ბრძანება N 17937
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17937
08 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის: ---) 2025 წლის 9 და 14 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №107320/21 და №110377/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №EL287579 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ შემსყიდველი მხარისთვის შპს ,,---ს“ უნდა მიეწოდებინა ცოცხალი ქათამი. შემსყიდველმა, ცოცხალი ქათმის ტრანსპორტირებისთვის გამოაგზავნა პლასტმასის ყუთები საქართველოში. აღნიშნული ყუთები დროებით შემოვიდა საქართველოში, განთავსდა პროდუქცია ყუთებში, შემდგომ კი, შპს „---ს" მიერ განხორციელდა პლასტმასის ყუთებში განთავსებული ცოცხალი ქათმის რეექსპორტი სომხეთის მიმართულებით. პროდუქტი განთავსებული იყო სპეციალურ მრავალჯერად პლასტმასის ყუთებში, რაც უზრუნველყოფს საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირების წესებისა და სტანდარტების დაცვას, თუმცა ორგანიზაციამ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და დადგენილ ვადაში პლასტმასის ყუთების შემსყიდველისთვის უკან მიწოდებისას, შესაბამის დეკლარაციაში ყუთების მითითება მექანიკურად გამორჩა. მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალი ქათამი და მასთან ერთად გამოყენებული პლასტმასის ყუთები გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან და გადაეცა შემსყიდველ მხარეს. შემსყიდველი მხარის წარმომადგენლის წერილობითი დოკუმენტი ასევე მათ მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, როგორც ცოცხალი ქათმის, ისე აღნიშნული პლასტმასის ყუთების სრულად და დროულად მიღებას. ორგანიზაცია აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ დეკლარაციაში უნდა აესახა საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, თუმცა, ვინაიდან ქათამი წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს, შემჭიდროვებული ვადებია მისი საზღვარზე გადატანისთვის დადგენილი. შესაბამისად, ორგანიზაცია მაქსიმალურად ჩქარობდა, რომ შემსყიდველ მხარეს მიეღო პროდუქცია შეთანხმებულ ვადებში და შესაბამისი ხარისხით. განზრახვას არ ჰქონია ადგილი ან/და საბაჟო წესრიგის მიზანმიმართულ გვერდის ავლას და ორგანიზაციამ გაუცნობიერებლად დაარღვია მხოლოდ ფორმალური მხარე. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და საბაჟო პროცედურა ჩაითვალოს დასრულებულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „---ს“ 2025 წლის 9 ივნისის №ID:--- განცხადების საფუძველზე, №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში მოექცა ფრინველის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ყუთები და დროებით შემოტანის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 12 ივლისამდე. თუმცა, აღნიშნულ ვადაში კომპანიის მიერ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის დასრულების შესაბამისი ღონისძიებები. ვინაიდან შპს „---ს“ მიერ დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განისაზღვრა 3 დღე (2025 წლის 12 ივნისამდე), ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის დასრულების შესაბამისი ღონისძიებები, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,eGez"-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 12 ივნისს შედგენილი №EL287579 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---ს“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურა დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შესაბამისი საბაჟო ფორმალობების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში;
გ) საქონელი განადგურდა ნარჩენების გარეშე;
დ) საქონელი გადაცემულია სახელმწიფოსთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწიანააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად ჩქარობდა, რომ შემსყიდველ მხარეს მიეღო პროდუქცია შეთანხმებულ ვადებში და შესაბამისი ხარისხით. განზრახვას არ ჰქონია ადგილი ან/და საბაჟო წესრიგის მიზანმიმართულ გვერდის ავლას და ორგანიზაციამ გაუცნობიერებლად დაარღვია მხოლოდ ფორმალური მხარე. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და საბაჟო პროცედურა ჩაითვალოს დასრულებულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში მოექცა ფრინველის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ყუთები და დროებით შემოტანის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 12 ივლისამდე. თუმცა, აღნიშნულ ვადაში კომპანიის მიერ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის დასრულების შესაბამისი ღონისძიებები. ვინაიდან მომჩივნის მიერ დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განისაზღვრა 3 დღე (2025 წლის 12 ივნისამდე), ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის დასრულების შესაბამისი ღონისძიებები, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 171 (1).