საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2654

2654 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა 19.08.2019
№ დოკუმენტი 2654
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2654

ფაქტობრივი გარემოებები

· საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე, პირველ კვარტალში მიღებული შემოსავლის 10% გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

· საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღნიშნულ ოპერაციასთან მიმართებით მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.

შეფასება

· საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მის მიერ 2019 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% უნდა მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს.

· სსკ-ის 97 (2) მუხლის თანახმად, ორგანიზაციის, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: - გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან ან/და არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან... - უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თუ ეს არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან; ამასთან, ამავე კოდექსის 98³ (3.(დ)) მუხლის თანახმად, სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემა მოგების გადასახადით არ იბეგრება.

· ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მიმართვა ითვლება სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემად და არ წარმოშობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.