გადაწყვეტილება №22182/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22182/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---”-ის 7.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22182/2/2024).
დავის საგანი:
1. სატვირთო ავტომანქანების სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებებსა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა;
2. გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №081-343 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1443 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 20 179 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 11 871
დღგ - 5 137
საშემოსავლო გადასახადი - 6 734
ჯარიმა - 5 929
საურავი - 2 379
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა მეორადი დიდი სატვირთო ავტომობილების (ზილის, გაზის და კამაზის ტიპის) იმპორტი ----დან და ადგილობრივად საცალო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 22.04.2021 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 25.12.2023 წლის №32650 ბრძანება და №081-343 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1443 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სატვირთო ავტომანქანების სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებებსა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა სულ 42 ავტომანქანა და აქედან, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა 23. ყველა ავტომანქანის რეალიზაციაზე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადებები (ორი ავტომანქანა შეძენილი ჰქონდა შპს-ს და გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც). შემოწმების მიერ ყველა მყიდველი ფიზიკური პირისაგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შეძენილი ავტომანქანების ღირებულებების შესახებ. მყიდველებმა რამდენიმე შემთხვევაში წერილობით დააფიქსირეს, რომ ავტომანქანაში გადახდილი ჰქონდათ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ თანხაზე მაღალი ფასი. მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ სამეურნეო საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს მეორადი (კონსერვაციის რეჟიმში) ნამყოფი იმპორტირებული სატვირთო ავტომობილების ადგილობრივი საცალო რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ სულ იმპორტირებული იყო 42 ავტომანქანა, რომლიდანაც რეალიზებული იყო 23 ა/მანქანა. შემოწმების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან და მისი მხრიდან მათზე სრულყოფილად იქნა მიწოდებული მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია. მიუხედავად აღნიშნულისა შემმოწმებელთა მიერ ყველა ფიზიკური პირი მყიდველიდან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შეძენილი ა/მანქანის ღირებულების შესახებ, რომლის შესაბამისადაც შემოწმებამ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში (სარეგ.: N2013) ფაქტობრივ გარემოებად, შესაბამისად აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისა და კვალიფიკაციის ნაწილში არასამართლიანად, არაკანონზომიერად, მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ ცალმხრივად მოძიებული ინფორმაციებზე დაყრდნობით, ისე რომ მისთვის არ მიუწოდებია შესაბამისი ინფორმაციები, არ მოუთხოვიათ და არ მიუღიათ მისი განმარტებები და მოსაზრებები, რომლის შესაბამისადაც არ მომხდარა მოსაზრებების ურთიერთშეჯერება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა უგულვებელყოფის შედეგად, ისე რომ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ ფაქტობრივად არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევა, შეფასება და ურთიერთშეჯერება, საგადასახადო შემოწმების აქტში უსაფუძვლოდ დაფიქსირდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი იყო, ისინი პრაქტიკულად შესწავლილი არ იყო სიღრმისეულად და საფუძვლიანად, რომლებზეც ცალმხრივად დაყრდნობის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით მათ მიეცა არამართლზომიერი და არაკანონზომიერი შეფასებები, რაც პრაქტიკულად საზოგადოებაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად უსამართლოდ და არამართლზომიერად გადასახადებისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების დარიცხვის საფუძველი გახდა. კონკრეტულად კი: შემმოწმებელთა მიერ ა/მანქანების მყიდველებიდან გამოთხოვილ ინფორმაციებზე ცალმხრივად დაყრდნობით, შემმოწმებლებმა საგადასახადო შემოწმების აქტში საკითხი N1-ის მიხედვით, ასევე მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი პოზიციის საფუძველზე დაფიქსირეს და შესაბამისი არამართლზომიერი და არაკანონზომიერი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია (იხ. საგადასახადო შემოწმების აქტის გვ. 8): რასაც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით არ დაეთანხმა და შესაბამისად არ გაიზიარა იმ მიზეზთა და გარემოებათა გამო რომ, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნა და თავად შემმოწმებლები საგადასახადო შემოწმების აქტში აფიქსირებენ საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მეორადი (უფრო კონკრეტულად კი ადრეულ წლებში გამოშვებული, ექსპლოატაციაში ყოფილი და შემდგომში ფაქტობრივად კონსერვაციის რეჟიმში ნამყოფი) სატვირთო ავტომობილების საზღვარგარეთიდან (----დან) იმპორტი და მათი საქართველოში საცალო რეალიზაცია.
