გადაწყვეტილება №22666/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22666/2/2024
04 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 25.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22666/2/2024).
დავის საგანი:
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 მარტის №5383 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 36 950 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 23 927
დღგ - 19 904
საშემოსავლო გადასახადი - 4 023
ჯარიმა - 6 534
საურავი - 6 489
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა ------ში, სოფ. ------ში. გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 16 ივლისამდე პერიოდში მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №797 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 31 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №698 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 110 580 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 23 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-------, რომლის მიხედვითაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 11 058 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 286-ე, მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე, 165-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად მომჩივანი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 23 მარტიდან, გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებით - 110 580 ლარით. ამასთან, დაკორექტირდა 2022 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი, რომელიც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებით განსაზღვრულია 100 527 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პერიოდი) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 110 580 ლარით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №2046 ბრძანება და 6 თებერვლის №063-1 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 950 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 9 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 მარტის №5383 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 286-ე, 165-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 145-ე, 43-ე, 282-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნევს, რომ სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვა, პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/არგუმენტები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, რადგან კამერალური შემოწმებით დაუდგინდა 115 000 ლარის ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული საქონელი იყო ვადაგასული და განადგურებული, რის დამადასტურებლად არსებობენ მოწმეები. მომჩივნისთვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ განადგურების დროს უნდა ჩაეტარებინა რაიმე მოქმედება და ეცნობებინა შემოსავლების სამსახურისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად:
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №698 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე 2022 წლის 23 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გამოვლენილ დანაკლისზე არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვალა მიწოდებად და დაიბეგრა საგადასახადო ორგანოს მიერ, რამაც გამოიწვია მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი, 2022 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი და 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისის ოდენობა, გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, დადგენილი დანაკლისი, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩაითვალა მიწოდებად და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №797 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №698 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლინდა დანაკლისი . აღნიშნულთან დაკავშირებით, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი , რომლის მიხედვითაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 286-ე, მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე, 165-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად მომჩივანი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად , გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი დანაკლისი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №2046 ბრძანება და №063-1 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 950 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №5383 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(2.6); 282(1); 286(9);