გადაწყვეტილება №23525/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2024
№ დოკუმენტი 23525/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23525/2/2024

08 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 19.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23525/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება (301.ე);

2. საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა;

3. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის, დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციების მართლზომიერება;

4. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №188477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2024 წლის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №006-125 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება.

 

სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმები: 2400 ლარი.

ჯარიმა - 400 ლარი (მუხ. 279.1)

ჯარიმა - 1000 (მუხ. 279.2)

ჯარიმა - 1000 (მუხ. 279.2)

 

დარიცხული თანხა: 746 691,46 ლარი (1.04.2024 წლის №006-125 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 448 213

დღგ - 192 172

საშემოსავლო გადასახადი - 256 041

ჯარიმა - 210 128

საურავი - 88 350,46

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სარესტორნო მომსახურება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.03.2021 წლიდან, ხოლო 1.11.2021 წლიდან რეგისტრირებულია დღგის გადამხდელად. მომჩივანმა 23.04.2024 წელს, აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №188477, 24.01.2024 წლის №188476 და 21.03.2024 წლის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, ასევე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების 27.03.2024 წლის აქტის საფუძველზე გამოცემული, 1.04.2024 წლის №7073 ბრძანების და №006-125 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანებით, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №188477 და 24.01.2024 წლის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება (301.ე)

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 15 იანვარს, ხოლო 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს - 2024 წლის 14 თებერვალს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 23 აპრილს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „---“ (ს/ნ ----) აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 15 იანვარს, ხოლო 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს - 2024 წლის 14 თებერვალს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 23 აპრილს. ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის 3 მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2024 წლის №77865-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „---ს“ აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №188477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ელექტრონულად გაეგზავნა 18.12.2023 წელს, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონულად გაცნობა დაფიქსირდა 15.01.2024 წელს, მისი გასაჩივრებისთვის საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოიწურა 14.02.2024 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2024 წლის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შპს „---ს“ ელექტრონულად გაეგზავნა 25.01.2024 წელს, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონულად გაცნობა დაფიქსირდა 14.02.2024 წელს, მისი გასაჩივრებისთვის საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოიწურა 15.03.2024 წელს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 23.04.2024 წელს. მომჩივნის წარმომადგენლებს საბჭოს სხდომაზე არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტაცია გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების ნაწილში, მართლზომიერია და არ არსებობს მის გაუქმების საფუძველი.

 

2. საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, 25.01.2024 წლის №21-14/5157 წერილით გადასახადის გადამხდელისგან მოითხოვა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, აღნიშნული წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 14.02.2024 წელს, მომჩივანს მოთხოვნილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია, რაზეც 21.03.2024 წლის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით. მომჩივნის წარმომადგენლებმა საბჭოს სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი მოგვიანებით ჩაერთნენ წარმომადგენლებად და კონკრეტული მიზეზები ინფორმაციის წარუდგენლობის თაობაზე არ დაუსახელებიათ, იმავდროულად ივარაუდეს რომ მსგავსი ინფორმაცია სავარაუდოდ წარდგენილი უნდა ყოფილიყო. მომჩივნის წარმომადგენლების პოზიციის და საჩივარზე დართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ფაქტი არ დასტურდება.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველი.

 

3. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის, დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და არ მომხდარა შემოწმებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას შეძენილი აქვს ჯამში 394 690 ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი ეწეოდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა საზოგადოების მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. არაპირდაპირი მეთოდით ერთ ბოთლ არაალკოჰოლურ სასმელზე გავრცელდა საშუალო აუდირებული ფასი, რომელიც გამოთვლილა საშუალო მენიუს ფასის მიხედვით ერთი ბოთლი სასმელის შეძენის შემთხვევაში. აღნიშნული ანალიზის შედეგად გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 30 აპრილს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად აღნიშნული თარიღის შემდგომ საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვა დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა როგორც გადასახადი ასევე დაეკისრა სანქციები საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 282- ე მუხლის პირველი ნაწილის და 272-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს ჯამში 394 690 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გასწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით.

კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე, გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ, კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი. ერთ ბოთლ არაალკოჰოლურ სასმელზე გავრცელებულ იქნა საშუალო აუდირებული ფასი, რომლიც დათვლილია საშუალო მენიუს ფასის მიხედვით ერთი ბოთლი სასმელის შეძენის შემთხვევაში.

ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დანახარჯები გათვალისწინებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996-ის 31-ე მუხლის (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გამოქვითვა) მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დამატებითი დანახარჯები, რაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დასტურდებოდა დოკუმენტურად.

აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს არასწორად უფიქსირდება დავალიანება 746 691,46 ლარი, რადგან იურიდიულ პირს არასდროს დაურღვევია არცერთი საგადასახადო ვალდებულება. საჩივარში აღნიშნულია, რომ არგუმენტაციის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, როგორც განხილვის პროცესში ასევე შემოსავლების სამსახურში განცხადების სახით. მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №7073 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დოკუმენტაცია განხილვის დროისთვის წარდგენილი იყო ელექტრონულად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არ ცვლიდა შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დანახარჯები გათვალისწინებულ იქნა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გამოქვითვა). მოთხოვნების შესაბამისად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დამატებითი დანახარჯები, რაც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დასტურდებოდა დოკუმენტურად. აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 272-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს არასწორად უფიქსირდება დავალიანება 746 691,46 ლარი, რადგან იურიდიულ პირს არასდროს დაურღვევია არცერთი საგადასახადო ვალდებულება, რის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, როგორც განხილვის პროცესში ასევე შემოსავლების სამსახურში განცხადების სახით. მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11518 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №7073 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. დადგენილია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთი, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივნის განმარტებით, არ დაურღვევია არცერთი საგადასახადო ვალდებულება, რის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, როგორც განხილვის პროცესში ასევე შემოსავლების სამსახურში განცხადების სახით. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება (301.ე);

2. საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა;

3. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის, დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციების მართლზომიერება;

4. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სარესტორნო მომსახურება. გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, ასევე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების 27.03.2024 წლის აქტის საფუძველზე გამოცემული, ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის №11518 ბრძანებით, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის №11518 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ე); 73 (4,5,9); 165; 101; 154; 282; 279 (1,2).