შესაბამისად აღნიშნულისა - კონკრეტულად იმის გამო რომ, აღნიშნული ავტომობილები კონსერვაციის რეჟიმში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ფაქტობრივად უმოძრაოდ იდგნენ, მათი ტექნიკური მდგომარეობა უძრაობის პირობებში მნიშვნელოვნად ზიანდება (ა/მანქანების უძრაობისა და დგომის პირობებში ფაქტობრივად არ ხდება ა/მანქანის ძრავის ცილინდრების, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის, ავტომანქანის სავალი ნაწილების (წინა და უკანა ხიდების) თვით შეზეთვა, შესაბამისად ცალკეულ საკისრებსა და მოძრავ ნაწილებზე ვითარდება ბუნებრივი კოროზია, რაც ა/მანქანების გარკვეული დროის ექსპლოატაციის შემდგომ ტექნიკურად გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მათს მწყობრიდან გამოსვლას იწვევს), შესაბამისად აღნიშნულისა კონსერვაციის რეჟიმში ნამყოფი ა/მანქანების შესასყიდი და შესაბამისი ფასები გაცილებით დაბალია ვიდრე იგივე მარკის ახალი ავტომანქანებისა.
ყოველივე აღნიშნულის თაობაზე მყიდველები მის მიერ თავიდანვე არიან კონსულტირებულები და გაფრთხილებული, რომ შემდგომში ა/მანქანების ექსპლუატაციის პროცესში, ანდაც კიდევ მათ მიერ არასწორი ექსპლოატაციისა და არასათანადო ტექნიკური მომსახურების გამო, თავი იჩინოს გარკვეულმა პრობლემებმა, რაზეც მათ რეალიზაციის დროს სამომავლოდ არანაირი გარანტიას არ იძლევა! მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულსა, იყო შემთხვევები, როცა მყიდველთა ერთი ნაწილი ა/მანქანების ყიდვიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, მიმართავენ გარკვეული პრეტენზიებით და ითხოვენ უკვე შეძენილი ა/მანქანების შესყიდვის ფასის კორექტირებას (შემცირებას), რაც ცხადია მისი მხრიდან ვერ კმაყოფილდება. შესაბამისად აღნიშნულს მყიდველთა მხრიდან ზოგჯერ მოჰყვებოდა მათი უსაფუძვლო გულისწყრომა და მუქარაც კი იმის თაობაზე რომ, თუ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა მათ მიერ შეძენილი ა/მანქანების შესყიდვის ფასების კორექტირებაზე (შემცირებაზე) და უკან არ დაუბრუნებდა უჩივლებდნენ და შეუქმნიან გარკვეულ პრობლემებს. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღების შემდეგ მის მიერ შემმოწმებლებისაგან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი გაანგარიშება და შესაბამისი ინფორმაცია თუ კონკრეტულად რომელი მყიდველებისგან მიიღეს შემმოწმებლებმა მის მიერ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებულ ა/მანქანებზე მყიდველების მიერ განსხვავებული ფასების გადახდის ინფორმაციები.
