N 64 - 27/02/2014 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №64
2014 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირი, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება დანართი №I-151-ით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;
გ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა დამატებით თანხის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენება და პირი ითხოვს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემას მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე;
დ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
ე) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;
ვ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით;
ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება.”;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პირს.“;
დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. №I-15; №I-151; №I-16 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური