მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში N 1514

1514 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში 13.08.2021
№ დოკუმენტი 1514
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში N 1514

ფაქტობრივი გარემოებები

· მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირმა 2020 წელს 50 000 ლარად გაყიდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეძენილი ჰქონდა 2019 წელს 42 000 ლარად.

· ვარიანტი I საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე

· ვარიანტი II საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თბილისში.

· ორივე ვარიანტში: პირმა წარადგინა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ისარგებლა საგადასახადო შეღავათით 6000 ლარის ოდენობით და მისმა კუთვნილმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 100 ლარი ((50000-42000)-6000)-ის 5%.

შეფასება

· სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი. სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

· ვარიანტი I იმის გათვალისწინებით, რომ აქტივების რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე პირი ისარგებლებს 6000 ლარამდე შეღავათით.

· ვარიანტი II იმის გათვალისწინებით, რომ 6000 ლარიანი შეღავათი ეხება უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით.

ღონისძიებები

· ვარიანტი I პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

· ვარიანტი II პირს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.