გადაწყვეტილება №24079/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2024
№ დოკუმენტი 24079/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24079/2/2024

21 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 8.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24079/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.09.2024 წლის №202888348 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 3.10.2024 წლის №21620 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმისა და გამაგრილებელი სასმლის რეალიზაცია (დისტრიბუცია). მომჩივანმა 22.07.2024 წელს განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორის --- ის (პ/ნ --- ) მამა ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც მომჩივანი და მას უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. დირექტორის, პაპა არის სხვა კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ასევე ახორციელებს იდენტურ საქმიანობას და კომპანიას უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის გამო, გადასახადის გადამხდელს 6.09.2024 წლის №202888348 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.10.2024 წლის №21620 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილი ჰქონდა ყველა სახის დოკუმენტაცია. მოხდა საწყობის დათვალიერება და საქმიანობის რეალურობის დადასტურება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. რამდენჯერმე დაბარებული იყო გასაუბრებაზე, თუმცა მათგან რეალური არგუმენტი უარის თაობაზე არ მიუღია, გარდა ერთისა, რომ კომპანიას, რომელიც ოჯახის წევრის საკუთრებაა, უფიქსირდება არაღიარებული დავალიანება, რომელზეც მიმდინარეობს დავა. უკვე რეალიზებულ პროდუქციაზე ანგარიშ-ფაქტურებს სთხოვენ მყიდველები. დიდი ნაწილი აღარ ეთანამშრომლება აღნიშნულის გამო. ასევე, ვერ წარადგენს დეკლარაციებს და ვერ იყენებს ჩათვლის უფლებას. დავალიანების არსებობა გამოიწვევს უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოშობას და დავალიანების იძულებით დაფარვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

3. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3 გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილი ჰქონდა ყველა სახის დოკუმენტაცია.

მოხდა საწყობის დათვალიერება და საქმიანობის რეალურობის დადასტურება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. რამდენჯერმე დაბარებული იყო გასაუბრებაზეც, თუმცა მათგან რეალური არგუმენტი უარის თაობაზე არ მიუღია, გარდა ერთისა, რომ კომპანიას, რომელიც ოჯახის წევრის საკუთრებაა, უფიქსირდება არაღიარებული დავალიანება. რომელზეც მიმდინარეობს დავა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №103178-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ შპს „----“-ის (ს/ნ ---) დირექტორის ----ის (პ/ნ ---), მამა არის ---- (ს/ნ ---), რომელიც ახორციელებს იმავე საქმიანობას რასაც შპს „---“ (ს/ნ ---) და მას ბიუჯეტის წინაშე აქვს საგადასახადო დავალიანება.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ----ის პაპა, --- (პ/ნ ----) არის შპს ----ის (ს/ნ ---) დირექტორი და დამფუძნებელი, რომელიც ასევე ახორციელებს შპს „---“-ის (ს/ნ ---) იდენტურ საქმიანობას, კერძოდ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას და შპს ---ს ბიუჯეტის წინაშე უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. ----მ (პ/ნ----) პირად საუბარში საქმიანობა მოიხსენია, როგორც საოჯახო ბიზნესი.

ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის გამო, რომელიც ადასტურებს ბიუჯეტის წინაშე ----ის მამისა და პაპის შეუსრულებელ ვალდებულებებს და საერთო საქმიანობას რასაც ისინი ეწევიან, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

ზემოაღნიშნული ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად ეთქვა უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმისა და გამაგრილებელი სასმლის რეალიზაცია (დისტრიბუცია). მომჩივანმა განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორის მამა ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც მომჩივანი და მას უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. დირექტორის, პაპა არის სხვა კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ასევე ახორციელებს იდენტურ საქმიანობას და კომპანიას უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის გამო, გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.10.2024 წლის №21620 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად ეთქვა უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, გ.