ბრძანება N 12086

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2026
№ დოკუმენტი 12086
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12086

03 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ -----) 2026 წლის 5 მაისის №102172/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №072-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის, რომლის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ შეესაბამება პროექტების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევის ადგილს, რეალიზებულად განხილვას. აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართები ფორმირდება მიმწოდებლის მიერ და არ წარმოადგენს საქონლის საბოლოო გამოყენების ადგილს, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება დამოუკიდებელი მიწოდების დასაბუთების საფუძველი. რეალურად, შეძენილი საქონელი სრულად გამოყენებულია სახელმწიფო ტენდერებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, რაც დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შესრულებული სამუშაოების აქტებით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ არაეკონომიკური ხარჯების კლასიფიკაცია არ ასახავს ოპერაციების რეალურ ეკონომიკურ შინაარსს, ასევე ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდები დაკავშირებულია შესრულებულ სამუშაოებთან და მათი ავტომატურად ხელფასად დაკვალიფიცირება არ არის დასაბუთებული. ასევე, განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას სრულად არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ გაწეული ფულადი სახსრების დანახარჯები, რის შედეგად სალაროს დანაკლისი წარმოადგენს არასრული და არასწორი გაანგარიშების შედეგს.

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული გადასახადების, ჯარიმა-საურავების შემცირებას, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი არგუმენტებისა და დოკუმენტების სრულად გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2321 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 აპრილის №7688 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 116 329 ლარი, მათ შორის, გადასახადი 73 230 ლარი, ჯარიმა 38 054 ლარი და საურავი

5 045 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (----- ----- ----- ----) სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემდეგნაირად: სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურების ღირებულებას დაემატა მეწარმე ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე მომსახურების/საქონლის მიწოდებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, მათ შორის, გამოვლინდა საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირების შემთხვევები, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულებებით დადგენილი პირობები, მ.შ ავანსები და მათი განაშთვის პირობები. შესწავლა/ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგის ყოველთვიურ დეკლარაციებში არის დაფიქსირებული. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გაწეული აქვს ხარჯები პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა არასამეწარმეო მიზნებისთვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა, რომ გადამხდელის მხრიდან თანხები გადარიცხულია ფიზიკურ პირებზე დანიშნულების გარეშე. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით ირკვევა, რომ ტენდერების ფარგლებში რამდენიმე ფიზიკურმა პირმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არ არიან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებად, მომსახურება გაუწიეს შპს „-----“-ს, თუმცა გადამხდელს ფ/პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები არ აქვს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში ასახული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 თებერვლის №2031 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 3 თებერვალს ჩატარდა შპს „------ 2015“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგებზე შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას. შემოწმებით გამოვლინდა საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირების შემთხვევები, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნულდან გამომდინარე, შეძენილი საქონელი ჩაითვალა მიწოდებად და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართები ფორმდება მიმწოდებლის მიერ, მყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში მითითებული მისამართი არ წარმოადგენდა საქონლის საბოლოო გამოყენების ადგილს, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო შიდა გადაზიდვის დოკუმენტის საფუძველზე, რაც გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული საბანკო ამონაწერის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა არასამეწარმეო მიზნებისთვის. ასევე დადგინდა, რომ გადამხდელის მხრიდან თანხები გადარიცხულია ფიზიკურ პირებზე დანიშნულების გარეშე. ამასთან, შემოწმებისთვის წარდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით, ტენდერების ფარგლებში რამდენიმე ფიზიკურმა პირმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებად, მომსახურება გაუწიეს შპს „-----“-ს, თუმცა გადამხდელს ფ/პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები არ აქვს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში ასახული. აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 თებერვლის №2031 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგებზე შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია დამატებით ხარჯის დამადასტურებული დოკუმენტები. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებისა და ზედნადებების ურთიერთანალიზის შედეგად, ხარჯის ნაწილში დამატებით გათვალისწინებულ იქნა 59 148 ლარი იმ მასალებზე, რომლებიც გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებით, თუმცა არ ფიქსირდებოდა აღნიშნული საქონლის შეძენა. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან არასამეწარმეო მიზნებისთვის გაწეული ხარჯები, ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აგრეთვე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა გადამხდელს ტენდერების ფარგლებში ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის, რომლის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ შეესაბამება პროექტების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევის ადგილს, რეალიზებულად განხილვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემდეგნაირად: სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურების ღირებულებას დაემატა მეწარმე ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე მომსახურების/საქონლის მიწოდებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, მათ შორის, გამოვლინდა საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირების შემთხვევები, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნული, ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგის ყოველთვიურ დეკლარაციებში არის დაფიქსირებული. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გაწეული აქვს ხარჯები პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა არასამეწარმეო მიზნებისთვის. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა. ესამოწმებელ პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);