შემმოწმებელთა მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის (გაანგარიშების) შესწავლითა და ანალიზით დადგინდა რომ, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ გამოთხოვილი მის მიერ რეალიზებული ა/მანქანების ყველა ფიზიკური მყიდველისგან (21 ფიზიკური პირისგან) მიღებული ინფორმაციით, 4 (ოთხ) შემთხვევაში დაფიქსირდა ფასსხვაობა, რომელმაც მთლიანობაში ჯამში 33681,65 ლარი შეადგინა, მ. შ.:
- 2021 წლის 25 სექტემბერს ფიზიკურ პირ ---ზე რეალიზებულ ა/მანქანაზე -100 ლარი (რაც გარკვეველ ტექნიკურ შეცდომად მიაჩნია);
- 2022 წელის 10 თებერვალს ფიზიკურ პირ ---ზე რეალიზებულ ა/მანქანაზე - 14074,5 ლარი;
- 2022 წელის 23 მაისს ფიზიკურ პირ ---ზე რეალიზებულ ა/მანქანაზე - 8673,4 ლარი;
- 2022 წელის 18 ოქტომბერს ფიზიკურ პირ ---ზე რეალიზებულ ა/მანქანაზე - 10833,75 ლარი.
სწორედ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევას (კონფლიქტს) ჰქონდა ადგილი მყიდველ - ფიზიკურ პირ ---ის შემთხვევაში, როცა ის პირდაპირ დაუპირისპირდა და გააფრთხილა, რომ თუ მის პრეტენზიებს არ დააკმაყოფილებდა გარკვეული თანხის დაბრუნებაზე, შესაბამის სამსახურებში (გულისხმობდა შემოსავლების სამსახურს), შეუქმნიდა შესაბამის პრობლემებს. (როგორც ხედავს აღასრულა კიდეც!) შესაბამისად ყოველივე აღნიშნულისა შემმოწმებლების მიერ შემოწმების მიხედვით დაფიქსირებული ზემო აღნიშნული ბრალდება მყიდველებისგან მიღებული ინფორმაციები, როგორც საჩივრის შესავალში აღნიშნა, მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი იყო, შესაბამისად არ გაიზიარა და როგორც უკვე აღნიშნა 2024 წლის 8 იანვრის საჩივრით (სარეგ.: N1326/21) გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, ამასთან პარალელურ რეჟიმში დაიწყო იმ ფიზიკური პირების მოძებნა და საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებში გარკვევა, თუ მათ მიერ რა ინფორმაციები იქნა მიწოდებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტზე (შემმოწმებლებზე).
პირველი ვინც მოძებნა გახლდათ მყიდველი - ფიზიკური პირი ---ძე, რომელმაც აუხსნა რომ 2023 წლის ზაფხულში (კონკრეტულად ზუსტად არ ახსოვდა) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან მიიღო წერილი, რომლითაც თხოვდნენ მიეწოდებინა წერილობითი ინფორმაცია იმაზე თუ რა თანხა ჰქონდა გადახდილი შპს ----სგან შეძენილ ავტომანქანაზე. რომელმაც განუმარტა რომ, იქედან გამომდინარე რომ ვერ გაერკვა იმაში თუ რაში ჭირდებოდათ მათ აღნიშნული, გარკვეული დროის განმავლობაში თავს იკავებდა რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. რის შემდეგაც რამდენჯერმე დაურეკეს მობილურ ტელეფონზე და დაჟინებით მოთხოვეს ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ფორმით და მათივე ტელეფონზე კარნახით შეადგინა შესაბამისი წერილი და გადაუგზავნა აუდიტის დეპარტამენტს, სადაც პრაქტიკულად მიუთითა ის თანხა რაც მთლიანობაში დაუჯდა მას აღნიშნული ავტომანქანის შესყიდვისა და რემონტის ხარჯების ჩათვლით (ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენა და რემონტი კერძო პირებთან, რომელთა მოძიებაში, შესასყიდი ფასებზე შეთანხმებასა და შესაბამისი თანხების გადახდას შპს ,,---“-ის წარმომადგენელ ---ის მეშვეობით ახდენდა. შესაბამისად აღნიშნულისა ფიზიკური პირი ----ეს ჩამოართვა წერილობითი ახსნა-განმარტება (ნოტარიულად დამოწმებული), სადაც კონკრეტულად (გაშიფრულად) განმარტა, რომ შეძენილ ა/მანქანაზე გადახდილი თანხიდან რა თანხა იყო გადახდილი შპს ----ზე და რა თანხა იყო გადახდილი ფიზიკურ პირებზე რომელთა მოძებნაშიც პრაქტიკულად --- დაეხმარა, აღნიშნული ახსნა-განმარტება შესაბამისი წერილით მტკიცებულების სახით გადაუგზავნა შემოსავლების სამსახურს (სარეგ. ნომერი 5304/21, 15 იანვარი, 2024 წელი. ასლი თან ერთვის, იხ.: დანართი 5).
