, 20.06.2023 წელს გამოიცა №EL11112/466 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ------ს (ს/ნ -------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 13 340.41 ლარის და საურავი – 60.03 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 166-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272–ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომ შესაძლებელი იყო მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა, ამასთან ერთად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს ვალდებულებას, მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უკანონო განკარგვას. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ №------/----- სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე, №----/---- (11.06.2023) აღრიცხვის მოწმობა დარეგისტრირდა -----ის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისები: №------- 21 31.05.2023, №----- 02.06.2023 და №--------- 05.06.2023; სატრანსპორტო ზედნადები (CMR) №--- 06.06.2023) საფუძველზე. განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა საქონლის დათვალიერების გარეშე. შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობას დაექვემდებარა №---/--- (11.06.2023) აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საქონლის მთლიანი ოდენობა. დათვალიერების შედეგად კი სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა დეკლარირებული საქონლის ნაწილი – 260 ცალი მტვერსასრუტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის მძღოლი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკიდან ტვირთის გადაადგილებას.
ერთ-ერთი გადაზიდვის დროს, ტრაილერის ბორტზე ქ. სტამბოლში 3 სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე დაიტვირთა 3 სხვადასხვა საქონლით როდესაც 2 სხვადასხვა ადგილზე დაიტვირთა და მივიდა მესამე ადგილზე დასატვირთად, დატვირთვის დროს, ჩამოვარდა პადონი ტვირთი დაზიანდა და ამ მესამე ადგილმდებარეობის ტვირთი სულ ჩამოცალეს უკან ვინაიდან ტვირთის პარტია დაზიანდა შესაბამისად წამოვიდა იმ ორ ადგილმდებარეობის ორი სხვადასხვა ტვირთით, მაგრამ ამ ორი ტვირთის დოკუმენტთან ერთად, შერჩა მესამე ადგილმდებარეობის არ წამოღებული ტვირთის დოკუმენტი.
შემოვიდა საქართველოში აღრიცხა, რაც ჰქონდა მანქანაში და წავიდა წითელი ხიდისკენ გონიოს, რომ გამოსცდა პატრულმა ანიშნა ახალსოფელთან მარჯვნივ წასულიყო წავიდა მარჯვნივ, თუმცა შეეშალა გზა და წითელი ხიდის ნაცვლად წავიდა ზემო აჭარაში. არის ცუდი გზა მოხვდა ავარიაში, ავარიაში მოხვედრისას მოსთხოვეს დოკუმენტები.
დოკუმენტების მიცემისას 2 ნამდვილი ტვირთის დოკუმენტებთან ერთად შეცდომით მისცა ჩამოცლილი ადგილმდებარეობის დოკუმენტი, ეს იმიტომ, რომ ყველა დოკუმენტი ერთად ეწყო ბლოკნოტში პატრულმა გამოიძახა საბაჟო, საბაჟომ დააჯარიმა და უთხრა რომ გაესაჩივრებინა.
ასაჩივრებს და ითხოვს არსებულ საქონელზე შედგენილი ჯარიმები კერძოდ №EL213812, №EL213815 და №EL11112/466 ჯარიმები მოეხსნას. შეცდომით 2 ჯერ აქვს გადახდილი №EL213815 ოქმით დაკისრებული ჯარიმა, ითხოვს დაუბრუნდეს ტექნიკური შეცდომა იყო.
ასევე საჩივრის ტექსტში გამორჩა, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან სახელმწიფო საბაჟო სამსახურიდან, თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანო, წარმოადგინა დოკუმენტი რომლითაც თურქეთის საბაჟო სამსახური ამტკიცებს, რომ მესამე ადგილმდებარეობაზე ნახევრად დატვირთული ტვირთი უკან ჩამოცლილია. მხოლოდ დოკუმენტი მესამე ადგილმდებარეობაზე ტვირთის დატვირთვასთან დაკავშირების უბრალოდ ბლოკნოტში ჩარჩა ფარატინა დოკუმენტი.
კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პატრულის მოთხოვნაზე მიეცა დოკუმენტაცია, მანქანაში არსებული ყველა დოკუმენტაცია მისცა, გადაყვა ეს დოკუმენტიც და ამან გამოიწვია გაუგებრობა. არანაირი საქონელი არ ჰქონია არ ჩამოუცლია ან სად უნდა ჩამოეცალა, დალუქული იყო ყველაფერი ავარიის მოხვედრის შემდეგ გაიხსნა ლუქი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე;
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ.
7. დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახდო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 12.06.2023 წელს გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა -----------ის(პასპორტის №------) მართვის ქვეშ მყოფი,თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული №----/---- სატრანსპორტო საშუალება,რომელშიც განთავსებული იყო №---/D90778 (11.06.2023) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი საქონელი.
მითითებული სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ------ი ( პ/ნ ---------, პასპორტის №-------).
ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შეღწევა შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაზიანების გარეშე. გამომდინარე აქედან, განხორციელდა საქონლის დათვალიერებაც. დათვალიერების შედეგად კი აღმოჩნდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა №-------- (31.05.2023) ინვოისის შესაბამისი საქონელი – მტვერსასრუტი 260 ცალი.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შეღწევა შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაზიანების გარეშე და ასევე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა საქონლის დანაკლისი, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომ შესაძლებელი იყო მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა;
2. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
12.06.2023 წელს გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი, თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი საქონელი.აღნიშნული სატვირთო ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შეღწევა შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაზიანების გარეშე. გამომდინარე აქედან, განხორციელდა საქონლის დათვალიერებაც. დათვალიერების შედეგად კი აღმოჩნდა საქონლის დანაკლისი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი ფაქტებზე, 20.06.2023 წელს შედგენილ იქნა №EL213812 და №EL213815 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
ამასთან,20.06.2023 წელს გამოიცა №EL11112/466 საგადასახადო მოთხოვნა,რომლითაც იმპორტის გადასახდელის სახით ასევე დაერიცხა დღგ და საურავი.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შეღწევა შესაძლებელი იყო საბაჟო ლუქის დაზიანების გარეშე და ასევე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა საქონლის დანაკლისი, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272-ე მუხლის პირველი;
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(3); 172;