ბრძანება N 11955

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2023
№ დოკუმენტი 11955
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11955

30.05.2023

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 20 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №78230/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №002-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ იძლევა დარიცხული გადასახადების გამომწვევი დასაბეგრი თანხების ოდენობის კალკულაციის საშუალებას. გაურკვეველია დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა უწყვეტი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში აჭარბებს თუ არა 100 000 ლარიან ზღვარს. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, სესხის და სესხზე დარიცხული პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ სხვადასხვა პირებისგან იზიდავს სახსრებს შემდგომი გასესხების მიზნით. გამსესხებლისთვის თანხების, მათ შორის, საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი უნდა დაექვემდებაროს 5%-ით დაბეგვრას მაშინ, როდესაც საგადასახადო შემოწმების აქტით ვერ ირკვევა შემოსავლების სახეები, რომელიც დაიბეგრა 20%-იანი განაკვეთით. ამასთან, აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საპროცენტო სახით მიღებულ შემოსავალს, რაც უნდა დაიბეგროს წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით და შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში არამართლზომიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16594 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №31998 ბრძანება და ამავე თარიღის №002-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 135 170 ლარი, მათ შორის გადასახადი 802 263 ლარი, ჯარიმა 223 111 ლარი და საურავი 109 796 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საკუთრებაში გადასული ქონება (უმეტესად, მიწის ნაკვეთები) ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან ბინის გირავნობის სანაცვლოდ მისაღები თანხების უზრუნველსაყოფ საგნად. ფიქსირდება შემთხვევები, როცა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი გამოყენებულია რამდენიმე ოპერაციაში. მეწარმეს აღებული აქვს გირავნობის თანხა, გადახდილი აქვს ფიზიკური პირების ბინაში ცხოვრების საფასური და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გირავნობის თანხა დაბრუნებული აქვს მოგირავნისთვის. აღნიშნულის შედეგად მიწის ნაკვეთზე შესრულებულია გამოსყიდვის უფლება და ქონება დაბრუნებული აქვს ი/მ „----------“. შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის ოპერაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით მეწარმეს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა მეწარმის შემოსავალი იმ ოპერაციებზე, რომლებიც დაწყებული იყო შესამოწმებელ პერიოდში და რომელზეც მას მიღებული ჰქონდა თანხები უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ. ხარჯად ჩაითვალა ხელშეკრულების ხანგრძლივობის პროპორციულად ბინის ქირავნობის სანაცვლოდ გადასახდელი თანხები საბაზრო ფასით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ი/მ „----------“ ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით და ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ ხშირად ი/მ „----------“ თვითონ იყო შუმავალი/მინდობილი პირი უძრავი ქონების მფლობელსა და იპოთეკარ პირს შორის. მოგვიანებით, აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, მეწარმე თავის თავთან აფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას იმავე ქონებაზე. ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი და მოგვიანებით სხვა ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასები იდენტურია. უმეტესად ხელშეკრულებები გაფორმებულია ერთ წლამდე ვადით, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვადის გასვლის შემდეგაც ი/მ „----------“ ქონება დღემდე არ გამოუსყიდია და მყიდველმა მოითხოვა გამოსყიდვის ვალდებულების მოხსნა. ფიზიკურ პირებთან გასაუბრებით დგინდება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული პირები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდნენ ----------ში სასწავლებლად ჩამოსულ სტუნდეტებს, რომელთა მიერ გადახდილი ბინის გირავნობის საფასურის უზრუნველყოფა ი/მ „----------“-მ მოახდინა ----------ში და ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთებით. პირები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გადაცემული გირაოს თანხის სანაცვლოდ ი/მ „----------“ თვითონ ახდენდა მათ განთავსებას ----------ში მდებარე ნაქირავებ ბინებში. პირები აღნიშნავენ, რომ ი/მ „----------“ მიმართ გააჩნდათ ნდობა, რადგანაც იცოდნენ, რომ მას ჰქონდა გირაოს თანხის დაბრუნების კეთილსინდისიერი ისტორია, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მათ ი/მ „----------“-თან დაკავშირება და გადაცემული თანხის დაბრუნება ვერ მოახერხეს, რის სანაცვლოდაც განცხადების საფუძველზე, მოითხოვეს ნასყიდობა/გამოსყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული გამოსყიდვის უფლების გაუქმება. (პირები უკმაყოფილო არიან ოპერაციის შედეგით, რადგანაც მათი განმარტებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარეალიზაციო ფასი არ შეესაბამება მათ მიერ გაცემულ თანხებს).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული იქნა მეწარმის შემოსავალი იმ ოპერაციებზე, რომლებიც დაწყებული იყო შესამოწმებელ პერიოდში და რომელზეც მას მიღებული ჰქონდა თანხები უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ. ხარჯად ჩაითვალა ხელშეკრულების ხანგრძლივობის პროპორციულად ბინის ქირავნობის სანაცვლოდ გადასახდელი თანხები საბაზრო ფასით და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის ოპერაციებზე შემოწმებით დარიცხული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ იძლევა დარიცხული გადასახადების გამომწვევი დასაბეგრი თანხების ოდენობის კალკულაციის საშუალებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით და ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ ხშირად თვითონ იყო შუამავალი/მინდობილი პირი უძრავი ქონების მფლობელსა და იპოთეკარ პირს შორის. მოგვიანებით, აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, მეწარმე თავის თავთან აფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას იმავე ქონებაზე. ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი და მოგვიანებით სხვა ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასები იდენტურია. უმეტესად ხელშეკრულებები გაფორმებულია ერთ წლამდე ვადით, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვადის გასვლის შემდეგაც მომჩივანს ქონება დღემდე არ გამოუსყიდია და მყიდველმა მოითხოვა გამოსყიდვის ვალდებულების მოხსნა. ფიზიკურ პირებთან გასაუბრებით დგინდება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული პირები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდნენ სასწავლებლად ჩამოსულ სტუნდეტებს, რომელთა მიერ გადახდილი ბინის გირავნობის საფასურის უზრუნველყოფა მომჩივანმა მოახდინა. პირები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გადაცემული გირაოს თანხის სანაცვლოდ გადამხდელი თვითონ ახდენდა მათ განთავსებას თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ნაქირავებ ბინებში. პირები აღნიშნავენ, რომ გადამხდელის მიმართ გააჩნდათ ნდობა, რადგანაც იცოდნენ, რომ მას ჰქონდა გირაოს თანხის დაბრუნების კეთილსინდისიერი ისტორია, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მათ მომჩივანთან დაკავშირება და გადაცემული თანხის დაბრუნება ვერ მოახერხეს, რის სანაცვლოდაც განცხადების საფუძველზე, მოითხოვეს ნასყიდობა/გამოსყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული გამოსყიდვის უფლების გაუქმება. (პირები უკმაყოფილო არიან ოპერაციის შედეგით, რადგანაც მათი განმარტებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარეალიზაციო ფასი არ შეესაბამება მათ მიერ გაცემულ თანხებს).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 79(„ა“); 80(1); 102(1); 105(1); 159(1„ა“); 163(1); 164(1); 275; 282.