მოგვიანებით მოძებნა მყიდველი - ფიზიკური პირი ---, რომელმაც ანალოგიურად განმარტა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტზე მის მიერ წარდგენილ ინფორმაციის თაობაზე და მისცა შესაბამისი წერილობითი ახსნა-განმარტება (ნოტარიულად დამოწმებული), რომელიც ასევე გადაუგზავნა შემოსავლების სამსახურს (სარეგ. ნომერი 9038/21, 22 იანვარი, 2024 წელი. ასლი თან ერთვის, იხ.: დანართი 6). აღნიშნული ფიზიკური პირები თავიანთი ახსნა-განმარტებებით ადასტურებენ, რომ შპს- ---ს პრაქტიკულად გადაუხადეს ის თანხები, რაც შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით არის დაფიქსირებული, ხოლო სხვა დანარჩენი თანხები ა/მანქანების რემონტისათვის ---ის დახმარებით მოძიებულ ფიზიკურ პირებს გადაუხადეს, აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ ინფორმაციებში უთითებდნენ იმ თანხებს რაც მთლიანობაში დაუჯდათ შესყიდვის ფასის ჩათვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული დაზუსტებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით მოითხოვა შემოწმებით გაზრდილი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება (შემცირება) და აღნიშნულის კვალობაზე შემოწმებით დამატებით დარიცხული დღგ-ისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა სულ 42 ავტომანქანა და აქედან, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა 23 ავტომანქანა. ყველა ავტომანქანის რეალიზაციაზე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადებები (ორი ავტომანქანა შეძენილი ჰქონდა შპს-ს და გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც).
შემოწმების მიერ ყველა მყიდველი ფიზიკური პირისაგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შეძენილი ავტომანქანების ღირებულებების შესახებ. მყიდველებმა რამდენიმე შემთხვევაში წერილობით დააფიქსირეს, რომ ავტომანქანაში გადახდილი ჰქონდათ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ თანხაზე მაღალი ფასი. მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ავტომანქანების მყიდველი ფიზიკური პირებისაგან გამოთხოვილი და მიღებული (დაფიქსირებული) ინფორმაციის საფუძველზე მოხდა საწარმოს მიერ რეალიზებული და შესაბამისად ამ ფიზიკური პირების მიერ შეძენილი ავტომანქანების ღირებულებების და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ხოლო მომჩივანი ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს დასახელებული არგუმენტების საპირწონე საწინააღმდეგო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რაც შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პარალელურ რეჟიმში შემმოწმებლებს თავი უნდა შეეკავებინათ მათი გაანგარიშებით დაფიქსირებულ „თითქოსდა“ საზოგადოების მიერ მიღებული აღურიცხავი შემოსავალი (33681,55 ლარი), არ უნდა განეხილათ საზოგადოების დირექტორის (საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელის) მიერ მიღებულ ხელფასად, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით რომ, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მომენტისათვის არ გააჩნდა რა შესაბამისი საბრუნავი საშუალებები, აღნიშნული მეორადი ა/მანქანების შესაძენად და იმპორტის განსახორციელებლად, აგრეთვე შესაბამისი საბაჟო გადასახადების გადასახდელად და სხვა ხარჯების დასაფარად, საზოგადოებამ სამეურნეო საქმიანობა პრაქტიკულად დაიწყო დამფუძნებლის (100%-იანი წილის მფლობელის) შენატანების გამოყენებით, რომლებიც ლეგიტიმურად ხორციელდებოდა ყოველ საოპერაციო ჯერზე მოცემული სამეურნეო ოპერაციებისათვის საჭირო სახსრების ფარგლებში დამფუძნებლის გადაწყვეტილების (კრების ოქმის) შესაბამისად და ის საზოგადოების საბუღალტრო მონაცემებში შესაბამის ანგარიშზე (5160/ნ) აისახებოდა საკრედიტო ბრუნვებში, რომლებიც საზოგადოების მიერ იმპორტირებული სატვირთო ა/მანქანების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების კვალობაზე საზოგადოების მიერ სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო სახსრების გამოყენების შემდეგ დარჩენილი თავისუფალი სახსრების ფარგლებში, ასევე დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (კრების ოქმის) საფუძველზე საზოგადოების ანგარიშზე არსებული თავისუფალი სახსრების შესაძლებლობის ფარგლებში პერიოდულად უბრუნდებოდა დამფუძნებელს, რომელიც ასევე ასახულია საზოგადოების საბუღალტრო მონაცემებში ზემოთ აღნიშნულ ანგარიშზე (5160/ნ) სადებეტო ბრუნვებში.
