გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან (შეძენილია იმაზე გვიან ვიდრე ჩამოწერილია) N 0236
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან N 0236
ფაქტობრივი გარემოებები
•პირმა საანგარიშო პერიოდში ჩამოწერა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შეძენაზეც წარმოადგინა ჩამოწერის შემდგომი თარიღით შედგენილი დოკუმენტი
•ფაქტობრივად დასტურდება ჩამოწერილი (გახარჯული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოყენება (ხარჯი)
•I ვარიანტი: საქმის მასალებით დგინდება, რომ შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებული საქონელი ნამდვილად ჩამოწერილი (გახარჯული) საქონელია
•II ვარიანტი: საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ ჩამოწერილი და შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებული საქონელი ერთი და იგივეა
შეფასება
•I ვარიანტში დასტურდება, რომ ხარჯი გაწეულია (აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე), მაგრამ სახეზეა შეძენის დოკუმენტის დაგვიანებით გამოწერის ფაქტი
•II ვარიანტში გამოქვითულ საქონელთან მიმართებაში სახეზეა შეძენის დოკუმენტის გარეშე ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის ფაქტი;
•დოკუმენტით შეძენილი საქონელი ითვლება იმავე წლის დეკემბრის თვეში რეალიზებულად. ამასთან, პირს ამ დოკუმენტის საფუძველზე აქვს გამოქვითვის უფლება
ღონისძიებები
•I ვარიანტში პირი დაჯარიმდება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის წესის დარღვევისათვის სსკ-ის 291-ე (ძვ. 144-ე) მუხლის შესაბამისად
•II ვარიანტში შეფასებაში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს დასაბეგრი მოგებისა და დღგ-ის ბრუნვის გადაანგარიშება შესაბამისი წლის დეკემბრის თვის მიხედვით და პირს დაერიცხოს კუთვნილი გადასახადები
•II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის შესაბამისად
თუ მიმდინარეობს შემოწმება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წელი არ დასრულებულა მაშინ საქონელი რეალიზებულად ჩაითვლება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით