ბრძანება N 10002

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 10002
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10002

30 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

 

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---ის (ს/ნ ----) 2023 წლის 2 აგვისტოს №82805/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №068-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1732 და 22 ივნისის №14430 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ამასთან წლიური საშემოსავლო გადასახადი შემოწმდა 2020, 2021, 2022 წლის საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ივლისს №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 185 487 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 574 ლარი, ჯარიმა 51 989 ლარი, საურავი 24 923 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25913 ბრძანებით ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25913 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის „ბ“ ქვეპუნქტის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა) ნაწილში, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი უარს ამბობს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე და ითხოვს კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებას, ხოლო წარდგენილი 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით მომჩივანს სამივე წლის ერთობლივ შემოსავალში ასახული და დაბეგრილი აქვს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნით და შესაბამისად, კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ---ში საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტით, სასმელით, სიგარეტით და ასევე, შერეული სოფლის მეურნეობით, რომელსაც აწარმოებს თავად. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 2020-2021 წლების ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 2 თებერვლის №1672 ბრძანების თანახმად, მეწარმესთან ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც დაყოფილ იქნა 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი. აღნიშნული გავრცელებულ იქნა ანალოგიურ კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებულ პროდუქციის ღირებულებაზე და დადგენილ იქნა 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, სხვაობის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელს გათავისუფლებული აქვს აღნიშნული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელს გათავისუფლებული აქვს აღნიშნული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ მეწარმე ვაჭრობს, როგორც შხამქიმიკატებით, ასევე დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რაზეც ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ანუ აღნიშნული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და ასევე ვრცელდება ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ანუ ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. საგადასახადო ორგანომ სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები შეამცირა იმ მოტივით, რომ ასეთი სახის შემოსავალი იყო 200 000 ლარამდე და ხარჯი არ უნდა გამოიქვითოს. თუმცა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლი ადგენს გამონაკლისს შენიშვნის სახით, რომ შესაძლებელია მეწარმემ აღიაროს შემოსავალი და გამოქვითოს ხარჯი აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში ამ ნაწილში საჩივრის არ დაკმაყოფილების მოტივად მითითებულია, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გადასახადის გადამხდელმა შესაძლებელია გამოქვითოს იმ შემთხვევაში, თუ პირი ბეგრავს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ამ სახის შემოსავლები არ აქვს დაბეგრილი, რაც არასწორია და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მეწარმეს 2020 და 2021 წლების ერთობლივ შემოსავალში აღნიშნული სახის შემოსავლები ასახული და დაბეგრილი აქვს.

ამასთან, შემოწმების აქტის დანართის მიხედვითაც კი დასტურდება რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი ემთხვევა წლების მიხედვით ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებულ 18%- ით დასაბეგრი ბრუნვისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის (სოფლის მეურნეობის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის) ჯამს.

მეწარმეს გაწეული აქვს კაპიტალური ხარჯი, რომლის გამოქვითვასაც ითხოვს და აღნიშნულის გამო უარს ამბობს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე, მიღებულ შემოსავალს ასახავს ერთობლივ შემოსავალში, ბეგრავს და იყენებს გამოქვითვის უფლებას.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს ამავე გადაწყვეტილებაში მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივანს შეღავათის გამოყენებაზე უარი არ დაუფიქსირებია. შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია შეღავათი და შესაბამისად, ხარჯი ამოღებულია. ამასთან, მომჩივნის არგუმენტზე აღსანიშნია, რომ დღგ-ის ნაწილში ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაში წლების მიხედვით დეკლარირებული თანხა ასახულია ერთობლივ შემოსავალში წლების მიხედვით. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებულ 2020, 2021 და 2022 წლების ერთობლივ შემოსავალში ასახული და დაბეგრილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების 37-ე გრაფაში ასახულია 0 ლარი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, 37-ე უჯრაში აისახება სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი).

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც მომჩივანი უარს ამბობს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე და ითხოვს კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებას, ხოლო წარდგენილი 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით მომჩივანს სამივე წლის ერთობლივ შემოსავალში ასახული და დაბეგრილი აქვს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. ამდენად, შემოსავლების სამსახურს აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნით და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის გამოქვითვის უფლებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1732 და 22 ივნისის №14430 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ამასთან წლიური საშემოსავლო გადასახადი შემოწმდა 2020, 2021, 2022 წლის საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ივლისს №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 185 487 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 574 ლარი, ჯარიმა 51 989 ლარი, საურავი 24 923 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25913 ბრძანებით მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25913 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის „ბ“ ქვეპუნქტის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა) ნაწილში, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 105; 106; 82.