შესაბამისად აღნიშნულისა შესამოწმებელი პერიოდში (1.01.2021 წლიდან - 30.04.2023 წლის ჩათვლით) აღნიშნული ბრუნვის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის დასრულების თარიღისათვის საზოგადოების დირექტორს (საზოგადოების 100%-იანი წილი მფლობელს) უფიქსირდება 387992,4 ლარი საკრედიტო დავალიანება (ამონაწერი საზოგადოების საბრუნავი კაპიტალის შესავსებად განხორციელებული დამატებითი შენატანებისა და დაბრუნებების თაობაზე საზოგადოების საბუღალტრო ჩანაწერებიდან (ანგარიში 5160/ნ) თან ერთვის საჩივარს დანართი N7).
სწორედ აღნიშნულის - საზოგადოების დირექტორის (დამფუძნებლის) ---ის აღნიშნული საკრედიტო დავალიანების გათვალისწინებით, შემოწმებას საზოგადოების დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლად განხილვის ნაცვლად აღნიშნული 33681,55 ლარი უნდა განეხილათ აღნიშნულ საკრედიტო დავალიანების ნაწილის დაფარვად და შესაბამისად თავი შეეკავებინათ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულ ვითარებაში შემოსავლების სამსახურმა მის მიერ წარდგენილი საჩივარი და დამატებითი მტკიცებულებები საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის გამოყენებით განიხილა მის დაუსწრებლად და საჩივარში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების სრული იგნორირებით მიიღო არამართლზომიერი და არაკანონზომიერი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც საჩივარში ზემოთაღწერილ გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია ასევე არამართლზომიერად და არაკანონზომიერად, რომლიდანაც ითხოვს მის გაუქმებას. ამასთან, რწმენას გამოთქვამს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭო მეტი გულისხმიერებით მიუდგება საჩივარში განხილულ ფაქტობრივ გარემოებებს, აგრეთვე მის მიერ მოპოვებულ ნოტარიულად დამოწმებულ მყიდველების ახსნა - განმარტებების და საზოგადოების საბუღალტრო ანგარიშების მიხედვით დაფიქსირებულ მონაცემების გათვალისწინებით, მიიღება კანონზომიერი გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, კომპანიაზე ბიუჯეტის სასარგებლო არამართლზომიერად და არაკანონზომიერად დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დადგენილია, რომ პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის გამოვლინდა სხვაობა, საბჭოს მართებულად მიაჩნია, აღნიშნული სხვაობით მიღებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულად ჩათვლა და შესაბამისად, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. სატვირთო ავტომანქანების სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებებსა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა;
2. გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 22.04.2021 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა მეორადი დიდი სატვირთო ავტომობილების (ზილის, გაზის და კამაზის ტიპის) იმპორტი და ადგილობრივად საცალო რეალიზაცია. შემოწმების მიერ ყველა მყიდველი ფიზიკური პირისაგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შეძენილი ავტომანქანების ღირებულებების შესახებ. მყიდველებმა რამდენიმე შემთხვევაში წერილობით დააფიქსირეს, რომ ავტომანქანაში გადახდილი ჰქონდათ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ თანხაზე მაღალი ფასი. მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159; 163; 164.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.