N 3724-XIIIმს-Xმპ - 16/11/2023 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.11.2023
№ დოკუმენტი 3724-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1074 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საბროკერო კომპანიის, ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ახორციელებს (ახორციელებენ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები).“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2131 მუხლი:

„მუხლი 2131. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განზრახ უკანონო განკარგვა

1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განზრახ უკანონო განკარგვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ, ანგარიშის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ არ არის ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ღირებულება 10 000 ლარის ზევით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,16 ნოემბერი 2023 წ.

N3724-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე